კოტე მარჯანიშვილის „თავისუფალი თეატრი“

© photo: courtesy of archiveკოტე მარჯანიშვილი
კოტე მარჯანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 მანანა ტურიაშვილი

  1910 წლის 11 მარტიდან 1913 წლის იანვრამდე კოტე მარჯანიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრში (МХТ) მუშაობდა, სადაც მონაწილეობდა უ. შექსპირის „ჰამლტის, ფ. დოსტოევსკის რომანის მიხედვით შექმილ „ძმები კარამაზოვების” და ს. იუშკევიჩის „Miserere"-ს დადგმებში. კნუტ ჰამსუნის „ცხოვრების ბრჭყალებში” და ჰენრიკ იბსენის „პერგიუნტი“დამოუკიდებლად განახორციელა.

 სამხატვრო თეატრის სამ თეატრალურ სეზონში, კოტე მარჯანიშვილმა მხოლოდ ხუთ სპექტაკლზე იმუშავა. ორჯერ დადგა სხვა თეატრში — მოსკოვში ა. ს. ვოზნესენსკის უსიტყვო დრამა „ცრემლები“ და თბილისის რუსულ დრამაში ჰ. ფ. ჰოფმანსტალის „ოიდიპოს მეფე.“ ჟივოკინი-მარჯანიშვილი  წერდა: „სამხატვრო თეატრის მკაცრად განსაზღვრული წესის მიხედვით პიესაზე რამდენიმე თვე მუშაობდნენ, რაც კოტეს ხასიათს არ ეთანხმებოდა, ის ითრგუნებოდა და გულდაწყვეტით ამბობდა, რომ ამ დროში ათამდე სპექტაკლს დადგამდა“.

 ერთ დღეს, შემთხვევითობის წყალობით, „თავისუფალი თეატრის“ ფუნდამენტში პირველი აგური დადეს. ფიქრებში გართულ კოტე მარჯანიშვილს რამდენჯერმე დაუძახეს, მაგრამ ის მაშინ გამოფხიზლდა, როცა ვიღაცამ სიცილით ხელი მოჰკიდა და შეწუხების მიზეზი ჰკითხა. ეს იყო მხიარული, სიცოცხლით აღსავსე ლიოლია  -კოტესა და მისი დების ბავშვობის მეგობარი, შორეული ნათესავი გვარად ჭავჭავაძე, მდიდარი მემამულის ვ. სუხოდოლსკის მეუღლე. ელენე ჭავაჭავაძე მარჯანიშვილის შემოქმედებას თვალყურს ადევნებდა. როცა კ. მარჯანიშვილის ამბავი მოისმინა, ჰკითხა — ოპერეტის თეატრს ხომ არ უხელმძღვანელებდა. თან განუმარტა, რომ მის ქმარს ძალიან უყვარს ოპერეტა და წარმოდგენებზე ხშირად დადის. თუმც ოპერეტების შაბლონური დადგმები არ მოსწონს, —აღზიანებს კიდეც. „თუ კოტე დადგამდა, უეჭველად საინტერესო გამოვიდოდა“. ქმარი ამ საქმისთვის სიამოვნებით მისცემს ფულს. „თუ თანახმა ხარ, ხვალ ტელეფონით დარეკე.“,,ეს იმდენად უცნაური იყო, რომ  ჩვენ ხუმრობა გვეგონა, მაგრამ მაინც ვფიქრობდით იქნებ და ეს სიმართლეა?“ მეორე დილით კოტე მარჯანიშვილმა დაურეკა ელენე ჭავჭავაძეს, რომელმაც მოსალაპარაკებლად ქმართან მისვლა სთხოვა. იმავე დღეს გადაწყდა, რომ მოსკოვში გაიხსნებოდა თეატრი, რომელიც საუკეთესო მსახიობთა ძალებით მაღალმხატვრულ ოპერეტას შექმნიდა. ფულს მისცემდა ვ. პ. სუხოდოლსკი, საქმეს კი,  კ. ა. მარჯანიშვილი უხელმძღვანელებდა.

