ექსპერტები ნედლეულზე მსოფლიო ფასების ვარდნაში ჩინეთს ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Alexey Babushkin / გადასვლა მედიაბანკშიპეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები სხვადასხვაგვარად აფასებენ მსოფლიო ბანკის პროგნოზებს ნავთობის, ნედლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით. თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თავად პროგნოზები საჭიროა რთულ ეკონომიკურ პირობებში ბაზრის ორიენტაციისთვის.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის ოქტომბრის გამოშვება გამოაქვეყნა, რომელშიც ნავთობის, ნედლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები დაწეულია. 2015 და 2016  წლებში ძირითად სანედლეულო რესურსებზე ფასების პროგნოზი ივლისში გაკეთებულ პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია, — წერს "Sputnik უზბეკეთი".

ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის საწარმოებისა და ბაზრების ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეი იაკოვლევმა „სპუტნიკს“ აუხსნა, რომ ამგვარი პროგნოზების გაკეთება რთულია, ვინაიდან ფასებზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია. თუმცა, როგორც მან იქვე დაამატა,  ასეთი ანგარიშები აუცილებელია, რათა იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ნავთობთანაა დაკავშირებული, რაიმე ჰქონდეთ საორიენტაციოდ. 

ეკონომისტის თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებები ანალიტიკოსების —  როგორც ბაზრის მონაწილეების — კონსენსუსის მიღწევისადმი განწყობასა და მოლოდინებს ასახავს. იაკოვლევი დარწმუნებულია, რომ ნავთობის ფასი უახლოეს წლებში შედარებით დაბალ დონეზე შენარჩუნდება. ნედლეულზე ფასების ვარდნის ძირითადი მიზეზი — ეს ჩინეთში შედარებით შენელებული ეკონომიკური ზრდაა, ვინაიდან სწორედ ის გახლდათ ადრე ნედლეულის უმთავრესი მომხმარებელი. 

ეკონომისტმა აღნიშნა, რომ „საქმე მთლად მიმდინარე ტემპებში კი არ არის, არამედ მომავალთან დაკავშირებული მოლოდინების ცვალებადობაში“. გლობალურ მოთხოვნებზე ამჟამად არსებული დონის გათვალისწინებით, ჩინეთის ეკონომიკა უფრო ნელა გაიზრდება, ამიტომ ნედლეულის გამოყენების მოცულობაც ნაკლები იქნება. 

„ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო იმპორტიორი, მაგრამ კრიზისის მომენტში, როდესაც მთელ მსოფლიოში მშენებლობის მოცულობა შემცირდა, ჩინეთი იმპორტიორიდან ექსპორტიორად გადაიქცა. ლითონმა, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ შიდამოხმარებისთვის, მსოფლიო ბაზარზე გასვლა დაიწყო. ამან ლითონზე ფასების მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია“, — დაასკვნა ეკონომისტმა. 

„ალფა–კაპიტალის“ ანალიტიკოსის, ანდრეი შენკის აზრით კი მსოფლიო ბანკის პროგნოზები ზოგადად საკმაოდ რეალისტურია, თუმცა მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ სპეციალისტებმა ნავთობზე საშუალო ფასები 2015 და 2016 წლებისთვის 51 და 52 (შესაბამისად) დოლარი დაადგინა ერთ ბარელზე. ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლებელია საკმაოდ ძლიერი გადახრები. 

შენკმა განმარტა, რომ ეკონომისტები ამგვარ პროგნოზებს სამი შესაძლებელი სცენარიდან გამომდინარე აკეთებენ: კონსერვატული, საბაზო და ოპტიმისტური. მსოფლიო ბანკის სპეციალისტთა ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები ახლოსაა კონსერვატულ პროგნოზებთან. საბაზო პროგნოზების შესაბამისად, — ხაზი გაუსვა ექსპერტმა. — ნავთობზე ფასები ერთ ბარელზე 55–დან 58 დოლარამდეა მოსალოდნელი. 

„საქონლის ფასების პროგნოზების გადახედვა საკმაოდ ხშირად ხდება და ისინი ბაზრისა და კონიუნქტურის იმწუთიერი მოლოდინებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ფასებზე ძალზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა“, — თქვა შენკმა. 

რაც შეეხება ფასების ვარდნას სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს „ეკონომიკური ციკლის საკითხია“, რამდენადაც ამ დროისათვის დათვის ტრენდი შეინიშნება: „ეცემა ფასები ნედლეულზე, პრაქტიკულად, საქონლის ყველა კატეგორიაზე“. 

„სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების კლება დეფლიაციურ ზეწოლას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, იმიტომ, რომ კვების პროდუქტებზე მოხმარების არსებითი წილი მოდის. ეს არის მოვლენა, რომელსაც, ამჟამინდელი ინფლაციის გათვალისწინებით, უარყოფითი შედეგები ექნება. განვითარებულ ქვეყნებში ის ნულს ახლოვდება, ზოგ შემთხვევაში კი მას უარყოფითი მნიშვნელობა აქვს“, — დაასკვნა „ალფა–კაპიტალის“ ექსპერტმა. 

მსოფლიო ბანკის საექსპერტო ჯგუფის წევრები პროგნოზების გაუარესებას დაბალი მოთხოვნის ფონზე შეთავაზებული წინადადებების მაღალ დონეს უკავშირებენ. საკვებ პროდუქტებზე ფასებისთვის უარყოფით რისკად შესაძლოა იქცეს მოსალოდნელი კლიმატური ფენომენის, ელ–ნინიოს შედეგები, თუმცა მხოლოდ აღმოსავლეთ აზიის ბაზრებისთვის. 

 


ყველა ახალი ამბავი
0