სალომე გურგენიძე
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობა, რომელშიც ის მუშაობს, მანამდე არ არსებობდა. მუშაობს ყველნაირი, ხანდახან აბსურდული მასალითაც კი, რაც შეიძლება წარმოიდგინოს, ან ვერ წარმოიდგინოს ადამიანმა. მისი ნამუშევრების გამოფენა ამერიკაში წარმატებული აღმოჩნდა. მას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი სტუმარია ხელოვანი ნატალია კლდიაშვილი.
- ნატალია, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ პატარა იყავით, როცა ხატვა დაიწყეთ. შემდეგ კი სხვა ინტერესებმაც იჩინა თავი…
- ბავშვობა როგორც ყოველთვის გამორჩეული დროა ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ეს პერიოდი. ჩემს ბავშვობაში ყველაფერი ლამაზი და ზღაპრული იყო და არანაირი პრობლემა არ მქონდა და ყველა საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდით იყო.
-შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეთ. თქვენი ნიჭი აკადემიურმა განათლებამ უფრო გაარღმავა, თუ როგორც ზოგიერთები თვლიან, გარკვეულ ჩარჩოებში მოგაქციათ?
-აკადემიამ არანაირ ჩარჩოებში არ მომაქცია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი ცოდნა გააღმავა. იცით, ახლაც და უფრო მაშინაც მთავარი იყო, რომ სანამ ჩააბარებდი სამხატვრო აკადემიაში, კარგი მხატვარი უკვე უნდა ყოფილიყავი…
- ნატალია, გაიხსენეთ თქვენი პირველი ნამუშევარი, რომელმაც აღიარება მოგიტანათ...
- კარგად მახსოვს, ეს იყო მზე, რომელიც იყიდა ერთმა მხატვარმა, დევიდმა. ამბავი ასეთია: გალერეაში ჩემი ნამუშევრები მქონდა გამოფენილი და ადამიანი, რომელიც საქართველოში ნამყოფი 25 წელი არ იყო, დარბაზში შემოსვლისთანავე ჯდება ჩემი ნახატის პირდაპირ და, როცა ჩემი დახატული მზე დაინახა პირდაპირ ჩემთან წამოვიდა. აქედან დაიწყო ჩვენი ნაცნობობა და ამერიკასთან ჩემი ურთიერთობაც… მომავალი და ეს ყველაფერი ჩემმა,,მზემ“ მომიტანა.
-ნატალია, სულ ახლახანს ამერიკაში მოეწყო თქვენი ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
- გამოფენამ ამერიკაში ბრწყინვალედ ჩაიარა. ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო გამოფენამდე და მერეც. ჩემი სახელი იხსენიებოდა იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ამერიკის მხატვართა ელიტაში შედიან: რობერტ ინდიანა, როი ლიხტენშტეინი… გამოფენა მთლიანად დევიდ დათნას დამსახურებაა. მადლობა მას და ჩემს არტ–დირექტორს — ელიზაბეტ ორლოვს. ახალი გამოფენა ამერიკაში 6 ნოემბერსაა დაგეგმილი. თბილისშიც გამოვფენ ჩემს ნამუშევრებს — თემაზე — ''time'' —,,დრო“, რომლის ნაწილიც ფესტივალ,,საჩუქარზეა" წარდგენილი.
-ნატალია, 2012 წელს პირველი პერსონალური გამოფენა გქონდათ. ამან თავდაჯერებულობა შეგმატათ?
-დიახ, შემმატა. ეს გამოფენა ექსპერიმენტული იყო და არ ვიცოდი, მას რა რეაქცია მოჰყვებოდა, როგორ აღიქვამდა ჩემს ნახატებს ხალხი. საერთოდ, რაღაც სიახლეს რომ აკეთებ, რა თქმა უნდა, ნერვიულობ, მაგრამ ხალხმა ისე კარგად მიიღო ჩემი შემოქმედება, რომ მერე მომინდა, უფრო უკეთესი და უკეთესი გამეკეთებინა და ასეც მოხდა.
-შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მიმდინარეობა, რომელსაც თქვენ მისდევთ, მანამდე არ არსებობდა?
-შეიძლება. მე ავიღე ყველაფერი ცოტ-ცოტა: გრაფიკიდან, პოპ-არტიდან, ქანდაკებიდან… და მასალა, რომლითაც ვმუშაობ, გავაერთიანე და ახალი პროდუქტი მივიღე. ასეთი რამ ნამდვილად არავის გაუკეთებია.
—ნატალია, რას უწოდებდით პირობითად ამ მიმდინარეობას, რომელიც ყველაფრის სინთეზია?
-ალბათ ეს არის New Art კედლის ინსტალაცია. სამომავლოდ შეიძლება, ამ მიმდინარეობას სახელი მოეძებნოს და ალბათ ასეც იქნება. არსებობენ კრიტიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც მას სახელს დაარქმევენ.
- რა მასალას იყენებთ მუშაობის დროს?
- ყველაფერს ვამზადებ სხვადასხვა მასალისაგან: პატარა ბისერიდან დაწყებული, ყველანაირი ქვით დამთავრებული, ვიყენებ ვერცხლს, სარკეს, ასევე მოოქროვილ და სპილოს ძვლის დეტალებს; არის ადგილები, რომლებსაც საღებავით ვამუშავებ. მოკლედ, ჩემი ნამუშევრებისთვის რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, და ვერ წარმოიდგინოს — ყველაფერს მაქვს ვიყენებ. ზოგ ნამუშევარში ჩაის ფურცლებიც კი მაქვს გამოყენებული…
—ხომ არ გაიხსენებთ, თქვენი საყვარელი ნამუშევრის შექმნის ამბავს…
- ერთხელ, როცა ზღვიდან ჩამოტანილი მქონდა ფერად-ფერადი კენჭები, მაგიდაზე დავალაგე. ქვები სველი და ისეთი ლამაზი სანახავი იყო, რომ ვიფიქრე, მოდი, ეს ყველაფერი, როგორც არის, ანუ გაშლილ მდგომარეობაში სიბრტყეზე დავაწებო და ასევე გავაშრო- მეთქი. ამ დროს სამზარეულოში ვიყავი და ნელ-ნელა დავიწყე საქმიანობა: თან სამზარეულოში ბრინჯი, წიწიბურა, ჩაი და რაც შეიძლება, რომ იქ მოიძებნოს, ყველაფერს ვიღებდი და ვამატებდი ნამუშევარს. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. აი, ასე გავაკეთე ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა და ყველა გაოცებული უყურებდა. დღეს ჩემგან უკვე არაფერი უკვირთ, ყველას მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ.