ივანიშვილის გატარებული ტრაპაიძემაც გაატარა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე       

  1943 წელს, მოსკოვში, გერმანული იატაკქვეშა ორგანიზაციის განეიტრალებისა და რეზიდენტის დაკავების შემდეგ, ერთ გენერალს უთქვამს – დასანანია, რომ ამის შესახებ ყველაფერი ადრე არ ვიცოდიო. ბუნებრივია, გენერალს იმ წუთში საკუთარი თავი ყველაფერზე მეტად ადარდებდა. ეს ლავრენტი ბერიას პასუხიდანაც კარგად ჩანს: – ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, უბრალოდ, საკუთარი საქმე და ამ ხალხის ბიოგრაფია უნდა გცოდნოდა უფრო კარგადო.  თურმე ნუ იტყვით და არც „ყოვლისშემძლე“ ბერიას სცოდნია ყველაფერი, მაგრამ „შენი საქმისა“ და ვიღაც-ვიღაცების ბიოგრაფიის ცოდნა სახელმწიფოებრივად რომ არის აუცილებელი, ამაში კია მართალი.

 ერთი სიტყვით, ეს ისტორია ამას წინათ, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიით გაცხადებულმა გამახსენა: მარგველაშვილის ბიოგრაფია რომ მცოდნოდა, პრეზიდენტობის კანდიდატად არ დავასახელებდიო. დიანა ტრაპაიძემ ეს ნათქვამი ან ვერ გაიგონა, ან გაიგონა, მაგრამ… აბა, რა იცოდი დალოცვილოო?! – ასეთი შეკითხვა არ გასჩენია. ჟურნალისტების გაზრდა-სწავლებას არ ვაპირებ. ეს იმ ტელევიზიის საზრუნავია და პატრონებმა იდარდონ. მე ისევ განცხადებას დავუბრუნდები.      

 შე კაი დედ–მამის შვილო, ქართველებს რძალი და სიძე არ მოგვყავს სახლში, თუ კუდის რიკამდე არ ჩავყევით მისი ცხოვრების წესისა და ბებია–ბაბუების ზნეობის გარკვევას და ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა, სიძის არჩევაზე ნაკლებად სარისკოა ვითომ?! 

 სხვათაშორის, გეხსომებათ, სანამ „ჩვენ მოვიდოდით აზრზე“, ივანიშვილი უკვე ამბობდა, ეს რა სისულელე ჩავიდინეო. ადამიანის ბიოგრაფია მარტო დაბადებისა და საქმიანობის თარიღი არ არის. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილის ბიოგრაფიაც წაკითხული აქვთ და ბევრი სხვა რამეც, მაგრამ თავის დროზე ისევე გაატარეს ეს ყველაფერი ყურიდან ყურში, როგორც დიანა ტრაპაიძემ გაატარა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი. 

 როგორც სჩანს, მარგველაშვილის ფილოსოფიური ცოდნითა და გემოვნებით ძალზე მოიხიბლა ივანიშვილი და საერთოდ არ უფიქრია, რომ წაკითხული წიგნები და განათლება (მით უფრო პოლიტიკური) ერთმანეთთან ყოველთვის ჰარმონიაში ვერ არიან. მარტო ივანიშვილი არა, მარგველაშვილმა სხვაც ბევრი მოხიბლა მაშინ თავისი სატელევიზიო გამოსვლებით და არავის გახსენებია, მისი ბიოგრაფიის განუყრელი გიგა ბოკერია, ნიკა რურუ და ბოლოს,  „თავისუფლების ინსტიტუტი“ და NDI-ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, სადაც „საზოგადო მოღვაწედ“ დაფრთიანდა და რასთანაც დღემდე არ გაუწყვეტია კავშირი და ურთიერთობა.

 „თავისუფლების ინსტიტუტზე“ ლაპარაკი ახლა აღარც ღირს, რადგან ყველამ კარგად იცის (ივანიშვილის გარდა?!), მისი საქმიანობა ბერიას დროინდელ კომკავშირსაც რომ არ მოლანდებია. აი, NDI სხვა საქმეა! 2014 წლის სექტემბერში თბილისში მყოფმა ამ ორგანიზაციის „ევრაზიული ოფისის“ ხელმძღვანელებმა სიამაყით განაცხადეს: ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოში ჩვენი თანამშრომლების მუშაობითო.

 რატომ არ გვიკვირს ნეტავ?! 

 რატომ და ნებისმიერმა საქმეში ჩახედულმა იცის, რომ პოლიტიკაში ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესი არსებობს და მერე (თუკი ადგილი დარჩა), პარტნიორის და მეგობრის. საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა რამიდან, ამ კონსტექტიდანაც ამოვარდნილია. NDI–ის და ყველაფერზე „ტაბუსმდებელი“ საქართველოს პრეზიდენტის საქმე „ნაცების“ ძველ პოზიციებზე დატოვებაა და სწორედ ამის დასტურია ბოლო „კვლევების“ შედეგად მიღებული ნაციონალების „მზარდი“ რეიტინგი და პრეზიდენტისგან რუსთავი ორის ადვოკატად დადგომის ფაქტი. ამ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, მეგობრობაზე მეტად, იმ ინტერესთა თანხვედრა ამოძრავებთ, მართლა ძირს რომ უთხრის ქართულ პოლიტიკასა და სახელმწიფოს, თორემ სხვა შემთხვევაში, არც ბოკერიასთან ძმაკაცობისა და არც NDI–ში აღებული ხელფასის გამო პასუხი არც არავისთვის მოუთხოვია ვინმეს. 

 ხშირად გაიგონებთ – ივანიშვილი გულწრფელი კაციაო. არც უმაგისობაა და, ალბათ, ასეც არის.

 აღმსარებლები ამბობენ, რომ გულწრფელობას, უფლის წინაშე ცოდვების მონანიებისას მართლა მოაქვს შვება, მაგრამ ბევრი დამამშვიდებელი არაფერია იმაში, ქვეყნის ერთ–ერთი მესვეური სახალხოდ და თუნდაც გულწრფელად რომ იტყვის, ჩემს გამო გყავთ ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც შეიძლება მართლა  ყირაზე დააყენოს ყველაფერიო. 

 მით უმეტეს რა დაგამშვიდებს, როცა „ქართული ოცნების“ კოალიციაში მარგველაშვილი ივანიშვილის ერთად–ერთი „შეცდომა“ არ არის. ამასაც თვითონ ამბობენ, თორემ მე არაფერი მომიგონია.

 ჩემს კოლეგებს მართლა გულწრფელად ვურჩევ, მეტი ყურადრებით უსმინონ სტუდიაში მისულ სტუმრებს. ასეთი „სატოპკის“ ხელიდან გაშვება არ ღირდა.


ყველა ახალი ამბავი
0