თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელის ლეონიდ თიბილოვისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადისლავ სურკოვის შეხვედრის კომენტირებისას.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურის ლეონიდ თიბილოვის პრესსამსახურის შეტყობინებით, იგი აპირებს რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას სამხრეთ ოსეთში, რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრისას თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შეერთება სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა.
„რა თქმა უნდა ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ არათანამიმდევრულ, პროვოკაციულ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს“, — განუცხადა გიგიაძემ ჟურნალისტებს სამშაბათს, 20 ოქტომბერს.
თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ხელმღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ სურკოვთან შეხვედრისას თიბილოვმა რუსეთთან ინტეგრაციის საკითხი განიხილა და არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი.
თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში — რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.