თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა წამოაყენა.
საქართველოს პარლამენტმა დავით საგანელიძეს, მას შემდეგ რაც იგი სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, 30 სექტემბერს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
„პოლიტსაბჭომ განიხილა ჩემი კანდიდატურა… შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ერთხმად დაუჭირა მხარი ჩემს წარდგენას ლიდერის თანამდებობაზე. ახლა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაღა დარჩა. საკითხი პირველივე შეხვედრაზე გადაწყდება საბოლოოდ“, — განუცხადა კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს.
განათლებით ისტორიკოს ზვიად კვაჭანტირაძეს დღეს საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია.
კვაჭანტირაძე 1996 წელს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მრჩევლად მუშაობდა. 1996-2000 წლებში ის საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2000 წლიდან 2004 წლამდე პროექტ „ტრასეკას“ აღმასრულებელი მდივანი გახლდათ. 2004 წლიდან 2009 წლამდე კვაჭანტირაძეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამმართველოს უფროსისა და გენერალური კონსულის თანამდებობები ეკავა.