რუსუდან შაიშმელაშვილი
ალბათ ყველას გახსოვთ, მარლონ ბრანდო და ვივინ ლი, ელია კაზანის კლასიკად ქცეული ფილმში „ტრამვაი, სახელად „სურვილი“. ტენის იულიამსის ეს კლასიკური პიესა, რომელიც ყოველთვის დიდი გამოწვევა იყო მსახიობებისათვის, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა რეჟისორების მიერ არაერთ ქვეყანაში დაიდგა. რეჟისორ ქეთი დოლიძეს ამ პიესის საქართველოში დადგმის დიდი ხნის სურვილი ჰქონდა. ჩვენ ვეწვიეთ ქალბატონ ქეთის თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში და მას და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს პრემიერამდე 20 წუთით ადრე გავესაუბრეთ.
— ქალბატონო ქეთი, როგორია წინა საპრემიერო განწყობილება?
— მგონი, ძალიან კარგი. ერთი წლის წინ, როდესაც თავიდან გადავიკითხე ეს პიესა, მიხვდი, რომ აბსოლუტურად არ მინდოდა ის, რაც გააკეთა ელია კაზანმა. იქ პრაქტიკულად, მარლონ ბრანდოს არსებობამ შეჭამა მთელი ფილმი. არავის არ ახსოვს ვივიენიც კი, რომელიც გიჟს თამაშობდა. უცებ მივხვდი, პიესა სულ სხვა რამეზეა დაწერილი. ბატონი მიშა ყოველთვის ამბობდა, რომ ფაშიზმი არის უხამსობა, ეს არის ტანკი, რომელიც მოდის და რომელსაც ვერ გააჩერებო. საუბედუროდ, ბლანშის ტიპის მსგავსი ადამიანები ყოველთვის იღუპებიან, მაგრამ თავის პრინციპებს არ თმობენ. ამიტომ მე და ნინელი ჭანკვეტაძემ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ეს ქალი არ უნდა იყოს გიჟი. ის ბოლომდე „მეოცნებედ“ რჩება და მთავარი ფრაზა ამ ქალისა არის სიტყვები: „მე კი სასწაული მინდა“ და თვითონვე თხზავს ამ სასწაულს. ჩემმა მსახიობებმა ამას ყველაფერს წარმატებულად გაართვეს თავი. ნინელი თავისთავად დედოფალია. ჩემთვის 20 წლის მერე, აღმოჩენა იყო თემო გვალია. ძალიან კარგად თამაშობენ სპექტაკლში იმედა არაბული და ვანიკო დუგლაძე — ორი სტენლი. მე ვფიქრობ, „ამერიკული“ სპექტაკლი გამოვიდა.. პირველ როგში — დიდი მადლობა მსახიობებს, არაჩვეულებრივ მხატვარს მამუკა ტყეშელაშვილს, ყველას: ანი მურღულიას, სოფო ქორიძეს, ლალი ბადრიძეს, ხატიას, ზურიკო გოგორიკიძეს, ჩვენს სუპერ-გამნათლებლებსა და მთელ ჯგუფს. მადლობა, რომ მყავხართ…

მსახიობი იმედა არაბული:
—სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობ და შენს გმირს ფილმში განუმეორებელი მარლონ ბრანდო ასრულებდა..
- ბრანდო ჩემი კუმირია. ვთვლი, რომ არსებობენ კაშკაშა ვარსკვლავები, მაგრამ ის მაინც პირველი მსახიობია. მარტო თამაშზე ხომ არ არის, საერთოდ, თვითონ ბრანდოს ტიპაჟს უხდებოდა ეს როლი. გამიხარდა თუნდაც იმიტომ, რომ თუ არსებობს დრამატურგიაში მამაკაცის საუკეთესო როლების ათეული, მათ შორის ერთ-ერთი — სტენლი კოვალსკია. მადლობა ქალბატონ ქეთის, რომ მანდო და დამაკავა ამ როლზე. ვიწვალეთ, ვიმუშავეთ. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. რაც შეეხება ჩემს თამაშს, საერთოდ ვთვლი, რომ მსახიობმა არ უნდა ილაპარაკოს, ჩვენ სცენაზე ვლაპარაკობთ. მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ესა თუ ის ვერსია, მიიღოს თუ არა, თუნდაც, ჩემი თამაში…
მსახიობი თემურ გვალია:
— წეღან ქეთი დოლიძემ აღნიშნა, რომ თემურ გვალია ჩემთვის აღმოჩენა იყოო..
— მადლობა ქეთის ამისთვის. ამის მოსმენა მისგან, გულწრფელად, სასიამოვნოა. ჩემი გმირი სხვებზე დამოკიდებული, ზედმეტად წესიერი ადამიანია. რთული ადამიანიცაა, ჩემთვის ცოტა გაუგებარიც, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა ადამიანი ვარ. ამიტომ ამ გმირის შექმნა ჩემთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესო იყო.
ქეთი ასათიანი:
-ეს როლი ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო იმიტომ, რომ ჩემი გმირი სახასიათოა. მოგეხსენებათ, მოქმედება „ნიუ-ორლეანში“ ვითარდება. ისედაც ინტერნაციონალურია ამერიკა და ჩემი გმირი მეოთხე თაობის იტალიელია, მაგრამ როგორც გურულს ეტყობა, რომ გურულია, ისეა ეგეც. როდესაც ჩემი პერსონაჟის პორტრეტს ვეძებდი, ბევრი ძებნა არც დამჭირვებია. ბევრი რამ ქეთისაგან ავიღე, ხომ იცით, გურულია, ცოცხალი, პირდაპირი და გულღია. ჩემი პერსონაჟის საყრდენი ქეთი იყო.
სპექტაკლმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელთან ერთად საათნახევარი ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში დავყავი, მაგრამ მაინც ძალიან თანამედროვე ქართულ ამბავს ვუყურებდი. პრემიერის შემდეგ მთავარი როლის შემსულებელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ კითხვაზე კმაყოფილია თუ არა თამაშით, მიპასუხა:
— ჩემს კმაყოფილებამდე შორია… ჯერ რამდენიმე სპექტაკლი მაინც უნდა ვითამაშო. თავისთავად,,შიგნიდან“ კარგად ვგრძნობ ჩემს პერსონაჟს.,,გარედან“ შეგნებულად არ ვუყურებ, არ მინდა, რომ დავინახო. მეშინია, ამან ხელი არ შემიშალოს. მადლობა ქეთის. ეს როლი მსახიობი ქალისთვის მართლაც საოცნებოა. მადლობა მას, რომ მენდო. ვფიქრობ, სპექტაკლი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. სათქმელი მგონი ძალიან თანამედროვეა. ჩვენს გარშემო ასეთივე უხამსობასა და უხეშობას ხშირად ვხვდებით. ძალიან გვაკლია ის ფაქიზი გრძნობები, რისთვისაც ღმერთმა ადამიანი გააჩინა. უმეტესობა სადღაც პირველყოფილისაკენ მივილტვით და არ გვინდა, წინ წავიდეთ — როგორც ამას ჩემი გმირი ამბობს. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ყოველთვის უმცირესობაში არიან, მაგრამ სამყაროს განვითარება მაინც მათზეა დამოკიდებული, თუ რასაკვირველია, ჩემი გმირის მსგავსად მათაც საგიჟეთში არ გაამწესებენ…
- დიდი მადლობა და წარმატებულ პრემიერას გილოცავთ.