„გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო"…

© თბილისობათბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა

მერაბ ხაჩიძე

 დაახლოებით, ამ ათიოდე წლის წინ, თბილისში გამოჩნდა ღვინო, რომელსაც ძალიან „დარდიმანდული“ სახელი – „კინტო“ ერქვა. ეგ კიდევ არაფერი, ამ ჩანაფიქრშივე სისულელეს, კარგად დაფინანსებული სატელევიზიო რეკლამაც ახლდა. საბედნიეროდ, ეს უკიდეგანო პროვინციალიზმის პირმშო დახლებს დიდხანს არ შერჩა. ქვეყანაში, სადაც სახინკლს შეიძლება „ბროდვეი“ ეწეროს (ასეთიც გვინახავს), ხოლო ხილ —ბოსტნეულის მაღაზიას „ბასიანი“, წესით, ასეთი რამ არც უნდა გაკვირვებდეს ადამიანს. არც ის უნდა გვიკვირდეს, რომ თაღლითობისა და ცუღლუტობის სიმბოლო,“კინტო“, ვიღაცას სამაგალითო ზნეობისა და კოლორიტული მოქალაქის სახე ჰგონია.

 მართალია, ბევრი რამ აღარ გვიკვირს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გვწყინდეს, რაღაცამ ხომ უნდა შეგვაწუხოს? იმდენად მაინც, რომ მერე ყველა გაფუჭებული საქმე სხვას არ ვაბრალოთ.

 დიახაც, რომ სხვას და არა საკუთარ სიბრმავესა და სიყრუეს! იდეის ავტორს თუნდაც ლავრენტი არდაზიანი წაკითხული კი არა, ყურმოკრულიც არ ჰქონდა, თორემ ღვინოს „კინტოს“ არ დაარქმევდა. ქალაქის პრესტიჟი არასოდეს ყოფილა არც კინტო და არც ის ღვინით სავსე ჯამი, ყოველ „თბილისობაზე“, გლახად დადგმული ძეგლივით, აუცილებლად ტივზე გაჯგიმულ „ყარაჩოხელს“ რომ უჭირავს ხოლმე.

 ბატონ ოთარ მამფორიას ძველი თბილისური მოგონებებიდან არის ეს ამბავი: ერთმა მოქალაქემ, ნაყიდი პროდუქტი იქვე, ბაზარში მდგომ, რაჭიდან ბედის საძიებლად ჩამოსულ, ფეხშიშველა ბიჭს გაატანა სახლში, თან გასამრჯელოდ ფულიც მისცა. ორი კაპიკის შოვნით გახარებული ბიჭი სულ სირბილით წავიდა. მალევე დაბრუნებული იმ კაცს მიადგა და დარცხვენილმა გაუწოდა ფული. აღმოჩნდა — სიჩქარეში მაწვნის ქილა გატეხოდა. თუ ასეთი პატიოსანი იქნები, შენგან კარგი მოქალაქე დადგებაო, — უთხრეს. ეს მხოლოდ ლირიკა არ არის — დაკარგული მოვალეობა-პასუხისმგებლობის გამო სინანულია.

 ამ ამბავზე ბევრი გაიცინებს და იტყვის, დიდი ხანია არც ერთი და არც მეორე აღარავის აწუხებსო. საქმეც ის არის, რომ დიდი ხანია! დიდი ხანია, მორალურის დაკარგვის გამო, გარეგნულ სახესაც კარგავს თბილისი. თურმე ვიღაცამ შვილს პელე დაარქვა. ამ საქმეს კიდევ ეშველება, გაიზრდება, მიხვდება და გამოიცვლის სახელს. აი, თბილისს რა ეშველება, იმ თბილისს, სადაც „რაღაც-რაღაცების“ (მათ შორის სრულიად უპასუხისმგებლოდ დარქმეული დასახელებების) გასწორება ან უკვე შეუძლებელია, ან გასწორების ცდამაც კი შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეგვამთხვიოს. ეს არ გვადარდებს. სამაგიეროდ სხვას ვაბრალებთ.

 რეკრეაციული (თუ სარეკრეაციო) ზონები მთლიანად გავაუქმეთ და უტროტუაროდ დარჩენილ ქუჩაში, თუ ყურადღება ცოტათი მოადუნე, შეიძლება გამვლელი მანქანის მსხვერპლი გახდე. რეიგანებს და ბუშებს ძეგლს იქ ვუდგამთ, სადაც ასი ათასი თბილისელი აწამა ჯალ ალ ედ დინმა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. თამარ მეფისა და თბილისის თავზე ქართლის დედის სიმბოლოდ დადგმული მონუმენტის ვიგინდარებისაგან აუგად ხსენებაზე, სიყრუე გვემართება. არაბების ოთხასწლიანი ბატონობიდან თბილისის გამომხსნელი დავით აღმაშენებლის ძეგლი დიღომში ქალაქისაკენ ზურგშექცეული დავდგით და ამის მერე გვიკვირს, ღმერთმა ზურგი რატომ გვაქციაო?!  თბილისისა და ქვეყნის მმართველების ნახევარზე მეტს კინტო ზნეობისა და ვაჟკაცობის სიმბოლო ჰგონია. ეს არაფერი. მთავარია „თბილისობა“ ვიზეიმოთ. თბილისობის ზეიმს კი, უფრო სწორად ქეიფს, ვიწყებთ იქიდან, სადაც თბილისის ლეგენდა დაიბადა და რომელ ადგილსაც ახლა, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი ჰქვია! 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0