პლანეტა ნომერი- 3234, ანუ ინგლისის დედოფლის ნათლული ,,კლდის ვეფხვი“

© ვიაჩესლავ ონიშენკოდოლომიტის ალპები
დოლომიტის ალპები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად ჩემს მიერ გადარჩენილი მთასვლელების სიცოცხლემირჩევნია-რა უნდაიყოს ამაზე უკეთესი.“- მიხეილ ხერგიანი.

    თამაზ ჩიქვანაია

 არიან ადამიანები, ვისთან შეხვედრაც გინდა თუ არა გათქმევინებს – თქვენი გაცნობა ჩემთვის დიდი პატივიაო. სწორედ ასეთი იყო მიხეილ ხერგიანი. მას 1968 წლის გვიან შემოდგომას შევხვდი. დამშვიდობებისას „დამემუქრა“, გაისად,ზაფხულში, ჩემთან, სვანეთში უნდა წაგიყვანო და მთებით „მოგწამლოო“. იმ „გაისად ზაფხულს“ სვანეთს მართლაც ვესტუმრე, თუმცა… სულ სხვა მიზნით.

 1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე. მას ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ. ხერგიანი ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას ინგლისის დედოფალიც დაესწრო. კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური „ბათინკები“, რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. როდესაც დედოფალმა კლდეზე მცოცავები შეამჩნია, თქვა:  „ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?“ მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს „კლდის ვეფხვი“ სამუდამო სახელად შერჩა. 

© http://archives.gov.ge/ge/page/mixeil-xergiani-80მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი
მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი - Sputnik საქართველო
მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი

„თოვლის ჯიქი“ (თენსინგ ნორგეი) მეგობრობდა „კლდის ვეფხვთან“. ერთხელ ისინი იალბუზზე აპირებდნენ ასვლას. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და თენსინგ ნორგეიმ ასვლაზე უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი ღამით მწვერვალზე ავიდა და საღებავით დააწერა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!“ როდესაც გამოიდარა, „თოვლის ჯიქი“ იალბუზზე ავიდა და მისალმება რომ დაინახა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა…

  იმავე წელს მიშა ხერგიანის ჯგუფმა უშბის ე.წ. სარკის (900-გრადუსით გადმოხრილი გლუვი კედელი) დალაშქვრა გადაწყვიტა. კედლის ბოლო მონაკვეთი, სადაც ე.წ. სარკე მთავრდება, მკვეთრად გადმოხრილია, ვერც გვერდზე გადახვალ და ვერც ქვემოთ ჩახვალ, სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ნაწვიმარი იყო.

 კრიტიკულ მომენტში მიხეილ ხერგიანმა, რომელიც წინ პირველი მიდიოდა, ჯგუფს შესთავაზა, რომ თოკები შეეხსნათ (ისინი ერთი თოკით იყვნენ გადაბმულები. მიხეილის გადმოვარდნის შემთხვევაში, მას ყველა თან გადმოჰყვებოდა). რამდენიმე წუთში მიხეილ ხერგიანმა თითქმის სასწაული მოახდინა და ზემოთ ასვლა შეძლო. მის შემდეგ ეს მარშრუტი არავის გაუვლია და დღემდე მიხეილ ხერგიანის მარშრუტი ჰქვია. წარმატებები, ცხადია, უხაროდა, მაგრამ შეჯიბრიდან დაბრუნებული გულისტკივილით ამბობდა, — როდის იქნება, როგორც ქართველს, ისე რომ გამომაცხადებენ, ახლა სულ იმას ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირიდან ვარო.

 1967 წელს საფრანგეთში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი ტარდებოდა კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმში. ვიაჩესლავ ონიშენკოსა და მიშას წყვილი ყველას აოცებდა. ისინი 4 საათში გადიოდნენ ნებისმიერ რთულ მარშრუტს, რომელსაც სხვები 7-8 საათს ანდომებდნენ. ამიტომ, ადგილობრივი მედიის ინტერესი მათ მიმართ დიდი იყო. მიშას და მის მეწყვილეს საზღვარგარეთ მუდმივად დაჰყვებოდა „კა-გე-ბეს“ თანამშრომელი ევგენი გიპნრეიტერი, რომელსაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლობა ხერგიანთან მეგობრობაში ხელს სულაც არ უშლიდა. მოგვიანებით გიპნრეიტერი იხსენებდა:  

