,,გაზპრომის“ პროექტის პერსპექტივა და ,,რეგვენთა“ სიბეცე

© RIA Novosti . / Тарас Литвиненкоგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამაზ ჩიქვანაია

 დღეს ჩვენთან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს მართავსო. ამას, ძირითადად, წინა ხელისუფლების ღიად და ფარულად მხარდამჭერები და ფეხის ხმას აყოლილი, პროდასავლური ორიენტაციის ბრმად მიმდევრები ყვირიან. ისინი ლოზუნგებსაც შესაბამისს ისვრიან: „ხომ ვამბობდით, რუსული პროექტი მოვიდა ხელისუფლებაშიო“, „აგერ არ არის „სოკარი“, „რად გვინდა რუსული გაზი“… და ა.შ.

 გასაოცარი ხალხი ვართ, (ყოველ შემთხვევაში, იმ მყვირალა ნაწილზე მოგახსენებთ); სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მთელი ენერგეტიკული პოტენციალი იმავე რუსეთს რომ მიჰყიდა, მაშინ რუსეთი იყო სხვა, თუ პროდასავლურ ორიენტაციას სხვა კრიტერიუმები გააჩნდა?!

 აქ პარალელისთვის მინდა გაგახსენოთ, რომ „კავკასიურ ცარცის წრეში“ ერთი შეუმჩნეველი პერსონაჟია, თავად ყაზბეგის მხლებელი,,რეგვენო“. ჰოდა, ამ ტიპის ადამიანებისთვისაც რომ გასაგები იყოს, რა და რატომ ხდება, შევეცდები, მცირე ახსნა-განმარტება შემოგთავაზოთ. 

პირველი: თუკი გაზი გვჭირდება, რატომ არ ვყიდულობთ მას აზერბაიჯანისგან (ანუ „სოკარისგან“)?— იმიტომ, რომ — ჯერ ერთი — „სოკარს“ თავისთვის აღარ ჰყოფნის გაზი და თურქეთთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რომ შეასრულოს, იძულებულია, „გაზპრომისგან“ შეიძინოს; მეორე: სულაც არ მგონია, კარგი იყო, რომ იგივე,,სოკარს“ (შესაბამისად, აზერბაიჯანს) ქვეყნის ენერგომატარებლით მომარაგებაში მონოპოლური უფლებები მივანიჭეთ. ეკონომიკური დამოკიდებულება ძალიან ახლოს დგას პოლიტიკურთან და იმიტომ.

საქართველომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სტრატეგიული როლი სამხრეთ კავკასიაში, რათა ასე ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკის ბობოლებისთვის საინტერესო იყოს. ამასთან, სავარაუდოდ, ენერგობაზარზე მალე გამოჩნდება საკმაოდ მძლავრი და მდიდარი მოვაჭრე ირანის სახით. მისი იაფი გაზის და ნავთობის გასაღების ბაზარიც, ძირითადად, ევროპა უნდა გახდეს. როგორ და საიდან მიაწვდის ბებერ კონტინენტს ირანი თავის რესურსს?— დასავლური მარშრუტი თურქეთთან მწვავე ურთიერთობის გამო გამორიცხულია, რჩება ჩრდილო-დასავლური, ანუ საქართველოს გავლით, სამხრეთ რუსეთის მაგისტრალით ევროპამდე მიყვანა. ირანის გარდა, ამ პროექტით სომხეთი და რუსეთიც უაღრესად დაინტერესებულია. ახლა გეკითხებით: რა ჰქვია იმ ქვეყანას, რომელსაც ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, შეუძლია ჩაშალოს ეს პროექტი ან საკმაოდ კარგი (როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური) დივიდენდები მიიღოს?

 გპასუხობთ: საქართველო! „რეგვენო“, საქართველო ჰქვია! და თუ ჩემი ვარაუდი სწორია, ჩვენი ხელისუფლება სტრატეგიულად უაღრესად გამართლებულ ნაბიჯებს დგამს, რომლის სიკეთესაც ქვეყანა ხვალ და ზეგ აუცილებლად იგრძნობს. რეგვენთა, ახლომხედველებისა და ბრმების საყურადღებოდ კი დავამატებ: შეგიძლიათ მთელი ცხოვრება სხვათა წყევლასა და განქიქებაში გაატაროთ, ან შეგიძლიათ პატარა სანთელი აანთოთ და თავადაც დაინახოთ ის, რის დანახვასაც დიდი ჭკუა-გონება არ სჭირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0