ენის შეჩვევამ – შეჩვევა იცის

© http://rustavi2.com/ka/news/29324რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა აქცია საქალაქო სასამართლოსთან
რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა აქცია საქალაქო სასამართლოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე

"რუსთავი 2“-ისა და ქიბარ ხალვაშის დავასთან საქალაქო სასამართლოში  დღეს გამართულმა  პროცესმა აქვე და ცოტა ადრე, 26 მაისის საქმის განხილვისას, ვანო მერაბიშვილს საქციელი გამახსენა. განსასჯელ ვანოს მოსამართლის რეპლიკა არ მოეწონა და მაგიდას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. თან მიაყოლა: „ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემაო".  იქვე, სასამართლოს მის მიმართ მეტი კორექტულობისაკენ მოუწოდა.

 ახლა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას — როცა მოსამართლეს იმას ეტყვი, რაც თქვი, თან მაგიდაზე ხელს დაარტყამ და ამისთვის, დარბაზიდან გაძევებას ვინ ჩივის, ხუთ ლარიან ჯარიმასაც კი არ გამოგიწერენ,- მამაცხონებულო, მეტი კორექტულობა იქნებაო?! რა გინდა, რომ უპასუხო? მაგრამ, სწორედაც რომ…

 ჯერ ერთი, მერაბიშვილი თვითონ იძლევა კორექტულობის უბადლო  მაგალითს. აბა დააკვირდით, ხომ შეეძლო ეთქვა: ნუ შემაჩვიე ენაო, მაგრამ ასეთი მიმართვა, ფამილარობად და მოსამართლისადმი უპატივცემულობად ჩაითვლებოდა, ამიტომაც ემოციაც და მიმართვაც ბრალდებულმა „თან"-იან მრავლობითში გადაიტანა და ნუ შემაჩვიეთ ენაო — განაცხადა.

 ამ ქვეყანაში ვანოს  მტრებს და პოლიტიკურად ანგაჟირებულებს რა გამოლევს. საიწყებენ ახლა, როგორ გაბედა ბრალდებულმა და მოსამართლეს მაგიდაზე ხელი როგორ დაურტყაო. კარგით ერთი! როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ასეთი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ? მადლობის მაგიერია? აბა, ის იქნებოდა კარგი, ვანოს რომ ფეხსაცმელი გაეხადა და მოსამართლისთვის ესროლა? სხვისი არ ვიცი, მე კი, იმ და ამ (დღევანდელი) მოსამართლისაც მესმის. ხომ შეიძლება, მოუცლელობისა და უამრავი საქმის მიუხედავად, შესვენების, ან ყავის დალევის მომენტში ადამიანმა პრესასაც გადახედო, ანდაც ინტერნეტში შეიხედო ცალი თვალით?! ჰოდა, ამ დროს  ვანოს რომელიმე საგაზეთო ან სატელევიზიო ინტევიუს, ან ნაცების და მიშას მუქარას თუ გადაეყარე, ხომ გაგისკდა გული, როცა წაიკითხავ:  – მიხეილ სააკაშვილი როცა დაბრუნდება საქართველოში, სამ თვეში ამოგალპობთ ციხეებშიო. აბა მიშას რას გაუგებ კაცი! ხვალვე რომ ჩამოვიდეს, სამ თვეში ხომ მოგჭამა ჭირი ამ ხელისუფლებამ და სად მიდიან მერე ვანოს მოსამართლე ხარჩილავა და,,რუსთავი 2“–ის საქმის განმხილველი ურთმელიძე? ხომ დაენგრათ  ყველა ოცნება?

 ხომ ხედავთ, ისევ ვანოს ტაქტსა და ზრდილობას უნდა ვუმადლოდეთ, თორემ ენა ნუ შემაჩვიე კი არა, ხათუნა ხარჩილავასთვის რომ ეთქვა: – ქალო, შენ ხომ არ… და აღარ გავაგრძელებ, სასამართლო მთლად ნასიამოვნები არ დარჩებოდა, მაგრამ  იმის გარანტიას გაძლევთ, რომ ვანოს  (ბოდიში მომითხოვია და) ფეხებსაც ვერავინ მოჭამდა! ზუსტად ისე, როგორც დღეს ნიკა გვარამიას, რომელმაც როგორც ოროსან სტუდენტს, ისე უკითხა მორალი მოსამართლეს! იურისტებისგან გვსმენია, რომ არც თუ იშვიათად, ყველაზე კარგი მოწმე განსასჯელის საქციელიაო.

 ისიც ცნობილია, რომ მოსამართლეს განაჩენი კანონთან ერთად, სინდისის კარნახითა და საკუთარ რწმენასთან შეთანხმებითაც გამოაქვს. სასამართლო პროცესზე დედის გინებისთვის არავის თხოვენ პასუხს და ჩვენ, იმედია, მოსამართლეებისთვის დასმული მარტივი შეკითხვისთვის არავინ გაგვასამართლებს. როცა ბრალდებულის სკამზე მჯდომი მერაბიშვილ-ახალია-უგულავები  და სხვის ქონებაზე ჟურნალისტად მომჯდარი ნიკა გვარამია ამდენს ბედავენ. როცა ცინიზმად ქცეულები უპასუხო შეურაცხყოფას აყენებენ სასამართლოს,  წარმოგიდგენიათ თუ არა, ქალაქის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პროკურორის სავარძლიდან, რას დამართებდნენ  დასაჭერად გამზადებულ დამნაშავეს თუ უდანაშაულოს?  მერე გიკვირთ და ვერ გაგიგიათ, რატომ არ სჯერა ხალხს თქვენი?! ამაზე რწმენა და სინდისი რას გეუბნებათ!

აქვე, თავს ვერაფრით ვიკავებთ, რომ ერთი შეკითხვა იუსტიციის საბჭოს არ დავუსვათ: –  რა ზაფრა შეგყარათ ვანო მერაბიშვილმა და მთლიანად „სანაცეთმა“ ისეთი, რომ დღემდე შიშით ძრწით და კანკალებთ?! თუმცა, სხვას რას უნდა ველოდოთ?!  ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც მიშასდროინდელი, სამასი ათასი უსამართლოდ  მისჯილი და ყოფილი პატიმრების 90 პროცენტი გასუსული შეჰყურებს ქალაქის სასამართლოსთან მათი ჯალათების მიერ გამართულ უტიფრობას!      

 

 

ყველა ახალი ამბავი
0