 ამ ისტორიას მარჯანიშვილის შემოქმედების მკვლევარი გ. კრიჟიცკი განსხვავებულად იწყებს: მარჯანიშვილმა მოსინჯა ყველა ჟანრი: დრამა, ოპერეტა, ტრაგედია, მიმოდრამა….და ამ ჟანრების გაერთიანების იდეით უნდოდა შეექმნა თეატრი და მასში ოპერას შეენაცვლება პანტომიმა, დრამას ოპერეტა ანუ შეექმნა სინთეზური თეატრი, სადაც მსახიობები იმღერებდნენ, ითამაშებდნენ, იცეკვებდნენ და მიმებიც იქნებოდნენ. ამ გეგმით გაიტაცა თეატრალურ საქმეში გამოუცდელი, მაგრამ სახელისმოხვეჭის პერსპექტივით მოხიბლული, კალუგის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, მილიონერი ნათესავი ვ.პ. სუხოდოლსკი. სუხოდოლსკიმ და მარჯანიშვილმა ხელშეკრულება დადეს, რის მიხედვითაც „თავისუფალი თეატრისთვის“ სუხოდოლსკი ოთხი წლის ვადით კარეტნი რიადში, შჩუკინის „ერმიტაჟის“ შენობას იქირავებდა. ასე, მაგალითად, ოთხი წლით არენდით აღებული სხვისი შენობის რემონტისთვის მან 200.000 მანეთი დახარჯა ანუ თანხა, რომელიც იმ დროს ახალი თეატრის აშენებას ეყოფოდა“.

 თეატრი გადააკეთეს. მოაწყეს მაშინდელი რუსეთისთვის ჯერ კიდევ  ახალი — მბრუნავი სცენა, შესანიშნავი განათება რამპის გარეშე — ესეც სიახლე იყო. ორკესტრი სცენის ქვეშ განათავსეს საუკეთესო აკუსტიკისთვის განსაკუთრებული მოწყობილობებით- ესეც სიახლე იყო. უცხოეთიდან გამოიწერეს შესანიშნავი „მზე“, რომელიც ნამდვილი მზის სინათლის ილუზიას ქმნიდა. 

 1913  წლის მთელი ზაფხული მარჯანიშვილი თეატრის საორგანიზაციო საქმეებით დაკავდა. მოელაპარაკა რუს მსახიობებს, მხატვრებს, მუსიკოსებს. მსახიობების მოწვევისას კოტე მარჯანიშვილი უპირატესობას ანიჭებდა მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებდა დრამაში, ოპერეტაში და პანტომიმაში. უზარმაზარი დასი მოიცავდა საოპერო მომღერლებს, დრამის მსახიობებს, დიდ გუნდს, ბალეტის მრავალრიცხოვან მსახიობებს. მსახიობების გარდა კოტე მარჯანიშვილმა „თავისუფალ თეატრში“ მიიწვია: რეჟისორები, დირიჟორები და კომპოზიტორები. თეატრს ჰყავდა მუსიკალური ნაწილის გამგე, სამხატვრო ნაწილის გამგე, ლიტერატურული ნაწილის გამგე, ბალეტმაისტერი, პლასტიკისა დ არიტმიკის პედაგოგი.

 ორკესტრის წევრების უმეტესობა პრაღიდან მიიწვიეს. თავდაპირველად ორკესტრში რუსი მუსიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ როცა მოსკოვის ორკესტრანტებმა გაიგეს, რომ თეატრს მდიდარი მეცენატი აფინანსებდა, უსაშველოდ მაღალი ანაზღაურება მოინდომეს. მაშინ მარჯანიშვილმა მოსკოველ მუსიკოსებზე უარი თქვა და სანდო პირი გააგზავნა პრაღაში, რომელმაც ახალგაზრდა ჩეხი მუსიკოსებისაგან ორკესტრი შეკრიბა. ამ სვლით კოტე მარჯანიშვილმა მოსკოველი ორკესტრანტები აიმხედრა. ასე აღმოჩნდა „თავისუფალ თეატრში“ 120 პირველხარისხოვანი ჩეხი მუსიკოსი. ორკესტრის ხელმძღვანელი კ. ს. სარაჯევი იყო. 

