ნინო ცხოიძე
აზერბაიჯანელი კინორეჟისორი, რომლის ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიამოვნებით უყურებენ და მაღალ შეფასებასაც აძლევენ, საქართველოში პირველად რომ ჩამოვიდა, მხოლოდ 6 წლის იყო. მაგრამ იმ პირველი ვიზიტის სითბო გულში ღრმად ჩარჩენია და დღემდე ახსოვს.
სტუდია „მეოხმა“ მის შესახებ ქართველი რეჟისორისაგან შეიტყო, რომელიც აზერბაიჯენელ კოლეგასთან, პროდუსერის რანგში თანამშრომლობდა და მუსულმანი ოქტაი მირ კასიმის მოპატიჟება მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე სწორედ ასე მოხდა. „თავიდან ვიფიქრე, ხომ არ ეშლებათ რამეო. მაგრამ მერე რომ გავაანალიზე ჩემი საქმიანობა, დავრწმუნდი, რომ ეს ფესტივალი მართლაც მიესადაგება იმ მორალურ და საერთო ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, რასაც მე ჩემს ფილმებში წარმოვაჩენ“- თქვა ოქტაი მირ კასიმმა ფესტივალის „წმინდა ანდრიას ჯვარი“ს გახსნაზე.
ფილმი „წერილები წარსულიდან“ ერთი კონკრეტული გმირის ცხოვრების, თავგადასავლის და შურისძიების სურვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის შვილიშვილს დაქორწინებას გადაადებინებს და აზერბაიჯანში, თავის დიდი ხნის მეგობართან დავალებით აგზავნის. ახალგაზრდა გერმანელი იძულებულია ბაბუის წერილები ატრესატებამდე მიიტანოს და მისი დანაბარები ბოლომდე შეასრულოს, რის გამოც, აზერბაიჯანში შემდგარი შეხვედრის შემდეგ, გზის გაგრძელება საქართველოში უწევს.
თუ აზერბაიჯანში იგი ბაბუის მეგობარს და მისი წინაპრების სახლს, ასევე, ბებიის საფლავს გაეცნო, საქართველოში კიდევ ერთი გერმანელი უნდა იპოვოს, რომ ბაბუის თხოვნა შეასრულოს და ცუდ ადამიანს სახეში შეაფურთხოს. ორივე დავალების შესასრულებლად მას რთული გზის გავლა უწევს. მაგრამ როცა სვანეთის მაღლმთიან სოფელში, ბაბუის მიერ გამყიდველად მიჩნეულ არაკაცს, დაჯაბნულს და დაბეჩავებულს იპოვის, მას შურისძიების აღსრულების ნაცვლად, თანადგობის და მიტევების სურვილი იპყრობს.
ამ მოკლე შინაარსში ძნელია ფილმის ღირსებებზე სრულად საუბარი. მაგრამ საერთაშორისო ფესტივალის „წმინდა ანდრიას ჯვარი“, რომელიც თბილისში მეათედ 18-22 ოქტომბერს ჩატარდა, ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ოქაი მირ კასიმის ფილმს „წერილები წარსულიდან“ მთავარი პრიზი ერგო. ხოლო ფილმის ოპერატორი, აზერბაიჯანელი ნიკოლაი ივასინი, მხატვარი ვაჟა ჯალაღანია და მთავარი გმირის შემსრულებელი, გერმანელი მსახიობი ბერეხ ირერბახი მედლებით „წმინდა ანდრიას ჯვარი“ დაჯილდოვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ოქტაისთვის ეს არ ყოფილა პირველი პრიზი ამ ფილმისათვის. მან მაინც დიდ პატივად ჩათვალა მართლმადიდებლურ ფესტივალზე მუსულმანი რეჟისორის მიერ შექმნილი ფილმის ასეთი წარმატება. იგი, ასევე, აღფრთოვანებული დარჩა, ქართველი მაყურებლისა და ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან გამოჩენილი ყურადღებით, სითბოთი და მასპინძლობით. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ბატონ ოქტაის ექსკლუზიური ინტერვიუ ვთხოვე.
ჩემს შეკითხვაზე, მიუხედავად მაყურებლის რეაქციისა დარბაზში, ელოდით თუ არა, მთავარ პრიზს, ბატონმა ოქტაიმ, პირველ რიგში, საუბარი იმით დაიწყო, თუ როგორ ამცნო ეს წარმატება მან აზერბაიჯანში თავის მეუღლეს და ქალიშვილს. რეჟისორის შვილი მთავარი როლის შემსრულებლის თარჯიმნად გვევლინება და ურთულეს გზას აზერბაიჯანიდან თოვლიან მაღალ სვანეთამდე თავადაც გადის.
„ყველანაირი ჯილდო, რომელიც გაიცემა სხვადასხვა შეჯიბრებებზე, ძალიან კარგია. მაგრამ კინემატოგრაფიული პრიზის მიღება პლანეტის ერთ ერთი ყველაზე კაშკაშა ქვეყნის კინომატოგრაფიულ ფესტივალზე, ეს განსაკუთრებული პატივია. ხოლო რაც შეეხება პლანეტისა გამორჩეულად კაშკაშა კუთხეს, საქართველო რომ ასეთი მხარეა, ამას მე 6 წლის ასაკში მივხვდი, როცა მშობლებთან და ძმასთან ერთად ვეწვიე საქართველოს. მას შემდეგ სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩა და ამით, მგონი, უფრო მეტად ბედნიერი ვიყავი.
