რუსუდან პირველი
გარდატეხის ასაკი ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის ყველაზე რთული ეტაპია. (10-17 წწ) ეს ის პერიოდია, როცა ბავშვობა უკვე გასულია, მაგრამ მოზრდილობის ასაკი ჯერ არ დამდგარა. მას ხშირად სწყინს, ღიზიანდება, გრძნობს, რომ სხვებისგან გამორჩეულია და ამას (რატომღაც!) ვერ ამჩნევენ. ამ დროს მოზარდი მშობლებს საყვედურობს და უმტკიცებს, რომ უკვე დამოუკიდებელია. ესმის, როგორ ამბობენ მის ზურგს უკან, რომ ის გარდატეხის ასაკშია და გაუვლისო. ვერ იგებს, რა შუაშია გარდატეხა და რატომ ვერ უგებენ. მაინც რა პერიოდია ეს და რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმსა და მის ფსიქიკაში? ამის გარკვევაში ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი სოფიო ვერულაშვილი დაგვეხმარება.
— ქალბატონო სოფიო! თუ შეიძლება, აგვიხსნათ მოზარდის ფსიქიკაში გარდატეხის პერიოდში რა ცვლილებები ხდება?
- ბავშვის მოწიფულობაში გადასვლა მეტად მრავალფეროვანი და რთული პროცესია. იგი დაკავშირებულია უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებათშორისი ურთიერთობების რღვევასთან, ღირებულებების გადაფასებასთან, ცხოვრებისა და ქცევის პირობების შეცვლასთან. მოზარდის ფიზიკურსა და სქესობრივ მომწიფებას განსაზღვრავს ენდოკრინული ცვლილებები, რომელიც სწრაფ ზრდას, რეპროდუქციული ორგანოების განვითარებასა და მეორადი სქესობრივი ნიშნების აღმოცენებას მოიცავს. სქესობრივი მომწიფების პროცესი ძლიერ ზეგავლენას ახდენს მოზარდის სულიერ ცხოვრებაზე, მის განწყობასა და ინტერესებზე. აქედან გამომდინარე, გარდამავალი ასაკის თავისებურებების უკეთ გასაგებად სქესობრივი მომწიფებისა და განვითარების პროცესის ცოდნა და გათვალისწინებაა საჭირო.
- რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს?
- მოგახსენებთ, რომ სქესობრივი მომწიფება ხუთ სტადიას მოიცავს:
1. წინაპუბერტატი- პერიოდი, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს სქესობრივ მომწიფებას;
2.პუბერტატის დასაწყისი — ვაჟებს უმნიშვნელოდ ეზრდებათ სათესლე ჯირკვლების ზომები, ეწყებათ ბოქვენის გათმოვანება; გოგონებს ეწყებათ მკერდის ჯირკვლების ზრდა. ამ სტადიაზე ძლიერ აქტიურდება ჰიპოფიზის ზრდის ფუნქცია, უფრო მეტად გოგონებთან. ძლიერდება სქესობრივი ჰორმონების გამომუშავება, აქტიურდება თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციაც;
3.ვაჟებთან გრძელდება სათესლე ჯირკვლების ზრდა და პენისიც იზრდება. ბოქვენის გათმოვანება გრძელდება. ვაჟები სიმაღლეში იმატებენ; გოგონებს სარძევე ჯირკვლები ეზრდებათ, სქესობრივი ჯირკვლების ფუნქცია უაქტიურდებათ, მენსტრუაციული ციკლი ეწყებათ.
4. ვაჟებს ხმა უბოხდებათ, იწყება სახისა და იღლიის გათმიანება, სიმაღლეში ზრდა აქტიურდება; გოგონებს ინტენსიურად ეზრდებათ სარძევე ჯირკვლები. ანდროგენისა და ესტროგენების გამოყოფა ხშირდება.
5. ვაჟებსა და გოგონებს საბოლოოდ უყალიბდებათ სქესობრივი ორგანოები და მეორადი სასქესო ნიშნები; მენსტრუაციული ციკლი სტაბილურდება; ბიოლოგიური სქესობრივი მომწიფება სრულდება.