 თეატრში სამედიცინო-სანიტარული განყოფილებაც შეიქმნა, რომელსაც ახალგაზრდა ექიმი ნიკოლოზ (კაკო) გამრეკელი ხელმძღვანელობდა. გ. ხარატიშვილის ინფორმაციით: მარჯანიშვილმა „თავისუფალ თეატრში“ მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ქართველი სტუდენტი თანამშრომლად ჩარიცხა და ყოველ თვე ხელფასს უხდიდა. ექიმ კ. გამრეკელის გადმოცემით, „თავისუფალი თეატრის“თანამშრომლებად ირიცხებოდნენ სტუდენტები: გრიშა ჯაფარიძე, ირაკლი ამირეჯიბი, სერგო ვაშაძე, ელენე ყანჩაველი, გიორგი ქურციკიძე, ბაბო გამრეკელი და სხვები. 

 1913  წელს 19 აპრილს (2 მაისი) ფ. შალიაპინი კვიპროსზე გორკის წერს: „მომავალ წელს ჩვენთან, მოსკოვში კიდევ ერთი თეატრი იხსენება, რომელსაც „თავისუფალი თეატრი“ ერქმევა. დიდი ფული იშოვეს, შეკრიბეს უზარმაზარი დასი, მოაწყეს სინჯები, სინჯებზე 1000-მდე ადამიანი იყო. ბოლოს და ბოლოს, ამოირჩიეს ყველაზე ნიჭიერები და ითამაშებენ ყველაფერს, ოპერას, ოპერეტას, კომედიას, დრამას და ტრაგედიას. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ამ წამოწყებას სკეპტიკურად ვუყურებ“. შალიაპინს მიაჩნდა, რომ ამ საქმის დაწყება სკოლის გარეშე გაძნელდებოდა. 

 შეიქმნა კომისია, სინჯები თეატრალურ სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს ჰგავდა. ახალგაზრდა მსახიობებს იმპროვიზაციულ ეტიუდებს სთავაზობდნენ და ისე აფასებდნენ. ამოწმებდნენ რიტმის შეგრძნებას, სმენას და პლასტიკურობას. პრესა წერდა: „ახლადმოსულ მსახიობებს აშინებენ შავი ტარაკნებით, ახლობელი ადამიანების სიკვდილის შეტყობინებით; ბალერინას სიმღერას აიძულებენ, ტრაგიკოსს — ცეკვას, კომიკოსს კი „ჰამლეტიდან“ მონოლოგს აკითხებენ“. მალე სინჯები რეპეტიციებით და გუნდის ვარჯიშებით შეიცვალა. შჩუკინის თეატრის დიდ შენობაში მეცადინეობები ყველგან მიმდინარეობდა. 

 ლ. იურენევას ცნობით: „თავისუფალ თეატრში“ კოტე მარჯანიშვილს უზარმაზარი კაბინეტი ჰქონდა. ოთახის შუაგულში „ჰიპერბოლურ“ საწერ მაგიდაზე გადაფარებული უძვირფასესი, თხელი მწვანე მაუდის კიდეები დაუდევრად ძირს ეშვებოდა. მაგიდაზე დახვავებული იყო ნახაზები, ნახატები. „ყველგან ფანქრების გროვაა, და იმხელა სიდიდის, რომ აქამდე და მის შემდეგაც ცხოვრებაში ერთხელაც არ მინახავს. “მაგიდის ცენტრში მარმარილოს გიგანტური სამელნე იდგა. მის გარშემო, როგორც სამელნის დამატება, დიდ სივრცეზე „მიცოცავდენ“ მძიმე მარმარილოს მტაცებლები: ვეფხვები, ტახები, მარტორქები, ლომები. მათი დაღჭენილი ხახები, ეშვები, ბრჭყალები გემუქრებოდნენ, მაშინ როცა კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მაგიდასთან, უზარმაზარ სავარძელში მშვიდად ჩაძირულიყო. ამ უზარმაზარ საგნებში ის ძალზე პატარად გეჩვენებოდათ. 

 „თავისუფალი თეატრის“ კულისების ატმოსფერო ოპერეტის თეატრისაგან განსხვავდებოდა: ყველგან გამეფებული იყო სიჩუმე, სისუფთავე, უჩვეულო თავაზიანობა და  ნებისმიერი სამუშაოსადმი ყურადღება.  ნ. მონახოვი წერდა: „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს გატყავებული, ცუდად გაწყობილი ოთახიდან მშვენიერ, მყუდრო, კომფორტულ სასტუმრო ოთახში მოვხვდი.“ ასეთ ატმოსფეროში მუშაობა ნამდვილი სიამოვნება იყო-არც შური, არც ინტრიგები, არც ჭორები. თითოეულის წარმატებას თუ მარცხს მთელი კოლექტივი იზიარებდა. 

