თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს უფრო მეტად დაუახლოვდა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის “ მმართველობის პერიოდში, — თვლის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
„საქართველოს საგარეო კურსი არათუ არ შეცვლილა, ბოლო დროს ამ მიმართულებით ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ადრე არ გადადგმულა. მართალია, ამას ბევრმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი საერთაშორისო ასპარეზე, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპული და ევროტლანტიკური სტრუქტურებისკენ არ შემცირებულა“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, ქართულ პოლიტიკაში არც პრორუსული ძალების არსებობის შესახებ შეიძლება დარწმუნებით საუბარი.
„პრორუსული ძალები საქართველოში, ალბათ არიან, ოღონდ ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება მათი მოხსენიება პოლიტიკურ ძალად, რადგან არც ერთ ჯგუფს არ განუცხადებია, რომ ისინი მხრს რუსეთის პოლიტიკას უჭერენ. არიან ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველომ რუსეთს ანგარიში უნდა გაუწიოს, მაგრამ მხოლოდ ამ ნიშნით ვინმეს პრორუსულ ძალად მონათვლა მართებულად არ მიმაჩნია“, –განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი არც NDI-ს მიერ ჩატარებული იმ კვლევის შედეგებს ენდობა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოზე რუსეთს დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს.
„ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე იზრდება და არც NDI —ს ვენდობი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ სოციოლოგიური განყოფილებაა“, –აღნიშნა პოლიტოლოგმა
NDI-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობის აზრით, საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა დიდია.
შეკითხვაზე: როგორი პოლიტიკური გავლენა აქვს დღეს რუსეთს საქართველოზე? – გამოკითხულთა 48 %-ის შეფასებით, პოლიტიკური გავლენა დიდია, 31 % ფიქრობს, რომ "საშუალო", ხოლო 16 %-ის აზრით, "მცირე/არანაირი". 14 %-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება იმავე შეკითხვას ეკონომიკური კუთხით, რესპონდენტთა 31 %-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთს დიდი გავლენა აქვს, 27-27 %-ის შეფასებით კი საშუალო, ან მცირე. გამოკითხულთა 13 % მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე დიდი გავლენა კულტურული თვალსაზრისით აქვს, 11 %-ის შეფასებით კი, დიდი გავლენა არსებობს რუსეთის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, გამოკითხულთა უმეტესობის – 44 %-ის აზრით, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა, 36 %-ის შეფასებით – იგივე დარჩა, 6 %-ის აზრით კი, შემცირდა. რაც შეეხება ევროკავშირს, რესპონდენტების 17 % ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოზე ევროკავშირის გავლენა გაიზარდა, 52 %-ის აზრით – იგივე დარჩა, 10 % კი ფიქრობს, რომ შემცირდა.
სოციოლოგიური კვლევა „საზოგადებრივი აზრი საქართველოში“ 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი ინტერვიურების გზით, გამოიკითხა, დაახლოებით, 4 448 ადამიანი. ცდომილება შეადგენს 3,01%-ს.
NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო(SIDA) აფინანსებს, გამოკითხვებს კი კავკასიის კვლევათა რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.