თბილისი,22 ოქტომბერი —Sputnik. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო დროული, დამაჯერებელი და გულწრფელიც, მაგრამ რუსთავის 2–ის საქმის განმხილველი მოსამართლისთვის საჯაროდ მიმართვა ემოციურობით გამოწვეული შეცდომა იყო.
„ვფიქრობ, ემოციურობით გამოწვეული შეცდომა იყო ის, რომ მან მოსამართლეს მიმართა. სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან საჯაროდ გავრცელებული ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი მოსამართლის მიმართ, აღიქმება როგორც სასამართლოზე ზეწოლა,– მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს.
მისი თქმით ცხადია საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო გამოეხატა მხოლოდ იმედი იმისა, რომ არ მოხდებოდა ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილების მიღება.
„როცა ის მოუწოდებს მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე? როგორ უნდა მიიღოს მან ისეთი გადაწყვეტილება რომელიც არც ერთი მხარისთვის ხისტი არ იქნება?“–კითხულობს პოლიტოლოგი
სოსო ცისკარიშვილის თქმით, „ნებისმიერ შემთხვვეაში ანგელოზიც რომ იყოს დღევანდელი ბედოვლათი მოსამართლე, ის ვალდებულია რომელიმე მხარისთვის მიუღებელი განაჩენი გამოიტანოს“.
„დიახ, იქნება გადაწყვეტილება ხისტი და ამას ვერავინ დაუშლის მოსამართლეს და მან უნდა გადაწყვიტოს რომელი მხარე დარჩება უკმაყოფილო მისი გადაწყვეტილებით“–განაცხადა პოლიტოლოგმა..
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას და ოპოზიციას მოთოკონ ემოციები და გაუფრთხილდნენ სამოქალაქო მშვიდობას.
„ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში საქართველოს ხელოსუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას“– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა