ულვაშდაწიწკნილი ფალავანი

© photo: courtesy of From the family photo archiveვახტანგ ბალავაძე
ვახტანგ ბალავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამაზ ჩიქვანაია

 საბჭოთა კავშირისთვის პირველ ოლიმპიურ, 1952 წელს, ვახტანგ ბალავაძე ნაკრების წევრობის ნომერ პირველ კანდიდატად ითვლებოდა. ჰელსინკში კი წაიყვანეს, მაგრამ, რატომღაც, მის ნაცვლად კიეველი ვლადიმერ რიბალკო დააყენეს, რომელმაც მხოლოდ მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა. ნაკრების მწვრთნელებმა შეცდომა აღიარეს და მერე, თითქმის ათი წელიწადი, უპირატესობას ვახტანგს ანიჭებდნენ. საერთაშორისო დებიუტი წარმატებული გამოდგა: 1953 წელს, ბუქარესტის საერთაშორისო ფესტივალზე ბალავაძემ წმინდად დაამარცხა ექვსივე მეტოქე, მათ შორის – ოლიმპიური თამაშების პრიზიორები და საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია: ახალგაზრდა, ქართველი სპორტსმენი სწორედ ბუქარესტში აღიარეს „ჭიდაობის პროფესორად“ და ამ შეფასებას თავად ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა როჟე კულონმა დაუკრა კვერი. არადა, ფინალურ შეხვედრაში ირანელ არბიტრს ისე უნამუსოდ უმსაჯია, თავად მსაჯთა კოლეგიას მოუთხოვია მისი მოკვეთა. 

 ვახტანგ ბალავაძე: „მსაჯს არ უნდოდა, რომ მოწინააღმდეგე წამექცია და მაწვალა, მაგრამ ბოლოს მაინც გავაკარი ბეჭებზე. არ გავუშვი ხელი. მოვიდნენ მერე მსაჯები და ძალით გამაშვებინეს. ბოდიში მოვუხადე, რა თქმა უნდა, სასტვენის ხმა ვერ გავიგე-მეთქი. მიმიყვანეს მსაჯთა მაგიდასთან და კულონი მეკითხება – რატომ არ უშვებდი ხელსო. რამდენჯერმე წავაქციე და მსაჯებმა ქულა არ მომცეს, ვიფიქრე, კიდევ არ მომცემენ-მეთქი… გაიცინეს და ამით დამთავრდა. ჭიდაობის პროფესორი მაშინ მიწოდეს“. 

 საყოველთაო აზრით, ბალავაძე უნივერსალური მოჭიდავე იყო, თუმცა განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა ფეხით ჭიდაობა. ამბობდნენ, ფეხებით ისე „მუშაობს“, როგორც ხელებითო, ამიტომაც, მის ილეთებს ალღო ვერავინ აუღო.

 თავად ბატონი ვახტანგი ამბობდა, დგომში თუ ჭიდაობის პროფესორი ვიყავი, ჩოქბჯენში მეორე თანრიგს თუ შევწვდებოდიო.

 1954 წელს, ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველობას მასპინძელ კანეკოს უწინასწარმეტყველებდნენ. ბალავაძე, ღონიერი თურქი ბიუკერის დამარცხებით, ნახევარფინალში სწორედ იაპონელს დაუპირისპირდა. მეორე წუთზე კანეკომ კინაღამ ბეჭებზე დასცა ქართველი, მაგრამ ბალავაძე სასწაულებრივად „გამოძვრა“. ახლა უკვე მისი ჯერია, გარშემო უტრიალებს მეტოქეს და ყურადღებით აკვირდება მის ფეხებს, ერთ მომენტში იხელთა და ულამაზესი გდებით მოწინააღმდეგე გულაღმა დასცა. ბევრი იწვალა კანეკომ, მაგრამ ქართველის მარწუხებს თავი ვერ დააღწია. ბალავაძე ფინალშია, სადაც ირანელი ფარდინი ელოდება. ეს შეხვედრა, კარგა ხანს, ჭიდაობის გარდა ყველაფერს გავდა, ირანელი ხალიჩის კიდეს არაფრით შორდება, ბალავაძე ცენტრში იდგა და ლამის ემუდარებოდა ფარდინს, თუ კაცი ხარ მოდი და დამეჭიდეო, თურქი მსაჯი კი  შეხვედრის გასაგრძელებლად ხალიჩის კიდესთან უხმობდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ ირანელმაც დანარჩენების ბედი გაიზიარა და ვახტანგ ბალავაძე გახდა პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.

