თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. უკვე განსაზღვრულია ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშებაზე მეოთხედფინალის მონაწილეები. 1/8 ფინალის საპასუხო მატჩები სამშაბათს 27 ოქტომბერს გაიმართა.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა გორის“დილამ“ გასვლითი მატჩი „ზუგდიდთან“ 1:0 მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჯამური შედეგით. ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გაიტანა. გორში პირველი თამაში „ზუგდიდის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლის დამსახურებით, დასავლეთ საქართველოს გუნდი ¼ ფინალში გავიდა.
მოულოდნელი იყო კიდევ ერთი ორთაბრძოლის შედეგი ბათუმის „დინამომ“ გასვლითი მატჩი „ვით-ჯორჯიასთან“ 2:2 ფრედ დაასრულა მაგრამ წააგო შინ 0:1. „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლის ავტორი კახა კახაბრიშვილი გახდა. სიტუაციის გამოსასწორებლად ბათუმელებს მთელი მეორე ტაიმი ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს.
საქართველოს თასის მფლობელმა „დინამო“ თბილისმა საკმაოდ დიდი დაძაბულობით, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ¼ ფინალში გასვლის პრობლემა. მათ პირველი მატჩი „კოლხეთთან“ თბილისში 0:0 ითამაშეს, ხოლო გასვლითი მატჩი მინიმალური ანგარიშით — მეთორმეტე წუთზე გიორგი ქვილითაიას გოლით მოიგეს.
ყველაზე დიდი ანგარიში ქუთაისში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა „ტორპედომ“ „ჭიათურას“ კარები 6 გოლით აიღო და ორი მატჩის ჯამით 7:1 მოიგო.
საქართველოს თასის 1/8 ფინალი
„ზუგდიდი“ – „დილა“ 0:1 (2:2)
„დინამო“ ბათუმი — „ვიტ-ჯორჯია“ 0:1 (2:3)
„კოლხეთი“ – „დინამო“ თბილისი 0:1 (0:1)
„ტორპედო“ – „ჭიათურა“ 6:1 (7:1)
„ლიახვი“ – „სამტრედია“ 1:4 (1:7)
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 1:1 (2:4)
„სიონი“ – „გურია“ 1:1 (3:1)
1/8 ფინალის ბოლო მატჩი „ჩიხურასა“ და „საპოვნელას“ შორის 28 ოქტომბერს შედგება. პირველ შეხვედრაში „ჩიხურამ“ გასვლით მატჩში 2:0 მოიგო.