მერაბ ხაჩიძე
კარგა დიდი ხნის ამბავია. „ჭიათურა–თბილისის“ მატარებელში ორმა მთვრალმა და უბილეთო მგზავრმა დასისხლიანებამდე სცემა ვაგონის გამყოლი ისე, რომ ამ უკანასკნელს ხელი არ შეუბრუნებია. ბოლოს, როცა მკვდარი და ცოცხალი აღარ დაუტოვეს, „პასაჟირებიც“ უგინეს და ამის მერე მოხდა, რაც მოხდა! გადარეულმა „პრავადნიკმა“ ისე დაბეგვა ორივე, რომ სასწრაფოს გამოძახება გზაშივე დასჭირდათ თუ მოუწიათ. „…აპა, ჩემი პასაჟირების გინებას, როგორ ვაპატიებდი მაგათო“?! – იძახდა გაწიწმატებული იმერელი. ეს ამბავი თურმე ჭიათურიდან ზესტაფონამდე — დიდი ხანი გრძელდებოდა. ამ სცენის წარმომდგენს, მართლა ძნელია, არ გაგეცინოს, მაგრამ მოდი და გაიგე, ან აუხსენი ვინმეს, ჯერ რა ძალამ მოათმენინა და მერე რამ გააცოფა?! ეს კიდევ არაფერი.
როგორ გინდა გაიგო ის, რომ ქართველი ერთადერთია ქვეყანაზე, რომელიც საკუთარ დედას იგინება, მაგრამ იქით შეგინებისთვის, შეიძლება, მოგკლას. ამას ბევრი დაბალი კულტურით, ზოგიც — ჩვეულებრივი, დაუფიქრებელი სიშტერით ხსნის. ერთიც უბედურებაა და მეორეც, მაგრამ ტრაგიზმი სწორედ ისააა, რომ ამ ამაზრზენ უმსგავსობას „მარტივი და ობიექტური“ ახსნა აქვს. ზოგიერთმა საკუთარი, ეჭვშეუვალი სიმართლე ასეთი ფორმით თუ არ ამტკიცა, სხვაგვარად შეიძლება, არ დაუჯერონ — ისევე, როგორც წარსულში, მთაში მცხოვრებ მამაკაცებს ჩვეოდათ უხეირო დაქადნება:,,დედამაც შემერთოს ცოლადო“…
ასეთ გაუზრდელს დღეს ზოგჯერ ვიღაც ცხვირ–პირს დაამტვრევს და ის კი გაკვირვებულია – ნეტავ, რა დავაშავეო?! დიახაც რომ ზოგჯერ და არა ყოველთვის, თორემ სხვაგვარად, ეს საზოგადოდ შეურაცხმყოფელი ფრაზა ფესვს ასე ღრმად ვერ გაიდგამდა. ისევე, როგორც ფესვს ვერ გაიდგამდა ბევრი რამ და მათ შორის, ყველა მხრიდან მოზღვავებული ის უტიფრობაც, წალეკვით რომ გვემუქრება. ჰოდა, როგორ გინდა, რომ რაიმე გაუგო ასეთი აღმა-დაღმა და წამა-უკუღმა აზროვნების ხალხს, რომელსაც ხშირად დიდი მოთმინების თანდაყოლილი თვისებაც ღალატობს და ვეღარ არკვევს, რა ითმინოს და რა არა.
ყველას გვახსოვს 2012 წლის არჩევნებისას ის ავადსახსენებელი „ციხის კადრები“. მათ თავისი როლი ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ არა ძირითადი, როგორც ამის ასე შემოსაღებას ამ ბოლო დროს ცდილობს და აპირებს ბევრი ვინმე. თუკი ასეა, მაშინ რაც დღეს სოციალურ ქსელში უბედურება ვრცელდება, იმის ნახვის შემდეგ, არც ერთი „ნაცი“ ცოცხალი აღარ უნდა დადიოდეს. მით უფრო, რომ მაშინდელი კადრები არც ამდენი და არც ასე საჯარო იყო, როგორიც დღესაა. ის კი არადა, აქეთ იმუქრებიან, ილანძღებიან და მათ,,გასაპრავებლად“ კონცერტებსაც გვიმართავენ.
ვგრძნობ, რომ ამ დღეებში ნანახ კადრებზე კიდევ უფრო უარესს ვიხილავთ და მაშინაც „სახალხო მრისხანება“ და პროტესტი სოციალურ ქსელს არ გასცდება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ვითარებს ასეთი პირი უჩანს.
ამ იმედით ვიყოთ და გული დავიმშვიდოთ, რომ ხალხი ყველაფერთან ერთად ამასაც მოინელებს? რაც მართალია, მართალია! ქვეყანა ბომბზე ზის. ვისაც არ უნდა, ნუ დამეთანხმება, მაგრამ ათასჯერ ვიტყვი, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილმა იხსნა და მას „წმინდა ბართლომეს ღამე“ ააცილა! აღსრულებული სამართლის მომლოდინე საზოგადოება თავის ლიდერს გაჰყვა და „ნაცები“ ქუჩაში ანგარიშსწორებას გადაურჩნენ. ბუნებრივია, „ნაცებიც“ ქართველები არიან და ვერ ხვდებიან, დღეს როგორი ცეცხლთან თამაშია მათგან ხალხისთვის წარამარა იმის შეხსენება, რომ ხელისუფლება დანაპირებს არ გისრულებთო. ივანიშვილის მთავრობას ისე აქვს „სახელი გატეხილი“, რომ მათგან წინა ხელისუფლების სამართლიანად დასჯის დიდი იმედი და ილუზია უკვე არავის აქვს.
ამას წინთ სოციალურ ქსელში ვიღაცამ იკითხა: – რას ითმენს ეს ხალხი, რასაც ვუყურებთ, იმაზე მეტი უბედურება რაღა უნდა მოხდესო?! ქართველებს რას გაუგებ. რაღა დაგიმალოთ და ამ დღეების საქართველო ძალიან მაგონებს „ჭითურა–თბილისის“ მატარებელში ორი სულელისაგან მაგრად ნაცემ „პრავადნიკს“, ოღონდ – „პასაჟირების“ შეგინებამდე. ისე, კარგად რომ დაუფიქრდეთ, არა მგონია, რომ ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ…