პელე 75 წლისაა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიპელე
პელე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პელემ საფეხბურთო კარიერა 1977 წელს დაასრულა. მთელი კარიერის განმავლობაში ფეხბურთლმა 1281 გოლი გაიტანა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პელე (ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ) 1940 წლის 23 ოქტომბერს ბრაზილიაში, ტრეს–კორასოინსში, ყოფილი ფეხბურთელის ღარიბ ოჯახში დაიბადა.

ფეხბურთის თამაში ბავშვობაში დაიწყო, ადგილობრივი გუნდისთვის უკვე შვიდი წლის ასაკში თამაშობდა. გუნდის მწვრთნელმა ვალდემარ დე ბრიტომ (ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი) მას კლუბ „სანტოსში“ გაუწია რეკომენდაცია, 15 წლის პელე კლუბის ოფიციალური მატჩის მონაწილე პირველად გახდა და გოლიც გაიტანა. 

თვრამეტი წლის განმავლობაში, კლუბ „სანტოსის“ შემადგენლობაში, პელე 11–ჯერ გახდა სან–პაულუს შტატის ჩემპიონი, ექვსჯერ მოიგო ბრაზილიის თასი, ასევე კონტინენტთაშორისი თასი და ლიბერტადორესის თასი. 1958 წლის ჩემპიონატზე შედგა 17 წლის პელეს დებიუტი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

პელე ფეხბურთის ისტორიაში ლეგენდარული ფეხბურთელი გახდა და სახელი გაუთქვა ბრაზილიისა (მისი ნაკრების შემადგენლობაში მან 92 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა) და აშშ–ის ნაკრებებს. ის ორივე ქვეყნის ნაკრებში გამოდიოდა.

1977 წელს პელემ საფეხბურთო კარიერა გამოსამშვიდობებელი მატჩით დაასრულა. მან თავისი კარიერის განმავლობაში ოფიციალურად დარეგისტრირებული 1281 გოლი გაიტანა.

1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პელეს მე–20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მიანიჭა, ხოლო ჟურნალ Time–ის ვერსიით, ის მსოფლიოს 100 გავლენიან ადამიანთა შორისაა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პელე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა – 1990–იანი წლების მეორე ნახევარში ის ბრაზილიის ახალგაზრდობის, ტურიზმისა და სპორტის საკითხებში მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, იყო გაეროსა და  UNICEF–ის კეთილი ნების ელჩი, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ფეხბურთის შესახებ სასწავლო ფილმის შექმნაში.

ზოგადად, გამოჩენილი ფეხბურთელი დიდ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთის და ზოგადად, სპორტის პროპაგანდას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. პელე ავტორია ბიოგრაფიული წიგნისა „მე – პელე“, ასევე გადაღებულია ფილმში „გაქცევა გამარჯვებისკენ“. ის ასევე ცნობილია, როგორც ტელეკომენტატორი, საკუთარი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი, წარმატებული ბიზნესმენი. ფეხბურთის სიყვარული მან თავის ვაჟს – ედინიოს გადასცა, რომელიც ასევე „სანტოსის“ შემადგენლობაში მეკარის ამპლუაში გამოდის. 

პელეს ციტატები:

– ფეხბურთელებს არასდროს უნდა დაავიწყდეთ თამაშის სიყვარული. ბევრს ის კლუბი უყვარს, რომელიც მეტს უხდის. დიდი ფული დაღუპავს ფეხბურთს.

– წარმატება შემთხვევითობა არ არის. ეს მძიმე შრომა, სიმტკიცე, სწავლა, მსხვერპლშეწირვა და პირველ რიგში, სიყვარულია იმისა, რასაც აკეთებთ და რის გაკეთებასაც სწავლობთ.

– რუსეთი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი მაშინ გახდება, როცა ბრაზილია ჰოკეიში მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს.

 


ყველა ახალი ამბავი
0