„ქება ქებათა“ – ცხოვრება სიყვარულია

© http://teatri.ge/qebata-qeba-ruseti/სცენა სპექტაკლიდან "ქებათა ქება"
სცენა სპექტაკლიდან ქებათა ქება - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მანანა ტურიაშვილი

 თუმანიშვილის თეატრში სანქტ-პეტერბურგის თოჯინების დიდმა თეატრმა, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“ წარმოადგინა ძველი აღთქმის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ქება ქებათა“. ჩვენ ვესაუბრეთ სპექტაკლის რეჟისორს, რუსლან კუდაშოვს, რომელმაც მოგვითხრო დასის არაჩვეულებრივ მოგზაურობაზე სანკტ-პეტერბურგიდან თბილისამდე, იმაზე, თუ რატომ შეეჭიდა ის ასეთ რთულ ნაწარმოებს და რა კავშირი აქვს მის ახალგაზრდულ სპექტაკლს სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებასთან. რეჟისორმა რუსლან კუდაშოვმა გვიამბო, პიტერ კრიფტის ნაწამოების „ცხოვრების სამი განმარტების“ გავლენაზე.

 პიტერ კრიფტი ფილოსოფიის დოქტორია, მას დაწერილი აქვს ნაწარმოები — „ცხოვრების სამი განმარტება“ ანუ „ ცხოვრების სამი ფილოსოფიური აღქმა, თითოეული წამოდგენილია ბიბლიის ერთ წიგნში“ — ასე ახასიათებს ამ წიგნს წინასიტყვაობის ავტორი, რომელიც შემდეგ მოკლედ აყალიბებს ფილოსოფოსის აზრს: „ეკლესიასტე“ — ცხოვრება ამაოებაა. „იობის წიგნი“ — ცხოვრება ტანჯვაა, „ქება ქებათა“ – ცხოვრება სიყვარულია. რუსლან კუდაშოვის სპექტაკლის ფინალში, მსახიობებმა გამოიტანეს რუსულ და ქართულ ენაზე შესრულებული წარწერები — „Любовь“, „სიყვარული“.

 -როგორ იქმნებოდა სპექტაკლი და რატომ აიღეთ „ქებთა ქება“?

 -ძველი აღთქმის მიხედვით, ჩვენ დავდგით ტრილოგია „ეკლესიასტე“, „ქება ქებათა“ და „იობის წიგნი“.  საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაში ვიყავი — მქონდა შემოქმედებითი და ცხოვრებისეული კრიზისი, ამ ფონზე წარმოიშვა ათასი რამ, რომელიც ბოლოს, პიტერ კრიფტის ნაწარმოების „ცხოვრების სამი განმარტების“ წაკითხვის შემდეგ ფოკუსში მოექცა. მინდოდა ძველი აღთქმის ეს სამი შედევრი განმეხორციელებინა. ჯერ დავდგით „ეკლესიასტე“, მერე „ ქება ქებათა“ და ბოლოს „იობის წიგნი“. სარეპეტიციო მუშაობა მიმდინარეობდა ეტიუდების საშუალებით. მსახიობები  გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ჩვენ სულ ვმსჯელობდით, ვფიქრობდით, ვთხზავდით — საიდან იბადებოდა ესა თუ ის აზრი და რატომ. ჩვენს მითოლოგიას ვქმნიდით და მერე ეს გადმოიღვარა სპექტაკლში. ჩვენ გამოვიყენეთ ნაწარმოების სიმბოლოები, სახეები, „ქებათა ქების“ ციტატები. ერთი მხრივ, ეს სპექტაკლი, „ქებათა ქების“ ჩვენეული აღქმაა, იმ ახალგაზრდა ადამიანების აღქმაა, რომლებიც სცენაზე მუშაობენ. დიდი ხანი არ გასულა, რაც მათ დაამთავრეს პეტერბურგის დიდი თოჯინების თეატრთან არსებული კურსი და სანკტ-პეტერბურგის აკადემია. 

 —ბატონო რუსლან, პიესებს თუ დგამთ?

 -იშვიათად. ძირითადად, ლიტერატურული ნაწარმოებების ინსცენირებას ვახორციელებ. აი, ახლა ჩამოვიდა რიგის რუსული თეატრი, მე იქ დავდგი სპექტაკლი ა. პალატონოვის ნაწარმოების „ფროს“ მიხედვით.  თოჯინური თეატრის რეჟისორი ვარ და ჩემთვის ყველაფერი თოჯინური სპექტაკლებიდან დაიწყო.

 —თქვენ სპექტაკლში „ქება ქებათა“ ორი მსახიობი კითხულობს ნაწყვეტებს ამ ნაწამოებიდან.  სპექტაკლი, ძირითადად, უსიტყვოდ არის წარმოდგენილი..

 - ჩემი სათქმელის გამოსახატავად ვიზუალურ, სახიერ თეატრთან მიახლოებული ენა ავირჩიე. მე მომწონს პოეტური თეატრი.

 -„ქებათა ქება“ ურთულესი ნაწარმოებია და ძნელი იყო მასთან შეჭიდება?

 - მე არ ვიცი, რთულია თუ არა, მაგრამ მასზე მუშაობა საჩუქარი იყო ჩემთვის. „ეკლესიასტეში“ არის ასეთი სიტყვები: „ბედნიერება შრომაშია“. რთულიც, რომ იყოს, ჩვენ თითქოს ჩვენსას ვასრულებთ და ეს არის სწორედ ბედნიერება და სიხარული, თითქოს შენს გზას ქმნი და გადიხარ. 

- ბატონო რუსლან, თქვენ ბრძანეთ, რომ კრიზისი გქონდათ, ტრილოგიის განხორციელების პროცესი, დაგეხმარათ თუ არა მის დაძლევაში?

 - ცოცხალი ვარ — ესე იგი, დამეხმარა.

 - თქვენი დასის საქართველოში ჩამოსვლის საინტერესო თავგადასავალი თითქმის ყველა ქართველმა თეატრალმა იცის… 

 - ქალაქმა ფული მოგვცა, მაგრამ ეს თანხა ჩამოსასვლელად არ გვყოფნიდა. ჩვენთან, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, თოჯინების თეატრს უყურადღებოდ ეკიდებიან — დრამატულ თეატრთან შედარებით, უფრო ნაკლები თანხით აფინანსებენ.  გვითხრეს: თუ წასვლა გინდათ — გაემგზავრეთ, მაგრამ გასაზღვრულ თანხაზე მეტს ვერ გამოგიყოფთ. მერე ჩვენებმა მოიფიქრეს: რუსეთში არის ასეთი საიტი, სადაც შეგიძლია განაცხადის გამოქვეყნება. ჩავწერეთ ვიდეო-რგოლი ჩემი მიმართვით და ხალხმა ფულის შემოწირვა დაიწყო. იქ იყვნენ უბრალო ადამიანები, პეტერბურგელი და მოსკოველი — რუსი და ქართველი ბიზნესმენები.

 — რატომ გინოდათ ასე ძალიან საქართველოში ჩამოსვლა?

 — ჩვენი სპექტაკლი „ქება ქებათა“ შთაგონებული იყო ფარაჯანოვის ხელოვნებით. სპექტაკლში მისი ციტატებიც არის გამოყენებული. ვიფიქრეთ, ქართველი მაყურებლისათვის ეს უფრო ახლობელი იქნებოდა. ეს სპექტაკლი  2 წელზე მეტი ხნის წინ დავდგი და მაყურებელმა ძალიან მძიმედ აღიქვა. ბოლო ნახევარ წელიწადში მდგომარეობა გამოსწორდა.

- რა გასხვავებაა ჩვენ მაყურებლსა და პეტერბურგელ მაყურებელს შორის?

 - რუსი მაყურებელი რთულად აღიქვამს პოეტურ თეატრს იმიტომ, რომ ჩვენთან ფსიქოლოგური თეატრის ტოტალური განვითარება მიმდინარეობდა და ეს იმდენად ძლიერი იყო,  ყველა დანარჩენი ჟანრები დააშთო. ჩვენმა კრიტიკოსებმა და მაყურებელმაც, ზუსტად იციან — „რა“- „რისთვის“, მაგრამ ყოველთვის არ არიან მზად აღიქვან სახოვანი თეატრი, პოეტური თეატრი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ საქართველოში უფრო სხვანაირად არის საქმე იმიტომ, რომ აქ ფარაჯანოვია და ეს სიმბოლური ქსოვილი  - ცხოვრების ფილოსფიური გააზრება აღმოსავლეთთან უფრო ახლოა.

 

ყველა ახალი ამბავი
0