ნინო ცხოიძე
ყველა ადამიანს, ალბათ მეტ-ნაკლებად მაინც, უყვარს საკუთრი ქალაქი. თუმცა, ყველა ფოთელს ჰგონია, რომ არა მხოლოდ აქ დაბადებულს და გაზრდილებს, არამედ მათ შთამომავლებსაც კი - ამ პატარა, ზღვისპირა ქალაქისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნიათ. თუმცა ზოგისთვის იგი მხოლოდ მარტივად, კოღოებთან ასოცირდება და მისი ისტორიული წარსული, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება.
ქალაქის ცნობილი არქიტექტორის, ივანე ლაღიძის ქალიშვილმა, ქალბატონმა ელენემ, მას მამის არქივის გაცნობა შესთავაზა. ფოტოები იმდენად უნიკალური იყო, რომ ირმამ ისინი ფოთის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელს, ქალაქის ისტორიის კარგ მცოდნეს, ირაკლი მოწერელიას, მიუტანა. ირმას ამ ილუსტრაციებით ქალაქის შესახებ წიგნის გამოცემა სწორედ ბატონმა ირაკლიმ შესთავაზა.
ჟურნალისტი ირმა კეკელიძე: ჩემს პროფესიას ვერ შეველეოდი და რადგან უფუნქციოდ დავრჩი, გადავწყვიტე, მუშაობა სულ სხვა პროექტით გამეგრძელებინა და ახალი თაობის ფოთელებისთვის მომეყოლა ის ისტორია, რომელიც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. ბევრი რამ დაწერილა ფოთის შესახებ, მაგრამ ამ ფოტო-მასალის გაცნობისას თავადაც აღმოვაჩინე ბევრი რამ. თავად ივანე ლაღიძის მიერ აშენებული შენობები ქალაქის რკალზე, ანუ მთავარ მოედანზე იგივე სტილს ინარჩუნებს, რითაც გერმანელმა არქიტექტორმა ედმუნდ ფრიკმა უამრავი შენობა ააგო ფოთში. სამწუხაროდ, ბატონი ივანეს ვინაობა ქალაქის არქიტექტურის სამსახურისთვისაც კი უცნობი აღმოჩნდა. ამდენად, ჩვენ მისი ოჯახის დახმარებით მისი სახელი გავაცოცხლეთ და ქალაქს დავუბრუნეთ. ქალბატონი ელენე სათუთად ინახავდა მამის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომელზეც არქიტექტორს თავისივე დაპროექტებული შენობები აღუბეჭდავს.
ვერც ვიოცნებებდი, რომ ამ ფოტოებით წიგნი გამომეცა. მაგრამ ბატონმა ირაკლიმ ეს იდეა შ.პ.ს. „სოფმარის“ (საზღვაო სააგენტოს) დირექტორს, ვახტანგ ალანიას გააცნო. მან კი ამ წიგნის გამოცემა აუცილებლად მიიჩნია და დაფინანსებაც იკისრა.
ასე შეიქმნა წიგნი, ფოტო-მოთხრობა ფოთზე, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულიდან, ანუ ჭაობიდან დღემდე თუ როგორ ვითარდებოდა ქალაქი. როცა ამ პერიოდზე საუბრობენ, ყოველთვის მხოლოდ ნიკო ნიკოლაძის ღვაწლსა და ნავსადგურს გულისხმობენ. მე კი მინდოდა ქალაქი, ნავსადგური და ნიკო ნიკოლაძე ერთ წიგნში გამეერთიანებია. რადგან ეს ერთმანეთისგან განუყოფელი თემებია. ამ წიგნზე მუშაობისას ქალაქის პირველი ფოტოგრაფიც აღმოვაჩინეთ, რომელიც მეფის რუსეთის დროს საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ფოტოგრაფების სიაშიც კი არის. იგი გახლდათ ლეონ იბიანსკი. როგორც გავარკვიეთ, ასაკში შესულმა იბიანსკიმ, თავისი ატელიეს შესყიდვა მის მეგობარ დალაქს, შემდგომში ცნობილ ფოტოგრაფ გვაძაბიას შესთავაზა. ეს სარფიანი საქმიანობა მისმა შვილმაც განაგრძნო, თუმცა სამწუხაროდ, მისმა შვილიშვილმა ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში მამა-პაპის ხელობის ათვისება არ ისურვა. “
ასე შეიქმნა ირმა კეკელიძის პირველი წიგნი „ფოტოობიექტივში აღქმული დრო“. ამის შემდეგ ირმამ საკუთარი ქალაქის წარსულის კვლევა კვლავ განაგრძნო და მკითხველს უკვე ქუჩების განლაგება, რუკების დართვით და მისი დასახელების მნიშვნელობა გააცნო.
