ნინო ცხოიძე
მუშაობა დაასრულა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა „წმინდა ანდრიას ჯვარი“, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ ჩატარდა. მას საკმაოდ საინტერესო წარსული გააჩნია. სტუდია „მეოხის“ მიერ ქართველი რეჟისორების ნამუშევრების საჯარო ჩვენება უფრო ადრე დაიწყო. თავდაპირველად, კვირეულები იმართებოდა, რომლებზეც მხოლოდ საქართველოში შექმნილი მართლმადიდებლური დოკუმენტური ფილმები იყო წარმოდგენილი. პირველი კვირეული 2002 წელს, ბათუმში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე დიმიტრის შეწევნითა და აჭარის მთავრობის დახმარებით ჩატარდა.
სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ სამომავლოდ კვირეული ფესტივალად ქცეულიყო. 2006 წელს ჩატარებული ფესტივალის წარმატებამ კი ორგანიზატორებს სტიმული მისცათ, რომ მისი გეოგრაფია გაეფართოვებინათ. ასე ჩამოყალიბდა „წმინდა ანდრიას ჯვარი“ ფართომასშტაბიან ღონისძიებად და წმინდა ანდრიას მსგავსად ქრიასტიანობა, კაცთმოყვარეობა და სიკეთე სწორედ აჭარიდან იქადაგა.
2012 წლიდან, საერთაშორისო ფესტივალი თბილისის კინოს სახლში იმართებოდა. წელს ფესტივალს კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის შენობაში არსებულმა არაჩვეულებრივმა გარემომ უმასპინძლა. ფესტივალში დაარსების დღიდან ოცზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, წელს კი ოთხი ქვეყნის: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის კინომატოგრაფისტებისა, თუ მოყვარული ავტორების ნაწარმოებები იყო წარმოდგენილი. წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა.
როგორც ჟიურის უცვლელმა თავმჯდომარემ, კინოკრიტიკოსმა მარინა კერესელიძემ აღნიშნა:,,ფესტივალზე მოულოდნელად, იმაზე ბევრად მეტი მაღალპროფესიული ფილმი იქნა წარმოდგენილი, ვიდრე წინა წლებში. რა თქმა უნდა, ფესტივალზე ყოველ წელს იყო წარმოდგენილი რამდენიმე კარგი ნამუშევარი, რომელიც მთავარი პრიზით და მედლებით დაჯილდოვდნენ, მაგრამ წელს შემოსული ხარისხიანი ფილმების რაოდენობა ბევრად მეტი აღმოჩნდა. ამდენად, საშუალება მოგვეცა, პროფესიული პრიზებიც გაგვეცა ფილმის მხატვრის, ოპერატორისა და მსახიობისთვის, რასაც ადრე არ ვაკეთებდით“- გვითხრა მარინა კერესელიძემ.
წელს, ზოგიერთ ნომინაციაში (სატელევიზიო გადაცემა და ანიმაცია), მთავარი პრიზი არ გაცემულა, თუმცა ორივე ჟანრში ჟიურიმ თავისი პოზიცია მედლებით „წმინდა ანდრიას ჯვარი“ აღნიშნა და იგი მიაკუთვნა ახალგაზრდა შემოქმედს, მარიამ ადამაშვილს ტელე-გადაცემისთვის „პატრიარქი ამბროსი ხელაია“, ხოლო მამუკა ტყეშელაშვილს - სამწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის „მზის ჩასვლა“.
