თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან, მაკა ჩაჩუასთან ერთად, სახელმწიფო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან. ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის და პირველი ლედის პატივსაცემად ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.
"გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰოლოკოსტის მუზეუმს დაათვალიერებს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. ქვეყნის პირველი პირი „ისრაელის ეროვნულ ბაღში“ ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას, ასევე პატივს მიაგებს თეოდორ ჰერცლის მემორიალს. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს. ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDC-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.