თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვლის, რომ თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხელისუფლების დამხობის მუხლით შეთქმულებაზე, მხოლოდ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე მოხდა, ეს იმათვე დააზარალებს, ვინც საქმე აღძრა.
შაბათს, საქართველოს შსს-მ განაცხადა რომ დაიწყო გამოძიება ხელისუფლების მიტაცების მიზნით, შეთქმულების თაობაზე, რომელიც მედიის ცნობებს ეყრდნობოდა სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით. იმავე დღეს დაკითხვაზე იქნა დაბარებული საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია.
"დარწმუნებული ვარ, თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს, მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ მიანიშნეთ, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო. თუ სხვა საფუძველი აქვთ, ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია გამოძიება, სასამართლოს წარმართვა იყოს გამჭირვალე და არ დაირღვეს არავისი უფლება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არავის უფლებები არ ირღვევა", — განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, დეპუტატ გიგი წერეთლის მოწოდების პასუხად, რომ დაინტერესებულიყო სიტუაციით სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების გამოძიების თაობაზე.
მანამდე ზოგიერთმა უკრაინულმ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია 22 ოქტომბერს სტამბულის აეროპორტში ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს ექს-მდივნის გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ, სადაც განიხილეს უახლოეს დღეებში, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის მსვლელობისას, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმები.