სოფო კაკაჩია
წელიწადზე მეტია ქალაქ ფოთის სათავეში. თუ რა გაკეთდა რეალურად და რა იგეგმება ფოთის, როგორც ტურისტული ქალაქის განსავითრებლად, ამის თაობზე ჩვენი სტუმარი ქალაქ ფოთის მერი, ბატონი ირაკლი კაკულია მოგვითხრობს.
—ბატონო ირაკლი, წელიწადზე მეტია, რაც ფოთის მერი ბრძანდებით, თავად როგორ შეაფასებდით ამ დროს?
— დიახ, გასული წლის ივლისში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ფოთელებმა ნდობა გამომიცხადეს და ქალაქის მერად ამირჩიეს. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. ფიქრობ, მე და მთლიანად,,ქართული ოცნების'' გუნდი სერიოზული საზრუნავის წინაშე დავდექით. ყოფილი ხელისუფლებისაგან უამრავი პრობლემა და თავსატეხი დაგვხვდა — ქალაქის ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ელემენტარული ყოფითი საკითხებით დამთავრებული. მიზნად დავისახეთ პერმანენტულად გადაგვეჭრა ის საჭირბოროტო საკითხები, რაც ჩვენს თანაქალაქელებს აწუხებთ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს მთავრობა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარების ფონდი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად გვიჭერენ მხარს, რათა გამოიძებნოს ფინანსური რესურსი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების სარეალიზაციოდ. ვიღებთ ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან და ვცდილობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად ავითვისოთ სატრანსფერო სახსრები.
—იქნებ, კონკრეტულად შევახსენოთ ჩვენს მკითხველებს რა გაკეთდა ფოთში თქვენი მერობის დროს?
— მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში დაწყებულია სანიაღვრე-სატუმბი სისტემების რეაბილიტაცია, რამაც მომავალში უნდა გამორიცხოს ერთ-ერთი მწვავე პრობლემა- ხშირი ნალექებისას ქალაქის ქუჩებისა და სახლების დატბორვა. წარმატებით მიმდინარეობს რუსთაველის რკალზე ტროტუარების სრული კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების განახლება, ეზოების მოწყობა-გალამაზება. ამჟამად გამოკვეთილი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტია მალთაყვის რეკრეაციულ ზონაში ზღვისპირა ბულვარისა და კომუნიკაციების მოწყობა-მშენებლობა, იმ რეალური შესაძლობის გათვალისწინებით, რასაც მალთაყვის სანაპირო ზოლის ბუნებრივ-კლიმატური გარემო ქმნის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უპრეცედენტო ოდენობის თანხა 18,5 მილიონი ლარია განსაზღვრული, სარეკრეაციო არეალის თანამედროვე სტანდარტებით მოსაწყობად. დღეისათვის პირველი ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. არის სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომელთა დროული განხორციელება ჩვენი საქმიანობის ერთგვარი საზომია. ყოველივემ კი უნდა შექმნას, აამოქმედოს და ხელშესახები გახადოს ქალაქის შიდა ეკონომიკა, რაც მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის საფუძველს შექმნის. აქვე დავძენ, რომ ფოთის ისტორიაში პირველად, აქტიურად ხდება ზღვის სანაპიროსა და პლაჟების მექანიზირებულად დასუფთავება. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ საამისოდ შეიძინა ნაპირსაწმენდი აგრეგატი-,,ბიჩტეკი'', რომელიც ქალაქს გადმოსცა.
—ბატონო ირაკლი, ფოთს ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მალთაყვას პროექტი კი პირველი ნაბიჯებია, რითია ასევე ეს პროექტი მნიშვნელოვანი?
— სწორად აღნიშნეთ, ფოთში ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობებია, რაც გეოგრაფიული მდებარეობითა და ბუნებრივ-კლიმატური თავისებურებებით არის გამოკვეთილი. დაგისახელებთ თუნდაც ერთს, მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციულ ზონას, რომელსაც უნიკალური ბუნებრივ-გამაჯანსაღებელი ფაქტორები გააჩნია, აქაური მაგნიტური ქვიშები ზღვის ნაპირზე გაცილებით უკეთესი და ეფექტურია შავიზღვისპირეთის სხვა კურორტების ქვიშებთან შედარებით.
—როდესაც ფოთზეა საუბარი პირველი ასოციაცია „კოღოსთან“ ჩნდება ხოლმე,- რაც ტურისტს გარკვეულად აფრთხობს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამე გეგმა ხომ არ გაგაჩნიათ?!
— ტურისტი ფოთში აუცილებლად მოვა, უკვე მოდიან კიდეც, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ ტურისტული ნაკადი უახლოეს მომავალში გაიზრდება. კოღო ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით დაიწყო კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტის განხორციელება. წელს ორი ეტაპის სამუშაოები უკვე ჩატარდა და მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის მასშტაბური სამუშაოების რეალიზება პირველად მოხდა. ქალაქის მასშტაბით ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლა ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოღო ფოთსა და ფოთის სტუმრებს დისკომფორტს ვეღარ შეუქმნის. ამას გარდა ერთ-ერთი მთვარი პრობლემა რაც ქალაქშია,- ეს დასაქმებაა, მაგრამ ვფიქრობ, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც სამომავლოდ განხორციელდება ჩვენს ქალაქში საშუალებას მოგვცემს ნაწილობრივ მაინც გადაიჭრას ის გლობალური პრობლემა, რასაც დასაქმება ჰქვია. ასე რომ, ფოთი, რომელიც დღეს თავისი სანავსადგურო არეალით სატრანზიტო ფუნქციითაა წარმოდგენილი, წარმოებისა და ტურიზმის აღორძინებით გზით თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქის ფუნქციას შეიძენს.
— დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.