 1913 წლის 3 ივლისს, დილით, ორკესტრის რეპეტიცია დაიწყო, მეცადინეობები პლასტიკაში და რიტმიკულ ვარჯიშებში, რეპეტიციები და პარტიების შესწავლა. რამდენიმე სპექტაკლის რეპეტიცია ერთდროულად ტარდებოდა. სპექტაკლისთვის ორ შემადგენლობას ამზადებდნენ. დუბლიორებთან და ძირითად შემსრულებლებთან ერთნაირად მუშაობდნენ. 

 თეატრის ოფიციალურ გახსნამდე თვე-ნახევრით ადრე „სოროჩინის ბაზრობის“ შავ რეპეტიციებს ფ. შალიაპინი და მხატვარი კ. კოროვინი ესწრებოდნენ. შალიაპინი ცალკეული სცენებისა და სპექტაკლის დეტალების განხილვაში მონაწილეობდა, ზოგიერთ შემსრულებელთან როლების დამუშავებაზე და ინტერპრეტაციაზე ისაუბრა. მან თავისი „რემარკების“ დასამტკიცებლად იმღერა ჩერევიკის („სოროჩინის ბაზრობის“პერსონაჟი) ერთ-ერთი არია. რეპეტიციის მონაწილეთა თხოვნით შალიაპინმა შეასრულა დონ  ბაზილიოს არია იტალიურად და სიმღერა «Помню, я еще молодушкой была» თავისი აკომპანიმენტით. 

 უზარმაზარ თეთრ ფურცლებზე იბეჭდებოდა თეატრის ერთკვირიანი,,სავარაუდო სამუშაო განრიგი“ და კოლექტივის ყოველ წევრს ურიგდებოდა. ამ თავისებურ „სამახსოვროებში“ თეატრის სხვადასხვა სახის სამუშაო აღინუსხებოდა: რეპეტიციები, სპექტაკლები, პრემიერები, დასის საერთო შეკრებები და სხვა და სხვა… 

 თეატრში შემოსული მაყურებელი ვესტიბულის და დერეფნების ატმოსფეროთი — გაოცებული, მქრქალი, მშვიდი განათებით მოხიბლული დარბაზში შედიოდა. სპექტაკლის დაწყებას იუწყებოდა ნელ-ნელა მიმქრალი შუქი და არა ზარი. მაყურებელთა დარბაზი იყო სადა, მოხერხებული სავარძლებით, რომელშიც მშვიდად შეგეძლოთ დაჯდომა — მეზობელს ვერ წამოედებოდი. დარბაზს ამკობდა ფარდა, რომელზეც გამოხატული იყო კ. სომოვის ესკიზის მიხედვით შექმნილი აბრეშუმის სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან დამზადებული აპლიკაციური ნამუშევარი. ამ ფარდაზე, სამი თვე 40-50  მქარგველი ქალი მუშაობდა. („თავისუფალი თეატრის“დახურვის შემდეგ ეს ფარდა ვ. სუხოდოლსკის დარჩა, რომელიც  მას 1917 წელს სხვა ქონებასთან ერთად ნაციონალიზაციის წესით ჩამოართვეს. მოგვიანებით, ფარდა მოსკოვის ქალაქის საბჭოს აღმასკომის დადგენილებით საქართველოს თეატრალურ მუზეუმს გადასცეს.) 

 მაყურებელი სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოდიოდა, რათა მშვიდად დაეთვალიერებინა სომოვის ფარდა. როცა ეს ფარდა აიწეოდა, მის უკან მეორე, მშვიდი ფერის, გლუვი მაუდის ფარდა ეკიდა:,,ყოველ აქტში ეს ფარდა გაიწეოდა ხოლმე, ხოლო სომოვის ფარდა კიდევ ერთხელს პექტაკლის ბოლოს ეშვებოდა".

„თავისუფალ  თეატრში“ ვარაუდობდნენ მრავალი ნაწარმოებების დადგმას, მაგრამ მხოლოდ ხუთი სპექტაკლის დადგმა მოასწრეს.

 

 

P.S.  წერილში გაერთიანებულია კ. მარჯანიშვილის შემოქმედებაზე არსებულ ლიტერატურაში წარმოდგენილი ინფორმაცია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0