გოგი გელოვანი – მსახიობი, ლოტბარი, მეგობრობის ეტალონი

© ოჯახის არქივიდანმსახიობი გოგი გელოვანი
მსახიობი გოგი გელოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  ვახტანგ კობაიძე

 არიან ადამიანები, რომლებიც შენს გვერდით იმყოფებიან, შეუმჩნევლად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ისე, რომ სხვები არ შეწუხდნენ და „რასაც აკეთებენ – ლაზათიანად აკეთებენ“. მათგან მხოლოდ სითბო და დადებითი აურა მოდის, მათი კრედო და იდეა-ფიქსი სამშობლოსა და თვისტომის სიყვარულია. ასეთი კაცების კატეგორიას მიეკუთვნებოდა გოგი გელოვანი, რომლის გვერდით ათეული წლები გავატარე. არცაა გასაკვირი, ჩვენ ხომ ნათელმირონობა გვაკავშირებდა – მისი დეიდა თინა ჟორდანია და ბიძა გოგი გუგუშვილი ჩემი ნათლიები იყვნენ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის, პირველ რიგში, სიკეთის თესვა, მოყვასის პატივისცემა და უანგარო მეგობრობა.

 გოგი გელოვანი — მსახიობი.

 მარჯანიშვილის თეატრი მისი მეორე სახლი და ოჯახი იყო. არ მახსენდება, სცენაზე თუ კინოში უარყოფითი როლი ეთამაშოს. კარგი გარეგნობა და ფიზიკური აღნაგობა, მუდამ მოღიმარი ცისფერი თვალები და შინაგანი სისუფთავე – დიდ თუ პატარა როლში რეჟისორები მასში მხოლოდ დადებით ტიპაჟს ხედავდნენ. ასეთი იყო თეატრში ბიჭიკო (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გრაფი კენტი (შილერის „მარიამ სტიუარტი“), ლევან ბატონიშვილი (გოთუას „მეფე ერეკლე), მამია ოდიშელი („გრაალის მცველნი“), კინოში: გირშელ ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“), თომა („წიგნი ფიცისა“), კოსტა ზარანდია („დათა თუთაშხია“) და სხვა. ყველას ვერ ჩამოვთვლი. თეატრში ისეთი კორიფეების გვერდით მოუხდა ყოფნა და მოღვაწეობა, როგორებიც იყვნენ: შალვა ღამბაშიძე და ვასო გოძიაშვილი, აკაკი კვანტალიანი და სანდრო ჟორჟოლიანი, გიორგი შავგულიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი. მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია.

 გოგი გელოვანი —ლოტბარი.

 მას თანდაყოლილი მუსიკალური ნიჭი, კარგი ხმა, სიმღერისა და განსაკუთრებით — ქართული ფოლკლორის საოცარი სიყვარული ჰქონდა. ამიტომაც მსახიობობის პარალელურად ლოტბარის პროფესიასაც დაეუფლა. სპექტაკლები, სადაც კი სიმღერა იყო, გოგი გელოვანის ჩარევის გარეშე არ იდგმებოდა. მან შექმნა თავისი სანოტო სისტემა, რაღაც იეროგლიფებით და ალფაბეტის მეშვეობით. ყველა სიმღერას თავისებურად ამუშავებდა. ამ სისტემით აამღერა მთელი მარჯანიშვილის თეატრი, ისეთებიც კი, ვისაც ცხოვრებაში არ უმღერია. სიმღერის სხვადასხვა ვარიანტებს ეძებდა, შემდეგ ასწავლიდა და დღეს თუ მსახიობები მღერიან, ეს გოგი გელოვანის დამსახურებაა.

 გოგი გელოვანი მეგობრობის ეტალონი.

 ქართული ტრადიციები, სუფრის წესები, სიმღერა და ქართული სულიერება — ეს იყო მისი სამყარო. მატერიალური მხარე მისთვის არაფერს წარმოადგენდა. მეგობრობაზე თავდადებულ ადამიანს ძმაბიჭებიც თავისნაირი ჰყავდა, მისი ტოლ-სწორნი, მასზე უფროსებიც და უმცროსებიც, თეატრში თუ თეატრს გარეთ. სამაგალითო სამეგობრო ჰყავდა: ცნობილი ექიმები — ლევან ჭაჭიაშვილი და „წოპე“ — ვახტანგ ხურციძე, მხატვარი —ზურაბ ლეჟავა, ჟურნალისტები — ბიჭიკო ქორქია და ნოდარ გუგუშვილი, დოდო აბაშიძე სულაც მისი კლასელი იყო. ძირძველმა ვერელებმა მთელი ცხოვრება ერთად განვლეს. მათი მეგობრობა მარტო ლიტონი სიტყვები არ იყო, ისინი მართლაც ერთმანეთის ლხინით და ჭირ-ვარამით, ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გოგი გელოვანი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ძმაკაცური სიყვარული წლების განმავლობაში სიკვდილამდე ატარო.

 ის 10 წლის წინ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, წავიდა ნამდვილი ერისკაცი, ანდერძად კი მოყვასის და სამშობლოს სიყვარული დაგვიტოვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0