თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მედია ისევ პოლიტიკის იარაღი და სულაც არ არის გასაკვირი, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ტელევიზიებში ხდება გადაადგილებები, მათ შორის მფლობელებს შორის დავა, გადაცემების დახურვა და ფორმატების შეცვლა, — განაცხადა ექპერტმა მედიის საკითხებში ია ანთაძემ ქართულ ტელეკომპანიებში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შეფასებისას.
„საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთ წელზე ნაკლები დარჩა და ცხადია, რომ, როგორც წინა არჩევნების დროს, ახლაც მედია არის ერთ–ერთი იარაღი, რითიც დაინტერესებული პირები და ძალები ცდილობენ, საარჩევნო პერიოდში რაღაც საფუძველი შეიქმნან“, –აღნიშნა ია ანთაძემ
მისი თქმით, ეს წელიწადი საინტერესო წელი იქნება მედიისთვის და მთავარი გამოწვევა მაინც ის არის, რომ ხელისუფლებამ არჩევნებამდე არ გააყალბოს არჩევნები, სწორედ საინფორმაციო ველის დახმარებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. არხის ხელმძღვანელობა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა და სიტყვის თავისუფლების დარღვევა.
ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ არ აპირებს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ, 22 ოქტომბერს იქნება გამოტანილი.
„ჩვენ „რუსთავი2“-ს არავის დავუთმობთ. ხვალინდელი გადაწყვეტილება აპრიორი უკანონო იქნება. არ ვაპირებთ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და გავნაგრძობთ მაუწყებლობას იმავე ფორმატში, რომელიც გვაქვს. იმ სიტუაციაში, თუ იქნება მცდელობა ძალით შემოჭრის, ჩვენ ასეთივე ძალისმიერი მეთოდებით ვუპასუხებთ“, — თქვა გენერალურმა დირექტორმა.
სასამართლოში ჩივის ტელეკომპანია მაესტროს თანამფლობელიც. სარჩელი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ სასაქონლო ნიშნის (ლოგო) სხვა კომპანიისთვის უანგაროდ გადაცემას ეხება, სასამართლოში „მაესტროს“ თანამფლობელმა, პოპულარულმა მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) შეიტანა,
სარჩელში საქმე ტელეარხის სასაქონლო ნიშანს – სიტყვა „მაესტროს“ ეხება, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესრულებული. ეს ნიშანი 2014 წელს, მედიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა ბაია გადაბაძემ კომპანია „ტელევიზია მაესტროს“ გადასცა, რომლის დირექტორი, ილია (ბაჩო) კიკაბიძე ტელეარხ „მაესტროს“ ადრინდელ მფლობელთან, მამუკა ღლონტთან დაახლოებული პირია.
„დაახლოებით, ერთი თვის წინ („ტელევიზია მაესტრომ“) კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ავტორიზაცია გაიარა. ჩანს, მათ „მაესტროს“ გაძარცვა უნდათ… და ამის მერე უკვე მაუწყებლობის დაწყებას შეძლებენ“, – გაჩეჩილაძის ადვოკატის ირაკლი კორძახიას სიტყვებს ქართული მედია ციტირებს.
ტელეკომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ თავისი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
„მაესტროს“ ბავშვობიდან ვუყურებდი, რომლის ლოგოტიპი და შინაარსი მამუკა ღლონტმა მოიგონა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს ბაჩო კიკაბიძემ გააკეთა. დიახ, მე მათ ლოგოტიპზე უფლება გადავეცი. თუ დანაშაული ჩავიდინე, არ ვიცი, რა სასჯელი მოჰყვება ამას, იმედი მაქვს, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, დავაბრუნებთ ამ ლოგოს და „მაესტროში“ შევინახავთ“, – განაცხადა ტელეკომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ეს პირველი უკმაყოფილება არ არის, რომელსაც გაჩეჩილაძე ტელეარხის სხვა მფლობელების მიმართ გამოხატავს. ერთი თვის წინ გიორგი გაჩეჩილაძემ თანამფლობელები განზრახ გაკოტრებაში დაადანაშაულა.
ტელეარხის მფლობელთა ნაწილი თბილისის სასამართლოში „მაესტროს“ გადახდისუუნაროდ აღიარებასა და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს.