,,საქართველოში ფასეულობათა ომი მიდის“

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიდილი რეალობასა და განპირობებულ გონებას შორის.

  რუსუდან პირველი

 ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი’’ — ეს სიტყვები ბევრ ჩვენგანს სიამაყით წარმოუთქვამს და სხვებიც დაურწმუნებია, რომ ქართველები ნამდვილი ევროპელები ვართ. მაგრამ ვართ თუ არა მენტალურად ევროპელები — ამის თაობაზე ბჭობა საზოგადოებაში დღემდე მიდის. ტრადიციულ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების, მერაბ მამარდაშვილის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი.

 — პირველ რიგში,  ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოვდივართ და ევროპული აზროვნება და ევროპული მენტალობა ჩვენთვის, პრაქტიკულად, უცნობია. ჩვენთან ძირითადად ადამიანთა ორი ჯგუფი არსებობს, რომელთა წარმოდგენა ევროპაზე ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავდება: ვიღაცისთვის ევროპა სამოთხეა, ვიღაცისთვის — ჯოჯოხეთი. ხშირად ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებსა და ევროპულ კონვენციაზე, მაგრამ თავიდან ბოლომდე არავინ იცის, ეს რა სივრცეა. ერთი სივრციდან მეორეში გადასვლა კი არაა მარტივი, ამიტომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს შიში ლოგიკურია.

 —  ქალბატონო ნონა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ევროპელებივით ქრისტიანულ ცივილიზაციას  მივეკუთვნებით…

 — დიახ, გეთანხმებით, ჩვენ თავიდან ბოლომდე ქრისტიანულ ცივილიზაციას მივეკუთვნებით, მაგრამ საინტერესოა, როგორი იყო ჩვენი ოც  საუკუნოვანი ისტორია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რა გარემოში ვიყავით? მოგეხსენებათ, რომ მეზობელი ისლამისტური სახელმწიფოები მუდმივად გვიპირსპირდებოდნენ და ჩვენც მათი გავლენის ქვეშ ვექცეოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იყო ბიზანტია და მერე რუსეთის სივრცეც გაიხსნა, მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი ვიყავით და ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენ და ევროპას ერთნაირი ქრისტიანული წარსული გვაქვს. ამას ისიც ემეტება, რომ საკუთარ ტრადიციებში, წესებსა და რელიგიაში ძალიან ჩაკეტილი ერი ვართ და სულ გვეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც არ წაგვართვას, რაღაც არ გამოგვაცალოს. ეს არაჯანსაღი ხედვაა, საკუთარი ყოფის გაუაზრებლობა და გაუცნობიერებლობაა.

 — როგორ ფიქრობთ, ბოროტებას, გარყვნილებას ეროვნულობა გააჩნია?

 — დავიწყოთ იქიდან, რა არის გარყვნილება. ეს ზოგადად ადამიანური არასრულფასოვნების ნაწილია და არა ევროპული ან აზიური მოვლენა. როგორ შეიძლება ერი გარყვნილი იყოს? ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. ერი შედგება ადამიანებისგან, რომელთა ცნობიერება ერთმანეთისგან ხშირად სრულიად განსხვავდება. ეს გაუცნობიერებელი ადამიანის აზროვნებაა, რომელიც არ ფიქრობს და ავტომატურად იმას იმეორებს, რასაც თავს ახვევენ. ასეთი საუბარი უფრო შეგნებული პროპაგანდის შედეგია. გახსოვთ  ალბათ, კომუნისტების დროინდელი პროპაგანდა, გინდა თუ არა — ეს ადამიანის გონებაში მაინც არის დარჩენილი და ის თაობა ისევ აქ არის და საკმაოდ აქტიურად ცხოვრობს. ეს ერთი… და მეორე — ხშირად ეკლესიაც ქრისტიანულ, მართმადიდებლურ ფასეულობებს ევროპულს უპირისპირებს, რაც ძალიან სამწუხაროა. თუ დააკვირდებით, ისინი, ვისაც დასავლეთის ისტერიული შიში აქვს და ფარულად მაინც საბჭოეთს მისტირის, ძირითადად, წინა თაობის ხალხია, რასაც პოლიტიკოსები კარგად იყენებენ. იცით, როგორ არის ფსიქოლოგიაში? თუ ადამიანზე იდეოლოგიურად არ იმოქმედე,  მას ვერასდროს აიძულებ რაიმე ჩაიდინოს  იმიტომ, რომ ადამიანი თავისუფალი ქმნილებაა.

 - ქართველები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ეთნიკურობასა და ტრადიციებთან ვახდენთ,  თქვენ როგორ განავრცობდით ამ თემას?

