პრეზიდენტმა და ომბუდსმენმა წამების ამსახველ ვიდეოკადრებზე იმსჯელეს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და უჩა ნანუაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ ვგმობთ ძალადობისა და სადიზმის ნებისმიერ ფორმას და ასევე ამგვარი ინფორმაციის ტირაჟირებას, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისი, 27 ოქტომბერი —  Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრისას ძალადობის ამსახველ სკანდალურ ვიდეოკადრებზე იმსჯელეს, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 

ინტერნეტით ორი კვირის მანძილზე ვრცელდებოდა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრები. საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ერთ–ერთ ვიდეოში, რომელიც 2011 წელსაა გადაღებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან დაფიქსირებულნი. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ფაქტობრივად ყოველდღე ვხედათ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს…  მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და აგრეთვე, ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. მე მივმართავ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას, ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით…  — რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებს, ან წარმოებდა სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანია მიცემული პასუხისგებაში იმისათვის, რომ ჩვენში გამყარდეს იმის განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები  სამართლიანად დევნილები არიან“, — განაცხადა პრეზიდენტმა. 

საქართველოს სახალხო დამცველმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აუცილებელია ამ დანაშაულებათა ბოლომდე გამოძიება. 

„საზოგადოებაში არის მოლოდინი. აქამდე წამების არაერთი საქმე უნდა ყოფილიყო გამოძიებული. ამავე დროს უნდა შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ბოლო დროს   ვრცელდება“, — განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა პრეზიდენტთან შეხვდერის შემდეგ. 


ყველა ახალი ამბავი
0