რუსუდან პირველი
დაიწყო ლიტერატურული კონკურსი „წერო“, რომლის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია ჯიპისი. კონკურსი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ „წეროს“ორგანიზატორი მაშო სამადაშვილი გვესაუბრება:
— ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ინტერნეტ სივრცეში, lit.ge ვებ-გვერდზე ჩატარდება. პირველ ეტაპზე, საუკეთესო ნაწარმოებებს 7-კაციანი ჟიური დაასახელებს. 19 ნოემბერს გამოქვეყნდება მოკლე სია, რომელსაც შეაფასებს მკითხველი და სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული. მკითხველებს შეუძლიათ ერთხელ მისცენ ხმა თავიანთ ფავორიტს. ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე ექნებათ საშუალება გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. ყველაზე აქტიური მკითხველები ელექტრონული მაღაზია lit.ge-ის ვაუჩერით დასაჩუქრდებიან. მკითხველისთვის სპეციალური პრიზი ფარმაცევტულმა კომპანია ჯი პი სი-მაც დააწესა.
- ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
— ნებისმიერ მსურველს. ამისათვის საჭიროა lit.ge-ს შესაბამის გვერდზე დარეგისტრირება და 22-დან 12 ნოემბრამდე 5-10 გვერდიანი საკონკურსო ნაწარმოების გამოქვეყნება. კონკურსანტმა ნაწარმოებს მცირე ანოტაცია უნდა დაურთოს. აუცილებელია, ავტორის ვინაობა შესაბამის ველში იყოს მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება. კონკურსის მიმდინარეობისას, ავტორის ვინაობა იქნება დაფარული. ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები, რომელიც არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში, ან ინტერნეტ-სივრცეში.
- წინასწარ ცნობილი იქნება თუ არა ჟიურის შემადგენლობა?
— არა, ჟიურის წევრების ვინაობა 19 ნოემბერს გასაჯაროვდება.
— როგორ მოხდება ხმის მიცემა?
— ხმის მიცემა მოხდება lit.ge-ს, ”წეროს“ საკონკურსო გვერდზე. მკითხველებს სამი სახის შეფასება შეუძლიათ — ცუდი, კარგი და ძალიან კარგი.
— დღეისთვის რამდენი მონაწილე დარეგისტრირდა?
— ამ წუთისთვის 73 ნაწარმოებია დარეგისტრირებული.
— რამდენი მონაწილე უნდა შეარჩიოს ჟიურიმ მეორე ეტაპისთვის?
— სავარაუდოდ, 15 ნაწარმოები შეირჩევა.
- „წეროს“ გამარჯვებულები როდის გამოვლინდებიან?
- 11 დეკემბერს, მწერალთა სახლში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან და მათ გადაეცემათ პირველი პრემია — ლიტერატურული პრემია „წერო“და 4000 ლარი, მეორე პრემია 2000 ლარი, მესამე პრემია — 1000 ლარი. სპეციალური პრიზი გადაეცემა ჟიურის რჩეული ნაწარმოების ავტორსაც.
შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის კი საჭიროა lit.ge-ს შესაბამის გვერდზე 12 ნოემბრამდე დარეგისტრირდეთ. გისურვებთ წარმატებას!