თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე ექსტრემიზმის თავიდან აცილების კუთხით, განაცხადა „ცივილიზაციათა ალიანსის“ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ნასირ ან–ნასერმა.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ალიანსს შორის ურთიერთობის გამტკიცებისათვის, მისი მოსკოვში ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია. „ჩვენ ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე ექსტრემიზმთან ბრძოლის კუთხით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „დღეს მსოფლიოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის უპრეცედენტო დონეა, რასაც, პირველ რიგში, ახალგაზრდობა ეწირება“.
ლავროვმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს რუსეთისა და გაეროს „ცივილიზაციათა ალიანსის“ ურთიერთობას. მისი განმარტებით, რუსეთი კვლავ გააგრძელებს და თავის წვლილს შეიტანს ალიანსის წინაშე მდგარი ამოცანების რეალიზაციაში.
„ცივილიზაციათა ალიანსი“ – მოძრაობა, რომელიც 2005 წელს გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის ინიციატივითა და თურქეთისა და ესპანეთის პრემიერ–მინისტრების მონაწილეობით შეიქმნა, სარგებლობს სტატუსით „ გაეროს გენერალური მდივნის პოლიტიკური ინიციატივები“. მისი მიზანია კულტურათშორისი დიალოგის მხარდაჭერა როგორც სამთავრობო, ისე საზოგადოებრივ დონეზე.