- ქალბატონო სოფიო, იმის გამო, რომ მოზარდების ორგანიზმი გარკვეულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდის და ისინი გარეგნობითაც იცვლებიან, ყოველი ეს ალბათ მათში გაღიზიანებას იწვევს?…
-საქმე ისაა, რომ აღნიშნულ პერიოდში სუნთქვის სქესობრივად განსხვავებული ტიპიც ყალიბდება: ვაჟებს სუნთქვის მუცლისმიერი ტიპი უყალიბდებათ, გოგონებს კი მკერდისმიერი. მოზარდების ზრდა არათანაბრად მიმდინარეობს, რაც ძვლებისა და კუნთების დროებით არაპროპორციულ განვითარებას იწვევს. შეინიშნება მოზარდის მოძრაობის კოორდინაციის დისჰარმონია, მოუქნელობა, სიტლანქე, რაც ასაკის მატებისას გაივლის. სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნების გამოვლენასთან ერთად, მოზარდის სხეულის აგებულება ირღვევა, რასაც პუბერტატის დისჰარმონია ეწოდება. დისჰარმონიის პროცესს თავის ნაწილების სიდიდეთა ურთიერთმიმართების დარღვევაც აძლიერებს, მკვეთრად იზრდება ცხვირი, ნიკაპი, ყურები, რის გამოც ბავშვის ადრინდელი გარეგნობა და პროპორცია იცვლება. ამგვარი მდგომარეობა დროებითია და ამის ცოდნა მოზარდისთვის მნიშვნელოვანია, რათა უსიამოვნო განცდები თავიდან აიცილოს. გარდატეხის ასაკში მოზარდები მოუსვენრები და ნერვიულები ხდებიან. მათი მოძრაობა სიზუსტეს კარგავს. უცბად დაგრძელებული კიდურები თითქოს ებორკებათ და თავისუფლად მოძრაობაში ხელს უშლით. მოზარდი ამ დროს ვერ ფლობს საკუთარ სხეულს, ხშირად რაღაცას წამოედება, ტეხავს ან აფუჭებს. ყოველივე ამის გამო იგი თავს სასაცილოდ და მოუქნელად აღიქვამს, თან ამას მტკივნეულად განიცდის.
—ქალბატონო სოფიო, გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოფაქტორების გათვალისწინებით, მოზარდებში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება ხდება?
— აღნიშნულ ასაკში, მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარებაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. მოზარდის გულის მოცულობა მნიშვნელოვნად იმატებს, ხოლო სისხლძარღვთა დიამეტრი მის ზრდას ჩამორჩება, რის გამოც ტვინს ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიღება უჭირს; არტერიული წნევა იზრდება, გულის მუშაობა იძაბება. ყოველივე ამის გამო, მოზარდს აღენიშნება თავბრუსხვევები, თავის ტკივილი, გულისცემის გახშირება, სისუსტე და დაღლილობა, რაც მის ფსიქიკაზე გარკვეულ კვალს ტოვებს; ამ დროს მოზარდი მომეტებულად აღგზნებულია, გაღიზიანებული; შფოთავს, “ფეთქდება,” რამაც შეიძლება აფექტის სახეც მიიღოს. სწორედ გარკვეული ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებენ არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას, მოზარდი ზედმეტად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ. იგი მწვავედ რეაგირებს იმ ცვლილებებზე, რომელიც მას თანატოლებისაგან გამოარჩევს. ვაჟების დაბალი ტანადობა და გოგონების ჭარბი სიმაღლე ზოგჯერ ძლიერი უარყოფითი განცდებისა და არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების საფუძველი ხდება.
- თქვენ ახსენეთ, ნაადრევი პუბერტატი, იქნებ აგვიხსნათ რას წარმოადგენს იგი?
—ეს პროცესი გახლავთ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. გოგონებსა და ვაჟებს შორის იგი განსხვავებულია. გოგონებთან მას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტი. თუკი ნორმალური განვითარების შემთხვევაში, გოგონები ვაჟებზე სავარაუდოდ ორი წლით ადრე აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს, ნაადრევი განვითარების დროს ეს სხვაობა შეიძლება 4-6 წლამდეც გაიზარდოს. ასეთ დროს გოგონა, გარკვეულად, გამოეყოფა ჯგუფს და თანატოლები მას “თეთრ ყვავად” აღიქვამენ. დადებითი ასპექტი ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისა კი არის ის, რომ გოგონასთვის თავის სქესთან იდენტიფიკაცია სასარგებლოა. მისი თვითშეფასება მატულობს, რადგან მაღალი კლასის ვაჟების, საერთოდ მოზრდილი ადამიანების, ყურადღების ცენტრში ექცევა. რაც შეეხება, ვაჟებს, ადრეული სქესობრივი მომწიფებისას, ისინი ლიდერები ხდებიან ყველგან, კლასი იქნება ეს, ეზო, თუ ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნებიან. მათ, არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, აზროვნების წესიც ეცვლებათ. მათაც უყალიბდებათ მაღალი თვითშეფასება. ამას კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დაგვიანებულ სქესობრივ მომწიფებას უარყოფითი შედეგები აქვს, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ეს ხშირად ფსიქოლოგიური ტრავმებისა და კომპლექსების მიზეზი ხდება. მოზარდებს მძაფრი სურვილი აქვთ, მალე დაკაცდნენ, მალე დაქალდნენ, რაც შეიძლება, მალე დაემსგავსნონ დიდებს. თანატოლები სქესობრივ განვითარებაში ჩამორჩენილ მოზარდ ვაჟს, სერიოზულად არ აღიქვამენ, უფროსებიც ბავშვად მიიჩნევენ მას. ყმაწვილს დაბალი თვითშეფასება უყალიბდება, რისგან თავის დაღწევასაც — მოზრდილ ასაკში — ძალზე ცოტა თუ ახერხებს.
