თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ მაუწყებლობის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავს „რუსთავი 2–ის“ მაუწყებლობის შეჩერების, საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან, ეს კომპანია მისი გენერალური დირექტორის საკუთრება არ გახლავთ. დიახ, გენერალური დირექტორია ის სუბიექტი, რომლის გამოც, „რუსთავი 2–ის“ მიმართ არსებული დამოკიდებულება დღეს არ არის იმდენად თბილი, როგორსაც იმსახურებენ ნიჭიერი პროდიუსერები და ჟურნალისტები. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან „რუსთავი 2 „ თავის ნიჭიერი კადრებით, და მისი დღევნდელი გენერალური დირექტორი, რომელიც ამაყად გვამცნობდა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დაყადაღების შესახებ“,–განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელეკომპანიის მაუწყებლობის გასათიშად 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეცრაზმი გამოიყენა. „იმედს“ასევე ერთ ღამეში შეუჩერდა ლიცენზია, შემდეგ დაყადაღდა მისი ქონებაც. „რუსთავი 2 –ის“ ამჟამინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვრამიას იმ პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„დღეს თავისუფალი სიტყვისა და მედიის დამცველებად გვევლინებიან ადამიანები, რომლებიც მეხსიერებაში ჩარჩნენ, როგორც სწორედ ამ ფასეულობებზე თავდამსხმელები. ამიტომ, მათი პირადი ინეტრესები, როგორც ჩანს, უფრო მაღლა დგას, ვიდრე თემები, რომლებზეც ისინი საუბრობენ“, –განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს, 19 ოქტომბერს სასამართლო დარბაზიდან გააძევა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მოსამართლესა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც გვარამიას გაძევების მიზეზი გახდა.
"ბატონი ნიკა არღვევს წესრიგს, შეურაცხყოფს სასამართლოს დემონსტრაციულად, და მე მინდა, გავაძევოთ დარბაზიდან. ბატონი ნიკა გვარამია გაძევებულ იქნას დარბაზიდან. გაიყვანეთ, ბატონებო", — მიმართა მოსამართლემ მანდატურებს.
გვარამია, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მოსამართლისთვის დისკომფორტს წარმოადგენს გვარამიას სასამართლო დარბაზში ყოფნა.
"როგორც ჩანს, მოსამართლისთვის არ იყო ჩემი იქ ყოფნა საჭირო, იმიტომ რომ დისკომფორტს წარმოადგენს ჩემი იქ ყოფნა და საერთოდ, თავისუფალი მედია წარმოადგენს დისკომფორტს მისთვის. ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს პროცესზე, ის არ წარმოადგენს სასამართლო სისტემას“, — განაცხადა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" —ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაედო ტელეარხის ქონებასა და მის მფლობელთა წილებს, ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანია არაერთხელ გახდა ახალი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ამჟამად მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილს ეკუთვნის, ხოლო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ დაადანაშაულა ტელეკომპანია სიცრუეში.