თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდ ბერგმანისმა მოსახლეობას ნატურალიზაციის პროცედურების გავლისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან განაცხადა, მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ქვეყანა, ვინაიდან მათ ცუდად იციან ლატვიური ენა.
ლატვიაში 2 მლნ ადამიანი ცხოვრობს. აქედან 250 ათასი არამოქალაქე პირია, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქვეყანაში, მაგრამ მთელი რიგი შეზღუდვები აქვთ დაწესებული. არამოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა — ეს რუსულენოვანი მოსახლეობაა. იმისათვის, რომ პირმა ლატვიის მოქალაქეობა მიიღოს, უნდა გაიაროს ნატურალიზაციის პროცედურა — ჩააბაროს გამოცდა ლატვიურ ენასა და ისტორიაში.
„ჩემი იდეა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის რანგში ემსახურება იმას, რომ ლატვიაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს სურდეს ამ ქვეყნის დაცვა. არამოქალაქეებს ჯერჯერობით არ აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ მათ შეუძლიათ გახდნენ მოქალაქეები. საჭიროების შემთხვევაში ამ ადამიანებს გაუჭირდებათ სახელმწიფოს დაცვა — როგორ დაამყარებენ ისინი ურთიერთონას მათთან, ვისთან ერთადაც მოუწევთ ქვეყნის დაცვა? როგორ წარმოგიდგენიათ სიტუაცია, როცა ბრძოლა მიდის, ადამიანს კი (ლატივურ ენაზე) ურთიერთობა არ შეუძლია? ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მოქალაქე“, — განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ლატვიის არამოქალქე პირებს ეკრძალებათ დაიკავონ თანამდებობები სახელმწიფო უწყებებში და ასევე მონაწილეობა მიიღონ არჩევნებსა და რეფერენდუმებში. არამოქალაქის პასპორტი ლატვიაში იმ ადამიანებმა მიიღეს, რომელთა წინაპრები ქვეყანაში 1940 წლის შემდეგ ჩავიდნენ.