ლალი ნოზაძე
ორჰან შარდაღი — ბერიძე თურქეთში მცხოვრები ქართველია, რომლის წინაპრები წარმოშობით ქედის რაიონის სოფელ წონიარისიდან იყვნენ და საქართველო 1877-1878 რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დატოვეს. ბატონმა ორჰანმა ბავშვობა და ახალგაზრდობა მშობლებთან ერთად ბულანჯაღის რაიონის ქართულ სოფელ დამუდერეში გაატარა. ამჟამად კი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად სტამბოლში ცხოვრობს. ჩვენი საუბარის თემა მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ქართველების სამშობლოს მონატრების უსაზღვრო ტკივილი იყო. თუმცა ჩვენს რესპოდენტს არც ის წარმატებული ღონისძიებები და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები დავიწყებია, რომელიც ჩვენსა და საზღვრის მიღმა დარჩენილი თანამემამულეების დასაახლოვებლად ტარდება და უმნიშვნელოვანესია.
—ბატონო ორჰან, რა სპეციალობის ხართ და რას საქმიანობთ?
— ქალაქ გირესუნში ლიცეუმის ორი კლასი დავხურე, შარშანწინ კი — დაუსწრებლად დავამთავრე სტამბოლში. ამჟამად უნივერსიტეტში მედია კავშირის განყოფილებაზე ვსწავლობ ანუ, სტუდენტი ვარ. 25 წელი სტამბულის მერიაში ვიმუშავე. სპეციალობით თარჯიმანი ვარ.
-როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები, რამდენად შეინარჩუნეთ ადათ-წესები და ქართველობა?
—საქართველოზე მამაჩემისგან ვიცოდი გადმოცემით. წარმოიდგინეთ, რომ მასაც არ ენახა სამშობლო, მაგრამ სულ ენატრებოდა და ცრემლმორეული საუბრობდა მასზე. ყველა ჩვენებური ასე იყო. ამაზე ბევრის მოყოლა შეიძლება. გავიხსენებ ჩვენებურებში გავრცელებულ სიმღერას, სადაც ისინი თავს „შეფრენილ ფუტკარს ადარებენ“. როგორც პროფესორი შუშანა ფუტკარაძე ამბობს, სკა რომ გამრავლდება და ახალი ოჯახი გამოიყოფა, იმაზე იტყვიან, სკამ მართვე გამოუშვაო. მართვე (ფუტკრის ახალი ოჯახი) ზოგჯერ წინასწარ გამზადებულ ახალ სკაში არ შედის და სადმე სხვაგან დაიბუდებს, სხვაგან შეფრინდება. აი, ასეთი დედა სკიდან გამოსულ მართვეს (ფუტკარს) ადარებენ თავიანთ თავს, იმ მართვეს (ფუტკარს), რომელსაც გზა დაებნა და სხვა ქვეყანაში შეფრინდა, სხვაგან დაიდო ბინაო. ჩვენ ძველებსაც ამაზე სიმღერა „„შეფრენილო ფუტკარო,“ მუგონებიათ:
„შეფრენილო ფუტკარო, წადი, მაკანს უთხარო:
—შენ ქართველი შვილი ხარ, შვილო, მოდი ჩემთანა…
ერთიც ამდონი ხანია, სულაც არ გიმიხარია…
ჩემი დერდები მგონე, სიმღერები მევგონე,,,
შორ დიგვირჩა მემლექეთი, ღმერთო, მეგვე ბერექეთი…
შეფრენილო ფუტკარო, წადი, მაკანს უთხარო:
—შენ ქართველი შვილი ხარ, შვილო, მოდი ჩემთანა„...
—საინტერესოა აგრეთვე სიმღერა „თეთრო მამალო“. სიმღერის ტექსტი ალეგორიულია. ჩვენებურები ლექსის შინაარსს ასე ხსნიან: „თეთრი მამალი“ არის სამშობლოზე ფიქრისა და ოცნების ალეგორიული სახე. „ლამაზი ქალი“ კი, მუჰაჯირთა შთამომავლების სიმბოლოა… დრო გასულა სამშობლოდან გადმოხვეწის შემდეგ, ჩვენებურები შეგუებიან ბედის ტრიალს, აღარ ფიქრობენ უკან დაბრუნებაზე, ამიტომაც აღარ ყივის თეთრი მამალი. ადრე თუ მუჰაჯირი ქალები თვალებში ცრემლებჩამდგარი იგონებდნენ გურჯისტანს, ახლანდელი ქალები აღარ ტირიან, ახალ სამშობლოში გაუჩენიათ კერა და დღენიადაგ მას ევლებიან თავს. „ღელე გაღმაში“ — მიტოვებულ სამშობლოშიც — ბევრი რამ შეცვლილა, ძველები წასულან წუთისოფლიდან, ახალგაზრდები მოსულან მათ ადგილას. ე.ი. ლექსში სამი ალეგორიული სახეა: „თეთრი მამალი“, „ლამაზი ქალი“ და „ღელე გაღმა“. აი, ეს სიმღერაც:
„თეთრო მამალო, რატომ არ ყივი,
ლამაზო ქალო, რატომ არ ტირი?
შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე…
შენი თვალ-წარბი მე შიმიცვალე…
ღელე გაღმაში ჩვენი სახლები,
მოკდენ ძველები, დარჩენ ახლები…
შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე…
შენი თვალ-წარბი მე შიმიცვალე“…
-თუმცა, ბატონო ორჰან, რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე წელია, რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჩვენი თანამემამულეების ძალისხმევით ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა, რაც სამშობლოსთან უფრო მეტად დაახლოების საშუალებას იძლევა.