რაც შეეხება ფესტივალს, შესაძლოა, ვისმესთვის გასაკვირი იყო ამ ფილმის მონაწილეობა. მაგრამ თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველანი ადამის და ევას შვილები ვართ. მაშინ ჩვენ ყველანი ნათესავები ვყოფილვართ. ჩვენ არც თევზები ვართ, არც წყალი, არც ქვა. ჩვენ ადამიანები ვართ და ამ შემთხვევაში, ჩვენ განსხვავებები კი არ უნდა ვეძებოთ, ვის როგორი ზომის ცხვირი აქვს, არამედ, უნდა გვიხაროდეს, რომ ბევრი საერთო გვქონია. ჩვენ ერთი და იგივე გრძნობებით, ინსტიქტებით და მორალითაც კი ვართ დაკავშირებული. ამდენად, ცოდვაც იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ამას ხშირად არ გავიხსენებთ. მე ნორმალურად მიმაჩნია, ჩემი ამ ფესტივალზე მონაწილეობა. რადგან, სადაც არ უნდა მივდიოდე, ყველგან ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სალოცავები, წმინდა ადგილები მოვინახულო, ეს იქნება ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, თუ სალოცავი კედელი“- მითხრა ოქტაი მირ კასიმმა.
რაც შეეხება თავად ფილმის დედა აზრს, რაც მიტევებისა და მტრის შეცოდებას უკავშრდება, მისი თქმით, საკუთარ თავზე განცდილის გამოძახილია. ისევე, როგორც ფილმში, მას ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანისადმი და მათ შორის ჩამოვარდნილმა შუღლა იგი შურისძიებით განაწყო. „წლების განმავლობაში მტანჯავდა ეს გრძნობა და ვერაფრით ვერეოდი. ხოლო ერთ დღეს, როცა ის ადამიანი, რომელმაც ძალიან მატკინა გული, ქუჩაში შემხვდა, იმდენად, განადგურებული და გასაცოდავებული იყო, მის დანახვაზე გავშეშდი. სწორედ ისე, როგორც ფილმშია, ეს კაცი თანდათან მომიახლოვდა, თავი მხარზე დამადო და ატირდა. მე მაშინვე გამიქრა მისი დასჯის სურვილი, რადგან იგი უკვე ღმერთისგან დასჯილი ვნახე და პირიქით, შეცოდების გარდა, დახმარების სურვილიც დამეუფლა“- იხსენებდა წარმატებული რეჟისორი, რომელმაც ამ განცდის გადმოსაცემად, საკუთარ ფილმში, წინაპრებისაგან მოსმენილი, გერმანელთა რეპატრიაციის ისტორია გამოიყენა და ადამიანის სულიერ ამაღლებას, მორალურ სახეცვილებას და სხვადასხვა რელიგიებს შორის მეგობრობით განმტკიცებულ ერთიანობას გაუსვა ხაზი.
„ჩემთვის ნიშანდობლივია ისიც, რომ ყველა ფესტივალზე, კაზანში იყო ეს, მოსკოვში, ისრაელში, თუ საქართველოში, ფილმში გადმოცემული კადრები, როცა მუსლიმანური წესით აღნიშნავენ ქრისტიანი მეგობრის გარდაცალებას, ან აზერბაიჯანში, ბებიის საფლავზე მისული ახალგაზრდის გვერდით, მუსლიმანი ლოცვას აღავლენს, არავის აღიზიანებს, პირითით, ცრემლებამდე აღელვებს სხვადასხვა რწმენის ადამიანებს. ეს დამოკიდებულება ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანებისათვის ერთნაირად მისაღები და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა. ამდენად, ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ ჩვენი ფილმი ოდნავ მაინც მოახერხებს წინ წასწიოს ადამიანებს შორის ურთიერთობა და დაგვანახოს, რომ ჩვენ ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვარ. ამ ფილმზე მუშაობდა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, გერმანიის,რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის, ყაზახეთის და ისრაელის წარმომადგენლები. შესაძლოა, ეს ფაქტორიც მოქმედებდა, რამაც შეგვაგრძნობინა ჩვენი ძმობა, რომ ჩვენ, ასეთი განსხვავებულებიც კი, და ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თითქმის მტრებიც კი, სინქრონულად ვსუნთქავთ და ერთის დაწყებულ ფრაზას თითოეული აგრძელებს და სათქმელს ერთად ვასრულებთ“-ამბობს ოქტაი მირ კასიმი.
ფესტივალზე „წმინდა ანდრიას ჯვარი“ მუსულმანური ქვეყნის სახელით წარდგენილი ფილმის წარმატება ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ საერთაშორისო ფესტივალმა უკვე გააფართოვა რელიგიური კუთვნილება და იგი ჭეშმარიტად ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გახდა.