თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სასულიერო პირებმა და მრევლმა საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს სკოლებში “ჰელოუინის” აღნიშვნის აკრძალვა მოითხოვეს.
ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნის ფესვები ქრისტიანობამდელ ეპოქაში მიდის. კელტთა ტომები წელს 2 ნაწილად — ზამთრად და ზაფხულად ყოფდნენ. 31 ოქტომბერს ისინი გასული წლის ბოლო დღედ თვლიდნენ. ეს წელი ასევე მოსავლის აღების დასასრულსა და ახალი- ზამთრის სეზონის დაწყებას ნიშნავდა. ამ დღიდან კელტთა ტრადიციით, იწყებოდა ზამთარი. ამ ღამეს, კელტთა უძველესი რწმენით, ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყაროების კარები იღებოდა და იმ სამყაროს ბინადარნი მიწაზე ეშვებოდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბრალად დებდნენ განათლების სამინისტროს, რომ ის ინიცირებას უკეთებს და ხელს უწყობს წარმართული დღესასწაულის გამართვას მოსწავლეებს შორის.
„სამინისტროს წარმომადგენლები, კერძოდ რესურს-ცენტრებიდან, მიდიან სკოლებში და თხოვენ ღონისძიებების ჩატარებას ე.წ. ჰელოუინთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ამ დღესასწაულის არსი ყველასათვის ცნობილია, ყოველ შემთხვევაში ცნობილი უნდა იყოს. საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება 2009 წელს ამასთან დაკავშირებით, — განუცხადა ჟურნალისტებს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ თავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს.
განათლების სამინისტროს წინ გამართულ აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. “ჰელოუინი დემონიზმი და უკულტურობაა”, ეწერა მათ პლაკატებზე.
„უკვე რამოდენიმე წელია ჩვენს სკოლებში ცდილობენ დანერგონ ე.წ ხელოუინის დღესასწაული. ეს წარმართული დრესასწაულია, რომელიც კელტებმა დააწესეს უძველეს დროში. იგი შემდეგ აშშ-ში გადავიდა და კვლავ ევროპაში დაბრუნდა“, — განაცხადა წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლოზ ჩხიკვაძემ.
წინამძღვრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული დასავლური კურსი, ქვეყანას დასავლეთის მიერ მოწოდებულ არასწორ ჩვეულებებს ახვევს თავს.