ტკივილის და სიყვარულის ფასი - უჩვეულო ბედის ტრიუმფატორი

© http://www.obieqtivi.net/tv.php?id=20638თეიმურაზ ჯორჯაძე
თეიმურაზ ჯორჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რესპოდენტი იმის ნათელი ნიმუშია, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი მართლა არაფერია.

  რუსუდან შაიშმელაშვილი

 დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი იმის ნათელი ნიმუშია, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი მართლა არაფერია. ის ფიზიკური ნაკლით, კერძოდ ტერფების გარეშე დაიბადა, მაგრამ ცხოვრებაში ყველა სირთულე  გადალახა და დღესდღეობით ძალიან  წარმატებული არქიტექტორი გახლავთ. ამას გარდა ის საქართველოში ქართული რაგბის ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება, არის კარატეში შავი ქამრის მეშვიდე დანის მფლობელი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრი, გერმანიის აკადემიის პროფესორი, მსახიობი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში „განათება და ფერი არქიტექტურულ დიზაინში“ ფაკულტეტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. თემურ ჯორჯაძეს სახლში ვესტუმრეთ.

 -ბატონო თემურ, პირველ რიგში მადლობა, რომ ჩვენთვის დრო  გამონახეთ. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე  თქვენს სფეროში სიახლეებია…

 - დიახ, ჩვენ ვცდილობთ საერთაშორისო ევროპულ ნორმებზე გადავიდეთ და ამ მიმართულებით არქიტექტორებიც და მთლიანად აკადემიაც მაქსიმალურად ვმუშაობთ.   

 —ბატონო თემურ, თქვენ აკადემიაში დანერგეთ უნიკალური სპეციალობა, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში.

 —ამ სპეციალობას საფუძველი გერმანიაში დაედო. ეს იყო დაახლოებით 1998-1999წწ. 2001 წელს ჩამოვედი საქართველოში, რადგანაც აქ მინდოდა დამენერგა ეს სპეციალობა. აქ ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა და 2008 წლამდე გაიწელა ეს ყველაფერი. იქ, გერმანიაში ერთ სემესტრში დავაფუძნე, აქ კი —  ამისთვის რვა წელი დამჭირდა, თანაც ამაში დაახლოებით, ოცი წლის შრომაა ჩადებული. დავიწყე ლოს-ანჯელისადან, სან-ფრანცისკოდან და გავაგრძელე ნიუ-ორკის დიზაინის ინსტიტუტთან. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის აკადემიასთან ერთად ვიმუშავე. ქართველები რატომღაც პირველობას ვკარგავთ ბევრ რამეში და არ მესმის რატომ?..

 — თქვენ განსაკუთრებული პედაგოგები გყავთ მოწვეულები, როგორცაა მაგალითად,  ბატონი ნოდარ  მამისაშვილი..

 - ყველა ასეთია, მათი ჩამოთვლა არ მინდა იმიტომ, რომ შეიძლება ვინმე გამომრჩეს. ჩემთან ყველა ეს საგანი ერთ სემესტრად იკითხება. იგივე, ბატონ ნოდარ მამისაშვილს მომზადებული აქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც „სინათლისა და ბგერის ურთიერთობა“ ჰქვია.

 — ბატონო თემურ, თქვენს არა ერთ სტუდენტს დიდი წარმატება ხვდა წილად  ..

 -წელიწადში შვიდ კაცზე მეტი არ ამყავს მაგისტრატურაში, მაგრამ დამთავრებულების ნახევარზე მეტი გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ესპანეთის წამყვან ფირმებში მუშაობს. 

 -მოდით, ახლა გადავინაცვლოთ  კინოს სამყაროში, სადაც  არა ერთი კარგი  როლი  გაქვთ  განსახიერებული და  ცნობილ  გახმაურებულ ფილმ  „მანდარინებში“ თურმე ესტონელი უნდა გეთამაშათ…

  - დიახ, მე  გავიარე სინჯები. მოვეწონე კიდევაც რეჟისორებს, მაგრამ რადგან ეს პროდუქტი ქართულ-ესტონურია, ესტონურ  მხარეს მსახიობად თავისი მოქალაქე მოუთხოვია. რამდენიმე ხნის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე გარეგნულად ჩემმნაირი ტიპაჟი შეურჩევიათ და როცა ფილმი ვნახე, გამეღიმა: ესტონელი მართლა მგავდა.

 - ახლა კარატესაც შევეხოთ… თქვენ შავი ქამრის მეშვიდე დანის მფლობელი ხართ…

 - შორიდან დავიწყებ: 1989 წელია, ჯერ 9 აპრილის ამბები არაა მომხდარი. ჩამოუყალიბებელი ქვეყანა ვართ. გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრების საზღვარგარეთ გაყვანა. ძლივს ვიშოვნე ფული, ჩემმა ახლობელმა მომცა 2000 დოლარი, ვიღაცამ 1000  დოლარი და წავედით. ფორმებიც კი არ გვქონდა. ჩემებს, რაგბისტებს გამოვართვი  ქურთუკები, რომლებსაც უკან რაგბი ეწერა. მაშინ შინდისფერი დროშა გვქონდა, თეთრი და შავი, ეს სამი ზოლი მივაკარი „ლეიკოპლასტით“. დავრჩით უდროშოდ, რომელიც შემდეგ გამოვართვი ძიუდოისტებს, რომელიც პირდაპირ ჩანთით მომაწოდეს. მოხდა ისე, რომ გავიმარჯვეთ. როცა დროშის აწევის დრო დადგა, ჩვენი დროშა ძლივს გამოჩნდა საფრანგეთისა და იტალიის 6 მეტრიანი დროშების გვერდით… და ჰიმნი? იცით, როგორ დავუკარით? კასეტა წავიღეთ და  სპეციალურად ჩვენთვის ძველი ტექნიკა მოიტანეს, ჰიმნიც კი არ გვქონდა და „ჩემო კარგო ქვეყანა“ ვიღერეთ. აი, ასეთი ამბები ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრების პირველი  თასი, პირველი დროშა, პირველი ჰიმნი ახლა სახლში მაქვს.

 - ბატონო თემურ, თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ეტაპი საზღვარგარეთ გაატარეთ, მაგრამ ვიცი, გული მაინც თბილისისკენ მოგიწევდათ…

 - ახლაც ასეა: ნახევარ წელიწადზე მეტი თუ სხვაგან ვარ, დეპრესია მეწყება და მაშინვე თბილისში მორბივარ და ვწყნარდები.

 - ვიცი, რომ არაერთი შემოთავაზება გქონდათ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და უარი ზუსტად ამ  მიზეზით გითქვამთ. ახლა, ამ გადასახედიდან, ცოტათი მაინც ხომ არ ნანობთ?

 -არა, არაფერს ვნანობ. უბრალოდ, რა არის  იცით? ფინანსურად ვიყავი იქ კარგი. მაგალითად, გერმანიაში ცხოვრების დროს სამოთახიანი სასტუმროს ტიპის კაპიტალურად მოწყობილი ბინა მომცეს და ხელფასი 9000 დოლარი დამინიშნეს. აქ კი რაც მაქვს, ეს იმასთან შედარებით, ძალიან სასაცილოა. აკადემიაში დოქტურანტურაც დავაარსე  და  როგორც ხელმძღვანელს, თვეში 7 ლარი 40 თეთრი დამინიშნეს. სასაცილოა ეს ყველაფერი…

 -თქვენს ცხოვრებაში იყო საბედისწერო ტრავმა, რის გამოც ამ ყველაფერს ჩამოშორდით…

 -არა, არ ჩამოვშორებულვარ. ისევ  ყველაფერში ვარ, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ვარ… 9 აპრილის შემდეგ მძიმე ტრავმები მივიღე, თან არა ერთი — რამდენიმე უმძიმესი ოპერაციაც გადავიტანე. რა მოსაყოლია ყველაფერი…წლებიც თავისას შვება, თუმცა, თუმცა გული ჯერ ისევ ახალგაზრდული მაქვს…

- დიდი მადლობა გულახდილი საუბრისთვის…

 

ყველა ახალი ამბავი
0