რას წერდა ფრანგი მოგზაური შარდენი რუხის ციხის შესახებ

© Софо Какачияრუხის ციხე
რუხის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა

  სოფიო კაკაჩია

 მოგეხსენებათ, ქართულ სოფლებს შორის რუხი — ერთ-ერთი დიდი და ძველი სოფელია, რომელსაც საინტერესო ისტორიული წარსული აქვს.

 სოფელი რუხი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 100მ. სიმაღლეზე მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს, ციხეს გარს უვლის 10-12 მ სიმაღლის გალავანი, რუხის ციხის ქვედა ნაწილი 8-10 მ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია გაყვანილი. მნახველის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ციხის შიგნით პატარა  მაღლობზე  აღმართული ციხის ნაწილების გამყოფი მეხუთე კოშკი, რომლიც ძალიან მაღალია, ეტყობა, რომ მრავალსართულიანი ყოფილა, მაგრამ ეს სართულები დღეს  ჩამოქცეულია. იგი ნაგებია რიყის ქვებით, რომელიც იქვე, მდინარე ენგურის ნაპირზე მოიპოვებოდა, საშენი მასალის ქვის — შემაკავშირებელ მასალად გამოყენებულია კირქვის გამოწვით მიღებული „დუღაბი“, რომლის დამზადების ტექნოლოგია ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად იცის.  ცნობილია, რომ ალყის დროს ციხეს ამარაგებდა წყაროს წყალი, რომელსაც მოსახლეობა „ოძილეს“ ეძახის. იგი ციხის დასავლეთით კედლიდან გამოდის  და რუხის წყალს უერთდება. ადგილობრივი მოსახლეობა საინტერესო ფაქტის შესახებ გვიყვება: გვიან შემოდგომით მდინარე ენგურიდან და რუხის წყლიდან ამოდიან თევზები და მთელ ზამთარს ციხის კედლის შიგნით „ოძილეს“ წყალში ატარებენ, ანუ იძინებენ. შეიძლება აქედან მომდინარეობდეს სწორედ მდინარის  მეგრული  სახელწოდება  „ოძილე“,  რაც ქართულ თარგმანში „საძილეს“  ნიშნავს.

 ისტორიკოსი გოგი თოდუა: 

 —ბატონო გოგი,  რუხის ციხე-სიმაგრე, რომელიც მდინარე ენგურის ნაპირას მდებარეობს, გადმოცემის მიხედვით 1647 წელს ააშენა ლევან დადიანმა. ის არა ერთი სასტიკი  ომის მომსწრე გამხდარა… 

 —მართლაც, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუხის ციხე ერთობ საინტერესო და ღირებულია ისტორიისათვის. მოგეხსენებათ, მე-15 საუკუნეში  საქართველოს სამეფო სამთავროებად იყოფოდა და ფეოდალური ანარქიის მძლავრობის ჟამს ოდიშის სამთვროში რუხის პოლიტიკური მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-16 მე-17საუკუნეებში იწყება მიგრაცია-ექსპანსია და აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ამ პერიოდში   სამეგრელოს მთავრები დიდ ყურადღებას უთმობდნენ სამთავროს საზღვრებსა და მის უსაფრთხოებას, რამაც განაპირობა მთავრის რეზიდენციის დაცვის მიზნით, მდინარე ენგურის ორივე მხარეს თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა. ხოლო მარცხენა სანაპიროზე გადასასვლელი გზის გასაკონტროლებლად ლევან მე-2 დადიანის მიერ დიდი რუხის ციხე-სიმაგრის მშენებლობა დაიწყო.  რუხის ციხე-სიმაგრე არაერთი ბრძოლის მომსწრე გამხდარა. მოგითხრობთ ერთ-ერთი მათგანის შესახებ: 1672 წლის ოქტომბრის ბოლოს, თათრები სამეგრელოს შემოესივნენ. ამ დროს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი სამეგრელოში იტალიელ მისიონერებთან ერთად ცხოვრობდა  და აღმოსავლეთ საქართველოში გადასასვლელად  ემზადებოდა. აი, რას წერდა ჟან შარდენი: „ ყველანი გასახიზნად მოვემზადეთ, შუაღამისას ორჯერ გავიგონეთ ზარბაზნის ხმა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მტერი მოუახლოვდა რუხის ციხეს. თვით ზარბაზნების სროლა ამ ციხიდან ისმოდა, რაკი ხალხმა ეს შეიტყო, დაიწყო გახიზვნა, მიჰქონდათ და მიჰყავდათ ყველაფერი ტყეებში და სიმაგრეებში რისი წაღება და წაყვანა შეეძლოთ“. ამის შემდგეგ შარდენი აღწერს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს და მათი გახიზვნის მძიმე სურათებს, თვითონ მასაც სხვებთან ერთად მოუწია ტყეში რომელიღაც ციხისთვის თავის შეფარება. ოსმალების შემოჭრისას ლევან მე-2 დადიანი რუხის ციხეს აფარებდა თავს, ოსმალების ჯარის უფროსს სამჯერ მიუმართავს წინადადებით ლევანისთვის — დამორჩილებოდა, მაგრამ ლევანი არ დათანხმებულა. შარდენის ცნობით, „ოსმალებმა რუხის ციხის წინ  4 დღე დაჰყვეს, შეიპყრეს 2 000 —ზე მეტი ტყვე, აიღეს დავლა და წავიდნენ. ოსმალებს არტილერია არ ქონდათ და ამან შეუშალა ხელი ციხეზე იერიშის მიტანაში“ 

 -ცნობილია, რომ ეს ციხე-სიმაგრე გერმანელ ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკიც კი ყოფილა,- ამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

 — ისინი ასრულებდნენ ფიზიკურ სამუშაოებს: გაჰყავდათ გზები, ხიდები… ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც დღესაც არსებობს, სწორედ გერმანელ ტყვეთა მიერ არის აშენებული. მათი საკონცენტრაციო ბანაკი ყოფილა რუხის ციხე-სიმაგრე, თქვენ ხედავ რომ ორი გასასვლელი აქვს ამ ციხეს — ერთი გვიან  არის გაჭრილი. ციხეს მხოლოდ ერთი გასასვლელი ჰქონდა მაშინ, რათა თავიდან აეცილებინათ იგივე ტყვეთა „გაქცევა“. ტყვეები რუხის თემში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ეხმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას ანუ დღიურ საშოვარზე დადიოდნენ და მოსახლეობაც მათ კარგად ექცეოდა. ასევე ცნობილია, რომ მათი გარდაცვალების ძირითადი მიზეზი იყო ავადმყოფობა, შიმშილი და მშენებლობისას უბედური შემთხვევებიც კი. აქ, რუხის ციხის ეზოს გარეთ 2001 წელს, მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი და ტყვეობაში გარდაცვლილი გერმანელ ჯარისკაცთა მემორიალი მოეწყო.

 შეგახსენებთ, რომ ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სეზონის ნებისმიერ დროს რუხის ციხე- სიმაგრეს დამთვალიერებლები უცხოეთიდანაც მრავლად ჰყავს.


ყველა ახალი ამბავი
0