 „როდესაც ტურნირზე საბჭოთა წყვილი გამოიძახეს, ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა, თუმცა მხოლოდ სლავა ონიშენკო გამოვიდა, მიშა არ ჩანდა. გამოაცხადეს მეორედ, მესამედ… გავნერვიულდი,  ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და მოსაძებნად წავედი. იქვე, ახლოს, მიწაზე იჯდა. ქართულად რაღაცას ღიღინებდა და თოკით კვანძებს აკეთებდა. რა ხდება, ხომ კარგად ხართ-მეთქი, მივვარდი. მიშამ მშვიდად ამომხედა და წყნარად მითხრა, შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო. რა უნდა მექნა, ტურნირს ვერ ჩავაგდებდით… ბოლოს, როგორც მიშას სურდა, ისე გამოაცხადეს. ყველა გაკვირვებული იყო,  საქართველო გაგვიგია, მაგრამ სვანი რას ნიშნავსო. მე ვუხსნიდი, რომ სვანეთი საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხეა, სადაც ხერგიანი დაიბადა-მეთქი. საოცარი კაცი იყო. მახსოვს, ინგლისში ლორდებმა თავისთან მიიწვიეს. თავიდან შევფიქრიანდი, გლეხის ოჯახში გაზრდილი კაცია და ეტიკეტს როგორ დაიცავს-მეთქი, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვნახე, როგორ იქცეოდა მიშა მათთან, თავში გამიელვა –ლორდი ლორდთა შორის არის-მეთქი.“

 აღფთროვანებას ვერ მალავდნენ ევროპელები ხერგიანის მიერ უელსში, სნოუდონის კლდეებზე ურთულესი მარშრუტის გავლისას, საფრანგეთში გრანკაპუცინის თუ პტი-დრიუს სარეკორდო ასვლების შემდეგ. 1965 წელს ხერგიანმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელის ტიტული დაიმკვიდრა.

 შემდეგ მწვერვალ სუ-ალტოთი დაინტერესდა. მისი გამორჩეული მარშრუტი ყველა ცნობილი ალპინისტისთვის დიდი ცდუნება იყო. თუმცა ქვების ცვენის გამო მას ბევრი უფრთხოდა. „კლდის ვეფხვმა“ სუ-ალტოზე ასვლა ცალფა თოკით გადაწყვიტა.

 1969 წელს, იტალიაში გამგზავრების წინ, მიშა მთელი ზამთარი ავადმყოფობდა, თუმცა ვიაჩესლავ ონიშჩენკოსთან ერთად რეკორდულ დროში, სამ საათში, ტორევენციის 300 მეტრიან კლდეზე აცოცდა. ექვს საათში დაძლია 700 მეტრი სიმაღლის ბანკოტის კედელი.

 ხერგიანი ფიქრობდა, რომ ცალფა თოკით სუ-ალტოს რეკორდულად მოკლე დროში დალაშქრავდნენ. 1969 წლის 4 ივლისს მიხეილ ხერგიანი და მისი მეწყვილე ვიაჩესლავ ონიშენკო სუ-ალტოზე ასვლას შეუდგნენ.

 დიდი ინტერესის გამო მათ ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. 600 მეტრის გავლის შემდეგ ონიშენკო დაცვაზე იდგა. მიშა ხერგიანი ამ დროს კლდის შიდა კუთხეში ბუნებრივ ღარში იმყოფებოდა, ქვების ცვენაც სწორედ აქ დაიწყო. სამწუხაროდ, ხერგიანს, მანევრირების საშუალება არ მიეცა. ქვების ცვენის დროს – თოკი გადაიჭრა… და „კლდის ვეფხვი“ სუ-ალტოს მოსწყდა…

 მესტიაში ივლისში ჩავედი. ხერგიანების სახლში შესულს ვეფხვის ფეხებზე შემდგარი კუბო დამხვდა. მამამ შვილის უკანასკნელად ნახვა მოისურვა. სწორედ მაშინ შეხსნეს ქამარი, რომელიც მიხეილს სუ-ალტოზე ეკეთა და ამოიღეს გადაჭრილი თოკი, რომლითაც ის იყო დაბმული (ეს ნივთები ახლა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმშია დაცული). ალპინისტურ წრეებში გაჩნდა ეჭვი, რომ მისნაირი მთამსვლელი ასე არ დაიღუპებოდა, რამე ხომ არ მოუწყვესო. ევროპელებს ეჭვი რუსებზე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდა მიშას მეწყვილე —  ვიაჩესლავ ონიშენკო. მას ეუბნებოდნენ – სვანეთში თუ ჩახვალ, მოგკლავენო. ვიაჩესლავ ონიშენკო მიშას მამამ, ბატონმა ბესარიონმა, შვილივით მიიღო სვანეთში…

1969 წლის 8 აგვიტოს ნოვოსიბირსკის მთამსვლელთა კლუბის, „ვერტიკალის“ წევრებმა თურქესტანის ქედზე მდებარე 4960 მეტრი სიმაღლის მწვერვალს მიხეილ ხერგიანის სახელი უწოდეს. 1971 წლიდან თამაშდება მისი სახელობის პრიზი კლდეზე ცოცვაში. მესტიაში გახსნილია ხერგიანის მემორიალური მუზეუმი, რომლის შექმნაში, ოჯახთან ერთად, ყველა მისი მეგობარი ალპინისტი მონაწილეობდა. მას სიმღერა უძღვნა ვლადიმირ ვისოცკიმ, ხოლო პოეტმა ევგენი ევტუშენკომ ლექსი –,,ხერგიანის თოკი“. 1978 წელს  მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტას, ნომრით 3234, მიხეილ ხერგიანის სახელი მიენიჭა.


ყველა ახალი ამბავი
0