თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ყოფილი მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაციას მოითხოვდნენ დღეს ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ქალაქში - ქუთაისში, ბათუმში, გორში, ოზურგეთსა და გურჯაანში, იტყობინება 19 ოქტომბერს ქართული მედია.
საპროტესტო აქციები გასულ უქმეებზე ინტერნეტში იმ ვიდეო კადრების გავრცელებას მოჰყვა, რომელშიც ასახული იყო, როგორც დადგინდა, შსს-ს თანამშრომლების მიერ, წამებისა და გაუპატიურების სცენები. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს მასალა 2011 წელს იყო გადაღებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე უკვე ბრალდებულად სცნო 11 პირი, რომელთა შორისაც წარსულში შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებიც არიან.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეჭრა სცადეს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა შესძლეს მათი შეჩერება. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია.
ბათუმში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა პარლამენტის წევრ ომარ მეგრელიძესა და აქციის მონაწილეებს შორის. პოლიციამ აქაც მოახერხა კონფლიქტის თავიდან აცილება.
გორსა და გურჯაანში აქციის მონაწილეებმა ყოფილი მმართველი პარტიის ოფისების კარები აჭედეს. იმ დროს ოფისებში არავინ იმყოფებოდა.
ინციდენტების გარეშე ჩაიარა აქციამ ოზურგეთში.