თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. „რუსთავი 2“–ში პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობენ, თუმცა, ტელეკომპანიამ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალოს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.
„მე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზიამ არ უნდა იარსებოს. პირიქით, ვფიქრობ რომ „რუსთავი 2“–მა სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. იქ მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულად და კომპეტენტურად ასრულებენ თავიანთ საქმეს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილს ეკუთვნის, ხოლო მოქმედმა პრემიერმა ტელეკომპანია სიცრუეში დაადანაშაულა.