ასევე მედლებით დაჯილდოვდნენ: სპარტაკ ფარჯიანი, სვანეთის სიწმინდეების დაცვისა და ტრადიციის გაგრძელების ამსახველი ფილმისთვის „სვანეთი-კულტურული მემკვიდრეობის საუნჯე“; აზერბაიჯანელი რეჟისორის ფილმის „წერილები წარსულიდან“ მხატვარი ვაჟა ჯალაღანია, ოპერატორი ნიკალაი ივასივი და მთავარი როლის შემსრულებელი, გერმანელი მსახიობი გულრიხ რეხენბახი; საუკეთესო რეჟისურისათვის, კინო-რეჟისორი ლევან კიტია ფილმისათვის „ხმა“, რომელიც პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობასა და ქველმოქმედებას გვაცნობს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: კინო რეჟისორი, ეჟი ლუბახი(პოლონეთი), ქართველი მოძღვარი მამა იოსებ ზეთეიშვილი (ლატვია), რეჟისორ-მულტიპლიკატორი, ვლადიმერ სულაქველიძე და კინოოპერატორი, ლომერ ახვლედიანი გაიცა სამი მთავარი პრიზი: მათ შორის, ორი, პოლონელი რეჟისორების დოკუმენტურმა ფილმებმა დაიმსახურა. ესენია, ჟისლავ ნაიდას „ საფეხურები თავისუფლებისაკენ“ და კშიშტოფ ჟუროვსკის „მეოთხე განზომილება“. საუკეთესო მხატვრული ფილმის შეფასებაში ჟიურისა და მაყურებელთა შეხედულებები, აშკარად, დაემთხვა ერთმანეთს.
ამდენად, გაიმარჯვა მეგობრობით და სიკეთით გაერთიანებული რელიგიების თანხვედრამ, მიმტევებლობამ და მადლიერებამ. სწორედ ასეთი სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი საკმაოდ წარმატებული და პოპულარული აზერბაიჯანელი რეჟისორის, ოქტაი მირ კასიმის მხატვრული ფილმი „წერილები წარსულიდან“, რომელიც გერმანიაში, აზერბაიჯანსა და საქართველოშია გადაღებული. როგორც რეჟისორთან საუბრისას შევიტყვე, ეს ფილმი სხვადასხვა ქვეყნების ფესტივალებზე წარმატებით მონაწილეობდა. მათ შორის, რუსეთში, ისრაელსა და ახლა უკვე საქართველოშიც ფილმი ერთნაირად მისაღები, ახლობელი და დასაფასებელი აღმოჩნდა. ბატონი ოქაი განსაკუთრებულად აღფრთოვანებული დარჩა ქართველების დამოკიდებულებით, სითბოთი და თანადგომით. უფრო ვრცლად მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ახლო მომავალში შემოგთვაზებთ. ფესტივალის დამფუძნებელმა ორგანიზაციამ „მეოხი“ ტრადიციულად, თავის მხრივ, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის „სიგელ გუჯარითა" და მედლით "წმინდა ანდრიას ჯვარი" დააჯილდოვდა ფოთელი ჟურნალისტი ირმა კეკელიძე, მოსკოვში მოღვაწე ცნობილ აკადემიკოს, ლეო ბოკერიაზე გადაღებული კინო-ნარკვევისთვის „გულიდან გულამდე“.
მინდა, ისიც ავღნიშნო, რომ შარშან ირმა კეკელიძისა და ვლადიმერ ამბალიას მიერ გადაღებული ფილმი „ვარდისფერი ნისლი“, რომელიც ნარკომანიის პრობლემას ეხებოდა, ასევე, დაჯილდოვდა „მეოხის“ სიგელ-გუჯარით. ფესტივალის ჩატარების მხარდაჭერისთვის ასეთივე სიგელ-გუჯარით დაჯილდოვდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს მუზეუმის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი გორგასალიძე, რომლის ინიციატივით ბოლო დღეს ნაჩვენები იყო სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სულხან-საბა ორბელიანი“, რამაც მაყურებლეთა კმაყოფილება გამოიწვია.
ამით საერთაშორისო ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ თბილისში დასრულდა. მაგრამ რაც შეეხება ემიგრაციაში მის ჩატარებას, საამისოდ ფესტივალი სპონსორებსა და მხარდამჭერებს ელოდება, რათა საფესტივალო ჩვენებებმა ჩვენს თანამემამულეებს უცხო ქვეყანაში მშობლიური ქვეყნის სითბო ჩაუტანოს და ამაღლებული სულიერი განწყობის ზეიმი მოუწყოს.