 - ჩვენ, ქართველები, ძალიან გაუთვითცნობიერებლად ვცხოვრობთ. საუკუნეების მანძილზე მიღებულ და აღიარებულ წესებსა და ტრადიციებს მივყვებით, ვცდილობთ, არ დავარღვიოთ ისინი, ყველაფერს ვიმეორებთ და მართლაც ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ეთნიკურობასთან, რელიგიასა და ტრადიციასთან, რაც ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში. ძალიან ბევრი ცდილობს, ევროპაში წავიდეს და გახდეს მისი სრულუფლებიანი მოქალაქე, ბევრი წასულა და იბრძვის ამისთვის — იქ ლტოლვილად ბარდება, ძალიან მძიმე პირობებს უძლებს, რომ საწადელს მიაღწიოს. ანუ რეალურად ყველა ხედავს, რომ იქ მატერიალური, მენტალური, თუ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, უკეთესი სივრცეა და შეუძლებელია, ზნედაცემულმა ადამიანებმა შექმნან ასეთი თავისუფალი სივრცე საცხოვრებლად, მაგრამ იგივე ადამიანები იმდენად არიან განპირობებული მიღებული ცოდნით, ტრადიციებითა თუ იდეოლოგიით, ფიქრშიც კი უჭირთ იმის აღიარება, რომ იქ ჯობია, რადგან იქ ადამიანად გრძნობს თავს და ამბობს, რომ უცხოეთში ფულის საშოვნელად მიდის. სინამდვილეში  ჯანსაღი ადამიანები, რომლებიც რაღაცას აცნობიერებენ, გეუბნებიან, რომ ევროპაში მათ ნახეს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, თავი ადამიანურად რომ იგრძნოს, იქ შენი ყველა უფლება დაცულია. აი, სადამდე მივედით — ისევ მიდის ჭიდილი რეალობასა და განპირობებულ გონებას შორის, ისევ შიში გიპყრობს, რომ ტრადიცია ან რელიგია არ უარყო, შენი საქციელი ეროვნული ღალატის ტოლფასი არ იყოს  იმიტომ, რომ პატრიოტული თუ რელიგიური იდეოლოგიით აღსავსე ავტორიტეტები აქცენტს პირდაპირ ამაზე აკეთებენ. ჩემი აზრით, ეს ძალიან ინფანტილური, ემოციური მხარეა. ეს არის ბავშვობაში დარჩენა და ამას ძალიან ღრმად გაცნობიერება სჭირდება. ეს მარტო ქართული პრობლემა არ არის, ეს  ადამიანური პრობლემაა, გაუცნობიერებლობა საკუთარი აწმყოსი და მუდმივად წინა საუკუნეებში დარჩენა. ასე რომ დროა კოლექტიური აზროვნებიდან გამოვიდეთ და დავიწყოთ ინდივიდუალურად ფიქრი: რეალურად რა ხდება, ვინ ვარ, რა ვიყავი და რა მინდა, რომ ვიყო. ასე რთულია აზროვნების პროცესის დაწყება?

 — ქალბატონო ნონა, მაინც საიდან და როგორ დავიწყოთ და ხომ არ დასჭირდება ამას წლები და საუკუნეები?

- საქართველოში ახლა ორი მენტალობის დაპირისპირებაა. ჩვენში ძალიან ძლიერია აზიური აზროვნება, განსაკუთრებით ოჯახურ ურთიერთობებში. ბევრი ადამიანი  ამ წესით ცხოვრობს. ახლა წამოვიდა თაობა, რომელსაც აღარ უნდა და აღარც შეუძლია შეზღუდული აზროვნებით ცხოვრება. ესაა თაობა, რომელიც სიახლეს ითხოვს. ესაა თაობა, რომელსაც, პრინციპში, საბჭოთა წყობილება არ უნახავს, მაგრამ გაიზარდა ბოლო ოც წლიან გაუგებარ ეპოქაში. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფასეულობათა ომი მიდის. წინააღმდეგი ვარ როგორც პროპაგანდის, ასევე აკრძალვის, რადგან ორივე ერთნაირად საზიანოა ადამიანისთვის. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებას ეს ძალიან შეეშალა. მიუხედავად იმისა, რომ  სულ სხვა ფასეულობების შემოტანას ცდილობდა, მან პირდაპირ ძალადობრივად დაიწყო მისი დამკვიდრება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეკლესიაც ამ პრობლემებს გარკვეულად თავს არიდებდა  და დასავლეთის სივრცის ანტიპროპაგანდას ეწეოდა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ თავად უნდა დავფიქრდეთ და რეალობა გავაცნობიეროთ,  უბრალოდ დავაკვირდეთ, სად არის უკეთ დაცული ადამიანის უფლებები, მივიღოთ, მოვუსმინოთ და ყველა ადამიანის აზრს პატივი ვცეთ. რაც შეეხება, სახელმწიფოსა და მის როლს, მან უდავოდ დიდი როლი უნდა ითამაშოს ამგვარ სიტუაციაში, რათა აღარასდროს განმეორდეს ის, რაც დღემდე ხდებოდა. ძალადობა ანადგურებს ადამიანს და საზოგადოებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0