—მართალი ბრძანდებით, რამდენიმე ქართული საზოგადოება გვაქვს სტამბულში. აქ ქართულ ენას და ცეკვებს ვასწავლით. ვატარებთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და კონფერენციებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა დედა ენის დღე, ვეფხისტყაოსნი და სხვა. მე, თვითონ ქართული წერა-კითხვა 45 წლის ასაკში სტამბოლის ქართულ ასოციაციაში ვისწავლე. ახლა კი მე ვასწავლი სხვებს. შარშან, თურქეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, 2015 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, სკოლებში შესაძლებელი იქნებოდა ქართული ენის სწავლა. და აი, ახლახანს ქალაქ მურგულის სკოლაში პირველი ქართული ენის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთი საინტერესო კანონი მიიღეს, კერძოდ, იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც უცხო ენაში სახელმწიფო გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასს მოუმატებენ. ამ ენათა სიაში ქართულიც შევიდა. ესეც დამატებითი მოტივაციაა ქართული ენის შესასწავლად.
—ალბათ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
-თურქეთის ტერიტორის ორი მესამედზე, 30-ზე მეტი ქალაქში მუჰაჯირი ქართველები ცხოვრობენ. ჩვენ ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ვითვლებოდით და ასეა დღესაც. ნამდვილად მეამაყება, რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. ამის დასტურად გენიალური „ვეფხისტყაოსანიც“ კმარა. მე ვარ რუსთაველის გამცოცხლებელი თურქეთში. რამდენიმე თურქულ არხზე და სხვადასხვა კონფერენციებზე გამოსვლისას ვისაუბრე „ვეფხისტყაოსანზე“, როგორც მსოფლიო შედევრზე. ავღნიშნე, რომ ის 60 ენაზეა ნათარგმნი და თურქეთის მთავრობას მივმართე თხოვნით, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტს რუსთაველის სახელი მიანიჭოს და გაიხსნას „ვეფხისტყაოსნის“ შემსწავლელი კათედრა. ასევე, რამდენჯერმე მივმართე თურქეთის ტელევიზიებს თხოვნით, რომ ქართული ფილმები და სერიალები მასიურად ჩართონ სატელევიზიო პროგრამაში.
-ბატონო ორჰან, რა იქნება თქვენი გზავნილი საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობის მიმართ?
- თურქეთში მცხოვრები ქართველები მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ქართველ და-ძმებთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო. ქართველობა ჩვენი ქოლგაა. ძალიან გვახარებს ისიც, რომ საქართველო ჩვენი ამჟამინდელი სამშობლოს, თურქეთის, კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დავიბადეთ, სხვადასხვა კულტურის წიაღში გავიზარდეთ და სხვადასხვა მენტალიტეტის მატარებლნი ვართ. ესეც ნორმალურია. ჩვენ, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად ტოლერანტული უნდა ვიყოთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ. პატივი უნდა ვცეთ თითოეული ადამიანის აღმსარებლობას. ისტორია მეტყველებს, თუ რაოდენ ხელს უწყობს ხალხთა ურთიერთობებს სინაგოგის, მეჩეთისა და ეკლესიის გვერდიგვერდ აშენება. თურქეთში, განსაკუთრებით სტამბოლში, ყოველ წელს საქართველოდან ბევრი ადამიანი ჩამოდის. ამ ადამიანთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ქართულ ენაზე მოისმინონ წირვა–ლოცვა, ამიტომ მათთვის საჭიროა, სამლოცველოს დაარსება. ასევე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ძველ ქართულ ეკლესიებში უნდა აღდგეს ქართული ღვთისმსახურება. ჩვენ მრავალფეროვანი, მდიდარი კულტურის მქონე ერი ვართ და ამ საკითხში მათ უნდა დავეხმაროთ. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და მთელი კავკასია რელიგიურად და ეთნიკურად მრავალფეროვანია. ვისაც არ სურს მშვიდობა, ისინი ამ მრავალფეროვნებით ცუდად მანიპულირებენ. ბოლო წლებში, საქართველოს მუსლიმურ თემთან დაკავშირებული რელიგიური პრობლემები ჩვენ, თურეთში მცხოვრებ ქართველებს ძალიან გვაწუხებს. ისიც ვიცით, რომ ეს მოვლენები პროვაკაციაა და საქართველოს ეკლესია, ნამდვილი მორწმუნე ადამიანები გმობენ ამას და პირიქით, პრობლემების მოგვარებაში მეგობრული წვლილიც შეაქვთ. თურქულ არქივებში საქართველოს შესახებ ბევრი დოკუმენტი, ქართველი მეფეების მიერ თურქეთის მეფეებისადმი მიწერილი წერილები, ქართული სახელმწიფო დროშები და ბეჭდები ინახება. ამათგან, ზოგი ქართულადაა დაწერილი, ზოგიც-ოსმალური ალფავიტითაა შედგენილი. მთავრობამ მეცნიერებს კვლევისათვის ფინანსური დახმარება უნდა გაუწიოს. თურქეთი ჩემი ახლანდელი სამშობლოა. საქართველო კი — ჩვენი ფესვები, ჩვენი ისტორიული სამშობლოა. ვისურვებდი, მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ქართველს ორმაგი მოქალაქეობის უფლება მიეცეს. ჩვენში ხომ ქართული სისხლი და გენია, საქართველოს სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებთ. რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. ბოლო წლებში დიდად გვახარებს საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ურთიერთობა თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურ ქართველებთან. გვსურს, საქართველოს აღმშენებლობის საქმეში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ…