თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ნატო პატივს სცემს რუსეთთან არსებულ ხელშეკრულებებს მის საზღვრებთან სამხედრო ბაზების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე. ამის შესახებ მან გამოცემა Defense News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ალიანსი პატივს სცემს რუსეთსა და ნატოს შორის გაფორმებულ ფუძემდებლურ აქტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილ ქვეყნებში ნატოს არანაირი ბაზა არ იარსებებს. თუმცა ეს ხელშეკრულება არ ყოფილა, იყო შეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ალიანსის ერთობის შესანარჩუნებლად, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობა მხარს არ დაუჭერს ნატოს ბაზების განთავსებას რუსეთის საზღვრებთან ახლოს“, — განაცხადა ჰოჯესმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ აშშ-ის სამხედრო ტექნიკის განთავსება ნატოს „აღმოსავლეთ ფლანგზე“ დაარღვევდა რუსეთი-ნატოს 1997 წლის ფუძემდებლური აქტის საკვანძო მუხლს.
ნატოს სამიტზე, რომელიც 2014 წელს უელსში ჩატარდა, მოკავშირეებმა მიიღეს „მზადყოფნის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა“, რომლის მიღების აუცილებლობაც ალიანსმა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარებით დაასაბუთა. გეგმა ითვალისწინებს რეაგირების ძალების მოწინავე ჯგუფის ჩამოყალიბებას, მის მისაღებად, მოსამარაგებლად და სახელმძღვანელოდ ოპერატიული ბაზების შექმნას, და ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების მუდმივ ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან როტაციის საფუძველზე. სწრაფი რეაგირების ძალებში შევლენ: დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები. ჯარებს დიდი ბრიტანეთი უსარდლებს.