აფბა:“ახალი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური გარემოა“

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა უკვე აისახა საქართველოზე, როდესაც ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი —Sputnik. ახლადშექმნილი ბიზნეს-სუბიექტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის მაკროეკონომიკური გარემოა,რომელიც მათ რეგისტრაციის შემდეგ დახვდებათ, — მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტს შოთა გულბანს.

 „ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო საკმაოდ პოზიტიურია. ამ მხრივ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტიც იმგვარად არის შედგენილი, რომ ლარის კურსზე ნეგატიური  გავლენა არ უნდა მოახდინოს. სამწუხაროდ, ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, როდესაც ჩვენს  მეზობელ ქვეყანაში, რომელთანაც მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გაქვს, ვალუტა უფასურდება და მოსახლეობას აღარ აქვს  შესალებლობა, ჩვენი პროდუქცია შეისყიდოს. ეს პირდაპირ აისახება  ექსპორტზე და პირდაპირ კავშირშია ბიზნეს-აქტივობის შემცირებასთან. აქედან გამომდინარე, გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია“, –აღნიშნა შოთა გულბანმა.

 არასამთავრობო ორგანიზაციის ვიცე–პრეზიდენტის თქმით, ჩვენთვის ტრადიციულ, უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა უკვე აისახა საქართველოზე, როდესაც ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. 

 „მოგეხსენებათ, თუ რა უარყოფითი ეკონომიკური ზრდის ტემპია მოსალოდნელი უკრაინასა და რუსეთში. ეს ორი ქვეყანა კი მნიშვნელოვანი ბაზრებია ქართველი ექსპორტიორებისათვის. სხვა მხრივ, მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში, ვფიქრობ, მეტნაკლებად იძლევა ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას. 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სექტემბრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენის თანახმად,  

2015 წლის იანვარ-აგვისტოში, საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა, მრეწველობის დარგის გარდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2015 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2015 წლის აგვისტოში 6.2%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 3.0%-ით შემცირდა. ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებსა და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 26%-ით შემცირდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.0%-ით შემცირდა და 2,464 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 „აფბას“ ვიცე–პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარზე გახდეს. 

 „ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის 80% იმპორტირებულია, ხოლო 20% — ადგილობრივი წარმოებისაა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახადოს“, –აღნიშნა შოთა გულბანმა.

 საქართველოში 2015 წლის სექტემბერში 3 859 ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც 35,7%-ით მეტია 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით, და 8,1%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბიზნეს-სუბიექტების საერთო რაოდენობიდან 96,9% საწარმოოა, რაც 34,9%-ით მეტია 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით; ხოლო 3,1% არასაწარმოოა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 66,7%-ით მეტია.

 „აფბას“ ვიცე–პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბიზნეს-გარემო აშკარად გაუმჯობესებულია და ამას ის  სუბიექტებიც ხვდებიან, რომლებიც ქვეყენაში  საქმიანობის წამოწყებას გეგმავენ. 

 „მთავრობის მხრიდან აღარ ხდება ბიზნესის რეკეტი,რაც წინა ხელისუფლების დროს გადასახადების ამოღების აპრობირებული მეთოდი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გადასახადების ადმინისტრირება, ქვეყანაში ჩატარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს-ფორუმები, როგორიც არის, მაგალითად, აბრეშუმის გზის ფორუმი. გარდა ამისა, ხორციელდება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტი და, ამ  ყველაფრის ანალიზის ფონზე, ბიზნესმენს, რომელიც საქმიანობის დაწყებას ფიქრობს, აქვს სტიმული სამომავლოდ პოზიტიური განწყობა ჰქონდეს“,–განაცხადა შოთა გულბანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0