რაჭის გამოქვაბულში თეთრგულიანი ღამურები ბუდობენ

© ლევან ლეფსვერიძესპელეოლოგი იური დავლიანიძე
სპელეოლოგი იური დავლიანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

  ირმა ლეჟავა

 ამ ცოტა ხნის წინ სპელეოლოგ იური დავლიანიძის მიერ მოწყობილმა რამდენიმე კაციანმა ექსპედიციამ რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ზემო ბარში, ულამაზესი კანიონი, კანიონში კი — გაქვავებული ნიჟარები აღმოაჩინა. ამ თემაზე მომზადებულ პუბლიკაციებს საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

 იური დავლიანიძე:

-  ტყიბულიდან ვიდრე შაორის ტბაზე გადავალთ,  ნაქერალას ქედი მდებარეობს. ნაქერალას ქედზე, ერთ-ერთ  ყველაზე ულამაზეს ადგილას, არის  საჯვარის სალოცავი.  აქ ძალიან ბევრი მღვიმეა, მთელი კარსტული მასივი. ვიდრე  ამ მღვიმეებში სიარულს დავიწყებდი,  დიდი ნაწილი აღმოჩენილი იყო. გეოლოგი არ ვარ, ბევრი რამ რომ ვამტკიცო, მაგრამ მე თვითონ, 2000 წელს ორი გამოქვაბული აღმოვაჩინე. 

-  თქვენ სად და რა სახის გამოქვაბულები  აღმოაჩინეთ? 

-  რაჭაში ვიპოვე. ერთს „მურადის გამოქვაბული “დავარქვი, მეორეს — „რაჭა“. პირველი მათგანი მურადი ცნობილაძის დახმარებით ვიპოვე და მისი სახელიც იმიტომ ვუწოდე. იქვე კიდევ რამდენიმე გამოქვაბულია, სადაც ნაღვენთებიც გვხვდება, ჭებიც და დარბაზებიც.  

-  კვირანახევრის წინანდელმა თქვენმა აღმოჩენამ — რაჭის სოფელ ზემო ბარის კანიონში ნაპოვნმა გაქვავებულმა ნიჟარებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარები წავიკითხე და  აღმოჩნდა, რომ გაქვავებული ნიჟარები და თევზები ამ მხარის სხვა ადგილებშიც უნახავთ. ალბათ,  ამ შაბათ-კვირასაც რაიმე ახლის აღმოსაჩენად  ესტუმრეთ რაჭას. ასეა?

-  ამჯერად მე და ჩემს ახალგაზრდა  მეგობრებს ერთ კონკრეტულ გამოქვაბულში გვინდოდა შესვლა. რაც შეეხება გაქვავებულ ნიჟარებს, ამ ამბავზე მეც ბევრმა დამირეკა, მათ შორის — ჟურნალისტმა. თითოეულს კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია აინტერესებდა. ახლაც გავიმეორებ, რომ რაჭა მართლაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას იტევს და ბევრი რამაა გამოსაკვლევი. ამ აღმოჩენით კი, ალბათ, კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ  მილიონობით წლის წინათ აქაურობა ზღვით იყო დაფარული.

გამოქვაბული, სადაც ახლახან ვიყავით, ჩვენ არ აღმოგვიჩენია, თუმცა მეც პირველად ვიყავი იქ.  ახალგაზრდები  იმიტომ წავიყვანე, მინდა, სპელეოლოგიაში ჩემი ცოდნა — რაც მისწავლია, განმიცდია და მინახავს, მათ გადავცე. ამ გამოქვაბულს ძალიან ვიწრო შესასვლელი აღმოაჩნდა, ფაქტობრივად, გვერდულად უნდა შემძვრალიყავი. მაგალითად, ლევან ლეფსვერიძე გაიჭედა, ვერ შევიდა, არადა, მსუქანი არაა. მე შევძვერი.  შესასვლელიდან 10 მეტრის მანძილზე ძირს გავწექით და ფორთხვით ვიარეთ, თან სულ ტალახიანია იქაურობა და გვარიანად დავისვარეთ, მერე კი წამოვდექით და ჩვეულებრივ განვაგრძეთ გზა.

-  ეს გამოქვაბული რით იყო გამორჩეული?

-  კარსტული მღვიმეა, ძალიან ლამაზი, თუმცა არცთუ ბევრი ნაღვენთით — სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით. შიგნით რამდენიმე დარბაზია. სამი საათი მოვანდომეთ მის შემოვლას. 12-14 გრადუსი იყო სითბო, ტენიანობა — 90-95 პროცენტი. შიგნით ძალიან ბევრ ღამურას გადავაწყდით  და იცით, რამ გამაოცა? აქამდე მხოლოდ შავი ღამურები მინახავს, ამათ კი, ყველას თეთრი გული ჰქონდათ. მოკლედ, უჩვეულო ღამურები სახლობენ ამ კარსტულ მღვიმეში.

იმდენად საინტერესოა რაჭა, მისი კვლევა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პერიოდში, ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ისევე, როგორც სხვა  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, დახურეს, შენობა კი გაყიდეს. მახსოვს, კახა ბენდუქიძემ იყიდა. შენობიდან მხოლოდ ერთი ფლიგელი დარჩა, სადაც ბენდუქიძემ სასწავლო ცენტრი გააკეთა. გეოგრაფებს სადღაც რამდენიმე ოთახი გამოუყვეს. ახლა მხოლოდ ენთუზიასტი გეოგრაფები და სპელეოლოგები დავდივართ საკუთარი ხარჯით და ვცდილობთ, ახალგაზრდა თაობა მაინც დავაინტერესოთ —  მომავალში მათ მაინც რომ მიხედონ ამ საგანძურს. 

 კვლევებსა და ექსპედიციებს დაფინანსება სჭირდება. არადა, რამდენ სარგებელს მოუტანს საქართველოს ეს ადგილები, რამდენ ტურისტს მიიზიდავს, რამდენი რაჭველი დაუბრუნდება მშობლიურ კუთხეს, დასაქმდება და იქაურობაც გამოცოცხლდება. ცხადია, თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც განახოციელებენ. ჯერ-ჯერობით კი, რა „გითხრათ, რით გაგახაროთ…“

© ლევან ლეფსვერიძეთეთრგულიანი ღამურა რაჭის გამოქვაბულში
თეთრგულიანი ღამურა რაჭის გამოქვაბულში - Sputnik საქართველო
თეთრგულიანი ღამურა რაჭის გამოქვაბულში

 

 

ყველა ახალი ამბავი
0