თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik.ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობის თაობაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როდესაც ეს ორგანიზაცია რეალურ ეკონომიკურ–პოლიტიკურ კავშირად ჩამოყალიბდება, — განაცხადა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ.
„ჯერჯერობით, ეს კავშირი რეალურ ეკონომიკურ–პოლიტიკურ კავშირად ჩამოყალიბებული არ არის. გასაგებია, რომ რუსეთის მხრიდან იდეა არსებობს, მაგრამ დღესდღეისობით, მჭიდრო გამოკვეთილი კონტურები მას მიღებული არ აქვს და პერსპექტივებიც ცნობილი არ არის“, –აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, ევრაზიული კავშირის ერთ–ერთი წევრი ქვეყანა — ყაზახეთი, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ყაზახეთი იძულებული იქნება, ევრააზიური კავშირის მოთხოვნებზე წინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სატარიფო სისტემა დააყენოს და დააყენებს კიდეც, რადგან ამით უფრო კონკურენტულს გახდის თავის ქვეყანას.
„დღეს არ შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ კავშირში გაწევრიანებისგან. ახლა ეს თემა დღის წესრიგში არ შეიძლება იდგეს, რადგან არ შეიძლება შეხვიდე ისეთ ორგანიზაციაში, რომლის პერსპექტივებიც გამოკვეთილი არ არის. რა იქნება წლების შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს აქვს თავისი მიზანი, მან სახელმწიფო უნდა ააშენოს“, –მიაჩნია დემურ გიორხელიძეს.
ანალიტიკოსის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წელი გავიდა და ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა და მიგრაცია დომინირებს. „როცა საქართველო ფეხზე დადგება, სად გაწევრიანდეს და სად არა — ამაზე პოლიტიკოსების ის თაობა იფიქრებს, რომელიც იმ დროს ხელისუფლებაში იქნება. დღეს ეს თემა არ არსებობს და ამიტომ განხილვაც არ ღირს“, –განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედი მომხრეა, რომ ქვეყანა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს. კერძოდ, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლას საქართველოში გამოკითხულთა 31% ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 46% მხარს არ უჭერს ამ იდეას. 22%-მა არ იცოდა, რა ეპასუხა, ხოლო 1%-მა უარი თქვა პასუხზე.
კვლევის მეორე ნაწილის — „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ — შედეგები შაბათს, 17 ოქტომბერს წარმოადგინა NDI-ის ოფისის დირექტორმა საქართველოში ლორა ტორნტონმა (Laura Thornton).
სოციოლოგიური კვლევა „საზოგადებრივი აზრი საქართველოში“ 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი ინტერვიურების გზით, გამოიკითხა, დაახლოებით, 4 448 ადამიანი. ცდომილება შეადგენს 3,01%-ს.
NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო(SIDA) აფინანსებს, გამოკითხვებს კი კავკასიის კვლევათა რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.