ირმა კეკელიძე: „აქ წარმოდგენილია ნიკო ნიკოლაძის დროს შექმნილი პირველი გენგეგმა. ქუჩების ახალი სახელები, ძველი დასახელების აღწერით, წიგნში საკუთარ ისტორიას თავად ჰყვებიან. სწორედ ამიტომაც, დავარქვი მას- „მე ქალაქი". ამ მუშობაში ჩართული იყვნენ ქალაქის არქიტექტურის სამსახური და არქივის დირექტორი, ქეთევან ეფრემიძე. როგორც გაირკვა, საქართველოში ეს პირველი გამოცემაა. ანალოგიური წიგნი თბილისის ქუჩების შესახებაც არ არის შექმნილი."
— ირმა, როგორც ვიცი, ამის შემდეგ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეთ სახელწოდებით "ვარდისფერი ნისლი", რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე "წმინდა ანდრიას ჯვარი" დამფუძნებელი სტუდიის "მეოხის“ "სიგელ-გუჯარით" დაჯილდოვდა. წელს კი ამავე ფესტივალზე წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმისთვის "გულიდან გულამდე", რომელიც მოსკოვში მოღვაწე ცნობილ კარდიოქირურგს, აკადემიკოს ლეო ბოკერიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, სტუდია "მეოხმა" სიგელ-გუჯარითა და მედლით,,წმინდა ანდრიას ჯვარი" დაგაჯილდოვა. როგორ გაჩნდა შენს შემოქმედებაში დოკუმენტური კინოს ჟანრი?
- პირველი ფილმის იდეა “studio ambos” დამფუძნებელმა ვლადიმერ ამბალიამ შემომთავაზა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ფოთის ტელევიზიაში და რაც სატელევიზიო საქმეს ეხება ერთ ენაზე ვსაუბრობთ. მისი უშუალო ინიციატივითა და თანადგომით განვახორციელეთ ეს იდეა. ფილმი, როგორც იცით, ნარკომანიას ეხება. ამით ჩვენ ყველასათვის გასაგები პრობლემა გამოვიტანეთ სააშკარაოზე. რამდენიმე რესპოდენტი საკუთარი ტრაგედიის შესახებ ჰყვება; რაც შეეხება მეორე ფილმს, არც ბატონ ლეოს შესახებ ფილმის შექმნა იყო თავიდან გამიზნული. როგორც იცით, ის ფოთელია და ძალიან უყვარს ჩვენი ქალაქი. შარშან ისევ ბატონ ირაკლი მოწერელიასგან გავიგე, რომ ზაფხულში სტუმრობდა ქალაქს და შემომთავაზა, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა. ასეთ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მოგვიანებით, 75 წლის იუბილე დაემთხვა და როცა მისი ფოთში მოწვევა დაიგეგმა, გადავწყვიტეთ, ფილმი დაგვეხვედრებია.
— თავად ბატონი ლეოს პიროვნებაზე რას გვეტყვით?…
— ბატონ ლეოსთან მუშაობა ნამდვილად უჩვეულო იყო. ესაუბრები მას და საოცარი შეგძნება გიპყრობს, რომ ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. გიჭირს ამის დაჯერება, რომ შენს წინ ბუმბერაზი მეცნიერი ზის და გესაუბრება, ზღვის სანაპიროსაც შენთან ერთად მიუყვება… და რაც მთვარია, ამდენ ქვეყანაში ნამყოფი, სიმპოზიუმებზე ანგარიშგასაწევი აღმოჩენებით არა ერთხელ გამოსული აკადემიკოსი, ყოფნას ნატრობს მხოლოდ ერთ ქალაქში, რომელსაც ფოთი ჰქვია".
შეგახსენებთ, რომ ირმა კეკელიძე ახლა მესამე წიგნზე მუშაობს. ის დოკუმენტურ-მხატვრული ჟანრის იქნება. მასში ჟურნალისტი მოთხრობთ ფოთში მოღვაწე ცნობილ ადამიანებზე. ამავე დროს წიგნი სხვადასხვა პერიოდში ფოთში გამომავალ პერიოდულ გამოცემებსაც გაგვაცნობს.