— ფიზიოლოგიურთან ერთად მოზარდში კიდევ რა სახის ცვლილება ხდება?
-ფიზიოლოგიურ და სოციალურ ცვლილებებთან ერთად მოზარდის შემეცნებითი შესაძლებლობებიც იცვლება. ეს გამოიხატება აზროვნების განვითარებაში (ფორმალური ოპერაციების დონეზე). ამ დროს მოზარდს უჩნდება თვითანალიზის და თვითკრიტიკის მოთხოვნილება, რაც ეგოცენტრიზმის ახალ ფორმას წარმოშობს. ამ დროს მოზარდი ხშირად იწყებს ლექსების, ჩანახატებისა თუ დღიურების წერას. ადამიანთა უმრავლესობა სწორედ გარდატეხის ასაკში კითხულობს ყველაზე მეტ მხატვრულ ლიტერატურას. მოზარდის შინაგანი ცხოვრება დაძაბული, მდიდარი, ინტენსიური ხდება, რაც მას საკუთარი გამორჩეულობის განცდას უმძაფრებს. განსაკუთრებით დიდია ამ ასაკში ფანტასტიკისადმი ინტერესი. ყმაწვილი ეწაფება ამ ჟანრის ლიტერატურას, რადგან ეს მას აშორებს რეალობას, რომელიც ხშირად არ შეესაბამება მის “განსაკუთრებულობას”. ამავე მიზეზით და სწორედ ამ ასაკში მოზარდები ნარკოტიკულ ნივთიერებებს ეტანებიან.
— ქალბატონო სოფიო, რატომ ხდებიან მოზარდები ამ პერიოდში ყველაზე აგრესიულები მშობლების მიმართ?
—საქმე ისაა, რომ ისინი მტკივნეულად განიცდიან იმას, რომ ასეთ “განსაკუთრებულებს”, ასეთი “ჩვეულებრივი” მშობლები ჰყავთ. მოზარდს, რომელსაც მიაჩნია, რომ ძალიან “მაგარია”, რცხვენია, მშობლის, რომელიც მისი “საკადრისი” არ არის ან გარეგნობით, ან ჩაცმულობით, ან საუბრის მანერით, ამიტომ უშლის მას ხშირად სკოლაში მისვლას. სრულიად უწყინარი ყმაწვილი, შესაძლოა, ამ ასაკში უდიერი და უტიფარი გახდეს. დროთა განმავლობაში ეს გაივლის, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უმტკივნეულოდ. მოზარდთა ეგოცენტრიზმი სუსტდება, რადგან გარდამავალი პერიოდის დასასრულს, ვაჟები და გოგონები უკვე აცნობიერებენ, რომ მთელი სამყაროს ყურადღების ცენტრში არ იმყოფებიან. ოჯახი მოზარდის დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას უნდა შეეგუოს. ეს ხომ ბუნებრივი სამზადისია მისი მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ოჯახთა უმრავლესობა გარდამავალი პერიოდის სიძნელეებს თბილი, უშუალო, მოქნილი ურთიერთობით წარმატებით უმკლავდება. მოზარდი, რომელიც საკუთარ თავში საყრდენს ვერ პოულობს, სხვისგან ითხოვს დახმარებას. მისი შიში, აგრესიულობა, გაღიზიანება სინამდვილეში შველის მუდარაა. უფროსები, რომელთაც იციან, როგორი ფაქიზია მოზარდის ბუნება, როგორ მწვავედ და გამძაფრებულად აღიქვამს იგი მისადმი გარშემომყოფთა დამოკიდებულებას, არ დაუშვებენ იმ შეცდომებს, რომელიც მათ შვილის ნდობას დააკარგვინებთ. მშობლები ხშირად, სამწუხაროდ, ვერც ხვდებიან, თუ რა ხდება მოზარდის სულში.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბრის თემა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს ეხებოდა. ამ პერიოდის სპეციფიკა, უპირველესად, მათ უნდა გაითვალისწინონ, ვისაც ყველაზე ხშირი და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მოზარდებთან, პირველ რიგში კი, რაღა თქმა უნდა, მშობლებმა.