თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი სკანდალური ვიდეო, რომელიც გასულ უქმეებზე ინტერნეტით გავრცელდა, 2011 წელს არის გადაღებული, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ძალადობის მსხვერპლი ორი ადამიანია, რომლებიც გაიტაცეს და ზუგდიდის რაიონში, ტყეში სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში გადაიყვანეს.
„შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბურიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად ისინი სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ, აღნიშნული პირების „ბოლომდე გატეხვის მიზნით“, მათზე სექსუალურად იძალადეს.
„აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეოკამერით იღებდა კოხტა კოდუა. წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში დამნაშავედ 11 ადამიანი ცნო. კერძოდ, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცადებული, სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლეის უკანონო აღკვეთისთვის დაუსწრებლად მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
საქმის სხვა მონაწილეებს, მათ შორის შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს თავისუფლება სხვადასხვა ვადით — 2-წლისა და სამი თვიდან 9 წლამდე აღეკვეთათ.
სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, რომელსაც ბრალად სექსუალური ძალადობა, წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად.
ბრალდების მხარემ ეს განაჩენი გაასაჩივრა, მოითხოვა რუსლან შამახიას დამნაშავედ აღიარება, ასევე წამებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულთა სასჯელის გამკაცრება.
ამჟამად წამებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
ვიდეოჩანაწერები, რომელიც მთელი საქართველოსთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მახლობლად, რვა კასრში მიწაში ჩამარხული იპოვეს. ეს კასრები, რომლებშიც ასევე საბრძოლო მასალები და ნარკოტიკები იყო, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის საქმეზე გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს. გამოძიება 2013 წლის 15 ივნისს დაიწყო.