თბილისში ლეგენდარული გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდება

გამოწერა
საზეიმო კონცერტზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ყანჩელის ნაწარმოებები სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან ახალი ინტერპრეტაციით აჟღერდება. კონცერტი მაესტროს 80 წლისთავს ეძღვნება. სცენაზე გამოვლენ ნატო მეტონიძე და ლატვიური მუსიკალური ჯგუფი Xylem Trio.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა 23 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებას დაეთმობა, საზეიმო ღონისძიება მის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ამის შესახებ ღონისძიები ორგანიზატორი, ფონდი „Autograph“ იუწყება. 

საზეიმო კონცერტზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ყანჩელის ნაწარმოებები სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან ახალი ინტერპრეტაციით აჟღერდება. კონცერტი მაესტროს 80 წლისთავს ეძღვნება.  სცენაზე გამოვლენ ნატო მეტონიძე და ლატვიური მუსიკალური ჯგუფი Xylem Trio.

როგორც ადრე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში იყო აღნიშნული, მაესტროს იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება. 

Xylem Trio 2006 წელს რიგაში დაარსდა. კოლექტივი კლასიკურ მუსიკას თანამედროვე ინტერპრეტაციებით ასრულებს. 2010 წელს მუსიკოსებმა წარმოადგინეს ალბომი „Mood of Giya Kancheli“, სადაც ქართველი კომპოზიტორის მუსიკა საკუთარი არანჟირებით შეასრულეს.  

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში, ექიმის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა მუსიკალური სკოლა, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი (1959 წელს) და ამის მერე ჩააბარა თბილისის კონსერვატორიაში, რომელიც 1963 წელს (იონა ტუსკიას საკომპოზიციო კლასი) კომპოზიციის განხრით დაამთავრა.

ყანჩელი თბილისის კონსერვატორიაში საკრავთმცოდნეობას ასწავლიდა. 1991 წლიდან ბერლინში (გერმანია) ცხოვრობდა, სადაც ხელოვნების გერმანული აკადემიის სტიპენდია მიიღო. ფლანდრიის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მიწვევით, 1995 წლიდან ის ანტვერპენში (ბელგია) ცხოვრობს.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“ „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.

ყანჩელის შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. მათ შორისაა „გია ყანჩელი“ (2001), „გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში“ (2011), „მიმინო (საბჭოთა კინოს საიდუმლოება)“ (2012) და სხვა.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია: საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და ღირსების ორდენი, პრემია „ნიკე“ ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა“) დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის“ პრემია და სხვა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.

 


ყველა ახალი ამბავი
0