 მომდევნო ჩემპიონატზე, 1957 წელს, სტამბულში, მისი მთავარი კონკურენტი თურქი ისმაილ ოგანია. ეს ის ოგანი გახლავთ, რომელიც სამი წლის შემდეგ რომის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს მოიგებს, კიდევ ოთხი წლის მერე კი ტოკიოში, ნაკლები წონის ხარჯზე გურამ საღარაძეს ვერცხლის მედალს დააჯერებს. მანამდე კი, მშობლიურ სტამბულში ძალიან უნდა გამარჯვება, მაგრამ გზად ბალავაძეს გადაეყარა. თურქი იმდენად აშკარად უხეშობდა, რომ თანამემამულე მაყურებელმაც კი უსტვინა. შესვენებაზე ვახტანგმა მსაჯთა მაგიდასთან მიიყვანა და ითხოვა მისი სიტყვები ეთარგმნათ: „მოდი ამ დარბაზში ვიჭიდაოთ, მერე კი თუ გინდა გარეთ გავიდეთ და კაცურად ვიჩხუბოთ. ასე აჯობებს ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც“. ბალავაძის ნათქვამმა გაჭრა, ოგანმა უხეშობას თავი ანება და ის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მერე თურქმა ბულგარელ მურთაზოვს ვერაფერი მოუხერხა და ვახტანგ ბალავაძე მეორედ გახდა მსოფლიოში უძლიერესი ქვესაშუალო წონაში.

 ერთი ისტორია მოვისმინე, რომელიც ბატონ ვახტანგს ამერიკაში გადახდენია:

 იმ წელს საბჭოთა მოჭიდავეთა ნაკრები პირველად გაემგზავრა ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნაკრებში იყო ვახტანგ ბალავაძეც, რომლის ძალაც უკვე ოკეანის იქითაც იცოდნენ. პირველ დღეს ვახტანგმა ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგე. მეორე დღესაც. აი, გადამწყვეტ მესამე დღეს კი მსაჯი აშკარად ჩაგრავს. ერთი სუფთა გდება არ ჩაუთვალა. ვახტანგმა საგანგებოდ მოვლილ ვეება ულვაშზე ჩამოისვა ხელები, ისევ ეკვეთა მეტოქეს, ის ისაა უნდა გააკრას ხალიჩას და… ისევ უადგილო სასტვენი. კვლავ არ ჩაუთვალა მსაჯმა.

 ისევ ჩამოისვა დინჯად ხელი ულვაშებზე ბალავაძემ და საცოდავი ამერიკელი ბეჭებით მიაჭედა ხალიჩას. უკვე ფონს გასულმა,  ისევ დააპირა ულვაშებზე ხელის ჩამოსმა, რომ ვიღაც ადგილობრივი გადმოხტა, სანამ ვინმე რამეს მოიფიქრებდა, ვახტანგს პირდაპირ ულვაშზე ეცა და მოსწია. ერთ ხელს მეორეც მიაშველა და ორივე ხელით ქაჩავს ულვაშს. ერთი ხელის გაქნევით მოისროლა ბალავაძემ თავხედი „მოიერიშე“. მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა. იმ ულვაშის „მტერს“ უფიქრია, ალბათ, მიწებებული აქვს, როგორც თილისმას ხელით ეხება, ახალი ენერგიით იმუხტებაო და უნდოდა ემხილებინა, თუმცა, საპასუხოდ, დაუვიწყარი ალიყური გამოსტყუა ქართველს.

 მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე წონის უპირობო ფავორიტად მიჩნეული, აშკარად სუსტ იაპონელთან შეხვედრაში „პარტერში“ ჭიდაობამ დააღალატა და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ჭიდაობის ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ვახტანგ ბალავაძეს გაცილებით მეტისთვის უნდა მიეღწია, თუმცა ის, რაც თავად ვერ მოახერხა, მისმა მოწაფემ და შვილივით აღზრდილმა ლევან თედიაშვილმა გამოასწორა. ლევანის აღიარებით მისი წარმატებების 50 % სწორედ ბატონი ვახტანგის დამსახურებაა: „მან მასწავლა ხალიჩაზე აზროვნება და  გადაწყვეტილების წამებაში მიღება. როდესაც გვერდით მყავდა მშვიდად ვიყავი. მან იმდენი გაიღო ჩემთვის, რომ ღალატის უფლება უბრალოდ არ მქონდა“. არც უღალატია და დღემდე უახლოესი ურთიერთობა აქვთ. ბატონ ვახტანგს მალე 90  წელი შეუსრულდება და, იმედია, ქართველი საზოგადოება ღირსეულად დააფასებს ჭიდაობისა და ადამიანობის უბადლო პროფესორს.


ყველა ახალი ამბავი
0