მერაბ ხაჩიძე
როგორ გინდა ახლა, ადგე პატიოსანი კაცი, ქიბარ ხალვაშს ფეხებში ჩაუვარდე და უთხრა, დაანებე თავი მაგ საქმეს, თორემ მტრისას იყოს, ჩვენ რომ ამბავი გველოდებაო! როცა არჩევანი სამართალსა და სახელმწრიფოებრიობას შორის დგას, ნაბიჯი სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა გადაიდგასო – გვითხრა დათო ტურაშვილმა. სახელმწიფოს საფუძველი ხომ თვითონ სამართალიაო? – ამას ტყუილად იკითხავს ვინმე, რადგან „ცის დანიშნული და ერის გაზრდილი“ პოეტისა და მწერლის „რკინის ლოგიკასთან“ იურიდიული არგუმენტი რა მოსატანია?!…
ეკონომისტები უფრო შორს მიდიან. საკმარისია,,,რუსთავი —2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდეს, ევროპა ისეთ ეკონომიკურ სანქციებს დაგვადებს, რომ წელში გადავტყდებითო, – სულ მთლად დაგვზაფრა რომან გოცირიძემ.,,რუსთავი —2“ რომ „ქართული დემოკრატიის მამა“ იყო, ეს ზოგს გვჯეროდა და ზოგს არა, მაგრამ შინ პურის მომტანი მშობელივითაც რომ უნდა მყვარებოდა, მე პირადად ახლა გავიგე.
ჰოდა, იქნებ მართლა ხალვაშისაა ეგ ტელევიზიაო?! – ამის მერე რა სინდისით ჰკითხავ ადამიანი გოცირიძეს?! ეს ხალხი „დიდი ავტორიტეტის მატარებელია“, მაგრამ მაინც არაოფიციალურ მხარეს წარმოადგენენ და თვალი ამ თემაზე პრეზიდენტის გამოსვლისკენაც გაგვექცა. რა გვექნა, აბა, მშვიდად ძილი ხომ გვინდა ხანდახან. მშვიდად ძილი ალბათ კიდევ კაი ხანს არ გვიწერია. ჩვენშიაც კი — სადაც ნათქვამზე კაცი არ აგებს პასუხს, ასეთი „სერიოზული პოლიტიკური აზროვნების“ შედევრი, ბევრი არ არის.
„მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რათა შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილიურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში".
არაა! მართლა მაგრად გვძინავს რა…
პირველი რაც გავიფიქრე, ესაა: ამის მთქმელი, ჩვენი „დამპურებელი“ ევროპის რომელიმე სახელმწიფოს პრეზიდენტი რომ იყოს, სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლისათვის, რა სასჯელით მოხვდებოდა ბრალდებულის სკამზე?! ასეთ პრეზიდენტს ამომრჩეველი რომ შეაგინო, სულ ცოტა ნახევარი საქართველო უნდა გაიმეტო ადამიანმა, მაგრამ მის პრეზიდენტად წამომყენებელსა და საზოგადოებისათვის შემთავაზებელს ხომ ეკუთვნის ერთი–ორი „თბილი“ სიტყვა?!
ჩვენო ბატონო იმანო, წაკითხული წიგნი და განათლება ადეკვატური და მით უფრო, სინონიმი მცნებები არ გახლავთ, და არც ამ დონეზე დაშვებული (ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად საბედისწერო) შეცდომის აღიარებაა დიდი შვება და ნირვანა. ხალხის მოთხოვნის მიმართ ოპოზიციაში მყოფი, პოლიტიკურად უვიცი, საქმეში ჩაუხედავი და ანტაგონისტური განწყობის პრეზიდენტი, მხოლოდ ზედმეტად არასერიოზული პოლიტიკის მქონე ქვეყნის სახელს გვიმკვიდრებს და მერე გვიკვირს, რატომ ერევა ჩვენს საქმეში ყველა „დედადაკარგული“. ისიც საკითხავია, რამდენად თანაბარ პარტნიორად აღიქვამს საქართველოს ჩვენთან „მოთამაშე ევროპა“, ის ევროპა, რომლისთვისაც (როგორ არ გავიცინოთ) "რუსთავი 2"-ია ქვეყანაში დემოკრატიისა, ხოლო მის გარეთ, სრულყოფილი პოლიტიკური ურთიერთობების გარანტი.