მართლმადიდებლური კინოს საიუბილეო ფესტივალი საქართველოში

© Нино Цхоидзеმართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი
მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ცხოიძე

  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-დარბაზი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, განსაკუთრებულად მისადაგებული აღმოჩნდა სტუდია „მეოხის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფესტივალისათვის, რომელიც 10 წლის განმავლობაში, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისის კინოს სახლში ტარდებოდა.

 დარბაზში შემოსული მაყურებლები, პირველ რიგში, ხაზს უსვამდენ სწორედ ამ ფაქტორს, რომ ფილმების ნახვამდეც ისინი კინოს სამყაროში აღმოჩნდნენ. ფოიეში განთავსებული სტენდებიდან და სუვენირებიდან ძველი კინომატოგრაფიის ლეგენდარული მსახიობები გვიმზერდნენ. როგორც გავარკვიეთ, ეს მუზეუმი, სამწუხაროდ, ფართოდ არ არის ცნობილი. აი, სწორედ ასეთ უჩვეულოდ შესაფერის გარემოში ტარდება წელს, პატრიარქის კურთხევით, 2006 წელს დაფუძნებული მართლმადიდებლური ფილემების საერთაშორისო ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“,  რომლის მონაწილეებიც და ყოველწლიურად, ქართველების გარდა, უცხოეთიდან ჩამოსული კინო, თუ ტელე-რეჟისორები, ჟურნალისტები, სტუდენტები, კერძო  და სასულიერო პირები არიან, რომლებმაც ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებით გადაწყვიტეს.

 ჟიურის ერთი წევრი მაინც — ყოველწლიურად უცხოეთიდან მოწვეული კინორეჟისორიცაა. ამჯერად კი ჟიურში სამი ასეთი წევრია, მათ შორის, ერთი ქართველი მოძღვარი, დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი ლატვიიდან გახლავთ. მის მსგავსად, უკვე მეორედ მონაწილეობს ჟიურის მუშობაში პოლონელი რეჟისორი იეჟი ლუბახი, რომელმაც ორჯერ დაიმსახურა ფესტივალის პრიზი საკუთარი ნამუშევრისათვის. წელს პირველად, ჟიურის წევრად ვიხილეთ თურქეთიდან ჩამოსული, წარმოშობით ლაზი პროდუსერი, ფუნდა ოზიურდი.

      ფესტივალი ტრადიციულად, წარჩინებული და ღვაწლმოსილი ქართველი ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების დაჯილდოვებით იხსნება. წელს მათ რიცხვს კიდევ ოთხი ადამიანის გვარი შეემატა: მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ისეთივე დიდი ქველმოქმედია, როგორიც ხელოვანი;  ელდარ შენგელაია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კინოხელოვნების განვითარებაში, აკადემიკოსი ლეო ბოკერია, რომელმაც უამრავი ადამიანის გულში ჩაიხედა და სიცოცხლე შეუნარჩუნა  და სოფიკო ჭიაურელი - რომლის შემოქმედება მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია. 

 სწორედ ეს ადამიანები დაჯილდოვდნენ წელს ფესტივალის დამაარსებელი სტუდიის „მეოხის“ მიერ დაწესებული მთავარი პრიზით „წმინდა ანდრიას ჯვარი“.

 პაატა ბურჭულაძემ და ელდარ შენგელაიამ, მადლიერების გამოხატვასთან ერთად, ხაზი გაუსვეს ამ ფესტივალისა და პრიზის მნიშვნელობას, რომელიც საამაყოა მათთვის. ნიკუშა შენგელაიამ მადლობა როგორც თავისი, ისე დედის, სოფიკო ჭიაურელის სახელით გადაიხადა. ბატონმა ლეო ბოკერიამ, რომელმაც თბილისში ჩამოსასვლელად ოპერაციები გადადო და ბილეთიც კი ჰქონდა აღებული, ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა, რომ მისთვის განკუთვნილი პრიზი თავად მიეღო. დაჯილდოვების შემდეგ  დარჩა კიდევ ერთი ასეთი მთავარი პრიზი (ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძე), რომელიც 22 ოქტომბერს, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლენილი გამარჯვებული ფილმის ავტორს გადაეცემა. 

© ნინო ცხოიძემართლმადიდებლური კინოს ფესტივალი თბილისში
მართლმადიდებლური კინოს ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური კინოს ფესტივალი თბილისში

 ასევე დაწესებულია, მედლები „წმინდა ანდრიას ჯვარი“ და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ჯილდო „სიგელ-გუჯარი“, რომელიც ტრადიციულად, მაყურებლის სიმპათიასაც გამოხატავს.

 ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იყო რეჟისორ ლევან კიტიას მიერ პაატა ბურჭულაძის იუბილესათვის გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ხმა“; ფოთელი ჟურნალისტის, ირმა კეკელიძისა და ოპერატორ ვლადიმერ ამბალიას დოკუმენტური ფილმი „გულიდან გულამდე“, რომელიც საფუძვლად დაედო აკადემიკოს ლეო ბოკერიას უდიდესი ღვაწლისა და პიროვნების პრიზით შეფასებას. და ბოლოს, მაყურებელმა ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ადამაშვილის ფილმი „მღვდელმონაზონი-იოსებ მოხევე“ იხილა.

 ფესტივალი ყოველდღიურად მაყურებელს სხვადასხვა ჟანრისა და ქრონომეტრაჟის მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და სტუდენტურ ფილმებს სთავაზობს. 20 ოქტომბერს კი სპეციალური ჩვენებით, მაყურებელი ნახავს ცნობილი ესპანელი რეჟისორის, ლუის ბუნიოლის ფილმს „სვიმონი უდაბნოში“, რომელიც მისი დაბადებიდან 115 წლისთავს ეძღვნება.

 შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს, 18 საათზე ფესტივალის ბოლო საკონკურსო ნამუშევრების ჩვენება დაიწყება. ხოლო ფილმების ნახვის შემდეგ გამოცხადდება ჟიურის გადაწყვეტილება და ფესტივალი გამარჯვებულთა დაჯილდოვებით დაიხურება. მაგრამ ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ ამით არ სრულდება, რადგან მას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებიც ელოდებიან.  წინა წლების ტრადიცია თუ გაგრძელდება, მაშინ გამარჯვებული ფილმების ჩვენება საქართველოს ეპარქიებშიც გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0