თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. გაერომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მორიგი გამწვავების ფონზე, სამშაბათს ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტით მიემგზავრება.
„გენერალურმა მდივანმა ისრაელსა და პალესტინაში მზარდი ძალადობის გამო თავისი მწუხარება და ღრმა შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა. დაძაბულობის შესუსტების მცდელობის მიზნით, ის რეგიონში დღეს (20 ოქტომბერს) მიემგზავრება და შეხვდება ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსს მაჰმუდ აბასს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თვის დასაწყისიდან დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის სხვადასხვა რაიონებში ადგილობრივ მოსახლეობასა და ისრაელის სამხედროებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები ყოველდღიურად ხდება. პალესტინის მხარის მონაცემებით, არიან დაღუპულები, რამდენიმე ასეული ადამიანი დაჭრილია. ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე დამატებითი საჯარისო ქვედანაყოფები შეიყვანა, იერუსალიმის არაბულ კვარტლებში ათასობით პოლიციელი გადაიყვანა და პალესტინელებისთვის იერუსალიმის „ძველი ქალაქი“ – კედლით შემოფარგლული იერუსალიმის ისტორიული ცენტრი, სადაც ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმინდა ადგილებია, ორი დღე–ღამით დაკეტა.