შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცრაზმის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანას უარყოფს

© photo: courtesy of Rustavi2რუსთავი 2-ის შენობა
რუსთავი 2-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ მისი „უტყუარი“ ინფორმაციით, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარებაზეა გადაყვანილი და ტელეკომპანიაში შეჭრა იგეგმება.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik.  „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის განცხადება სპეცდანიშნულების რაზმების ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანის შესახებ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციაა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ 28 ოქტომბერს, ოთხშაბათს საღამოს გაავრცელა. 

 “ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია”– ნათქვამია განცხადებაში 

 სამინისტროს განცხადებით გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.

 „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება.მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“–აცხადებს სამინისტრო.

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა  დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების — „კურიერის“ პირდაპირ ეთერში, გააკეთა განცხადება, რომ  მისი „უტყუარი“ ინფორმაციით, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარებაზეა გადაყვანილი. 

 „ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარებაზე და შესაძლებელია მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება "რუსთავი 2", თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი. მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს და ამ ქვეყნის ღირსეულ და თავისუფალ განვითარებას“ — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 რუსთავი 2–ის დირექტორის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის ტელეკომპანიაში შეჭრის ფორმალური საფუძველი შეიძლება გახდეს მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც ტელეკომპანია არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილება,

 „მოსამართლე ურთმელიძის ყველანარ გადაწყვეტილებას აპრიორი ვიხილავთ როგორც უკანონოს, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგს. რამდენდაც ჩვენ არ დაგვიტოვეს არც ერთი კანონისმიერი შესაძლებლობა, კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას და ამ კომპანიაში არ შემოვუშვებთ იმ პირებს, ვინც ეთერში დატოვებს იმას, რაც უნდა ხელისუფლებას. ეს კომპანია არის ხალხის სამსახურში, სიმართლის სამსახურში", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ასევე დაყადაღებულია შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ქონება, რომელიც „რუსთავი 2“–ის 51%–იან წილს ფლობს. 

 ტელეკომპანიის  წინააღმდეგ სასამართლო პროცესმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას  „რუსთავი 2“-ის  ქონებისა და მისი მფლობელების წილების დაყადაღების შესახებ, ტელეკომპანია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს.  

 

ყველა ახალი ამბავი
0