ურთმელიძეს შეუძლია, შელახული ღირსება სასამართლოში დაიცვას

© tcc.gov.geთამაზ ურთმელიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
თამაზ ურთმელიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოსამართლე  თამაზ ურთმელიძეს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმეს განიხილავს, აქვს უფლება, თავისი შელახული პატივი, ღირსება, სახელი და საქმიანი რეპუტაცია სასამართლოში დაიცვას, თუ ჩათვლის, რომ ნიკა გვარამია მას თავს დაუმსახურებლად დაესხა, — განაცხადა სამართლის დოქტორმა თემურ მონიავამ.

 „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის  დირექტორმა ერთ შემთხვევაში მოსამართლე ურთმელიძე მოიხსენია მოქმედი იუსტიციის მინისტრის გუნდის წევრად და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფ “ზონდერ მოსამართლედ”, მეორე შემთხვევაში — მოსამართლე კორუფციაში, უფრო კონკრეტულად — დავის მიკერძოებულად გადაწყვეტის სანაცვლოდ, დიდი ფულის აღებაში დაადანაშაულა და მესამე შემთხვევაში — ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მოსამართლე მისი ოჯახის წევრის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამო პროკურატურის ტყვედ მოიხსენია.

 „ასოციაცია “საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” ვერ იქნება გულგრილი ამ ფაქტის მიმართ. ეს არაა მხოლოდ რიგითი, კონკრეტული შემთხვევა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. მას შეიძლება, მიენიჭოს პრეცედენტის მნიშვნელობა და სხვა მრავალ შემთხვევაშიც განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს და დისკუსია გაიმართოს სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის კანონიერი ინტერესის დაცვის კუთხითაც და იურიდიული საზოგადოების მხრიდან შეფასება მიეცეს  ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის და მისი წარმომადგენლების მოქმედებები თუ რამდენად ექცევა გამოხატვის თავისუფლების საჯარო ინტერესის ფარგლებში“,–ეწერა  განცხადებაში.

 „თუ მოსამართლეს  მიაჩნია რომ შეილახა მისი პატივი, ღირსება და რეპუტაცია, უნდა განახორციელოს ის ქმედებები, რაც დადგენილია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით და ასევე სამოქალაქ კოდექსით. დაცვის მექანიზმი ჩადებულია კანონში და ამ შემთხვევაში, მოსამართლემ მის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და ეს სწორი იქნებოდა “, – თვლის  თემურ მონიავა. 

 სამართლის დოქტორის თქმით, თუ მოსამართლე ურთმელიძე სასამართლოს მიმართავს, ნიკა გვარამიას იმის მტკიცება მოუწევს, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მის მიერ გაკეთებული განცხადებები. და თუ ის ამას ვერ შეძლებს, ჩაითვლება, რომ  „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის მხრიდან ადგილი აქვს  ცილისწამებას.

„სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის დეკრიმინალიზებულია, მაგრამ არსებობს სამოქალაქო  სამართალდარღვევის წესით დაცვის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მოსამართლემ, თუ მას  ამისი სურვილი ნამდვილად აქვს“, –აღნიშნა თემურ მონიავამ.

„ზოგადად თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება სასამართლოსთან დაკავშირებით,  თავისთვაად ცხადია, რომ ასეთი განცხადებები,  გარკვეულწილად, ხელს უწყობს სასამართლოს საქმინობისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გაღვივებას საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე,  რაღაც გარკვეული ზომები, ამ თვალსაზრისით, მართლაც უნდა იქნეს მიღებული“, –მიაჩნია სამართლის დოქტორს.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს, 19 ოქტომბერს სასამართლო დარბაზიდან გააძევა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

 მოსამართლესა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც გვარამიას გაძევების მიზეზი გახდა. 


ყველა ახალი ამბავი
0